weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ადვოკატი აპირებს მიხეილ სააკაშვილისთვის 1 წლით სასჯელის გადავადება მოითხოვოს

16:08 სამშაბათი, 30 აგვისტო 2022
ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე

სასამართლოსგან საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სასჯელის გადავადებას ერთი წლის ვადით მოითხოვენ. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა.

„საქართველოს სასამართლო პრაქტიკისა და სტრასბურგის სასამართლო პრაქტიკით ეს არის ერთწლიანი ვადა“, – განაცხადა ხაჭაპურიძემ „კლინიკა ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ.

ადვოკატის თქმით, მიხეილ სააკაშვილი ძალიან დასუსტებულია და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ პოზიციას საერთაშორისო ექსპერტები საკუთარ დასკვნაში დააფიქსირებენ.

დღესვე შალვა ხაჭაპურიძე გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის განცხადებას, რომ შესაძლოა, ყოფილ პრეზიდენტს დამოუკიდებელი ექსპერტიზა ჩაუტარდეს.

„ბატონ რატის, როგორც იურისტს, დიდ პატივს ვცემ. თანაქალაქელები ვართ - ქუთაისს ვგულისხმობ, მაგრამ მან ძალიან კარგად იცის ტერმინი „საქმის გაჭიანურება“. ეს ამჟამად ემსახურება მხოლოდ გაჭიანურებას. ამას რომ არ ჰქონდეს ადგილი, ვთავაზობ გამოსავალს: ახლავე შეუძლიათ ამ საექსპერტო ჯგუფში ჩართონ თავიანთი ჯგუფები - იქნება ეს სამხარაული თუ სხვა რომელიმე კერძო ექსპერტიზა.

საქმის გაჭიანურება დაკავშირებულია ამ ადამიანის სიცოცხლესთან და ჯანმრთელობის კიდევ უფრო გაუარესებასთან. ამიტომ ჰუმანურად რომ მოვიქცეთ, რომ მოვიქცეთ პროცესუალურად კანონის ჩარჩოებში, ახლავე ვთავაზობთ, რომ მიიღონ მონაწილეობა. ჩვენ ღია ვართ. ერთადერთი თხოვნა გვაქვს, რომ საქმე არ უნდა გაჭიანურდეს“, – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისს გადაიყვანეს და ამ დრომდე იქ რჩება. როგორც კლინიკაში აცხადებდნენ, საკვების არასრულფასოვანი მიღების შედეგად შესაძლო გართულებების თავიდან აცილების მიზნით, მას ლაბორატორიული მონიტორინგი და სხვადასხვა კვლევა უტარდებოდა. ოჯახის წევრები სააკაშვილისთვის სასჯელის მოხდის გადავადებას და მკურნალობის მიზნით საზღვარგარეთ გადაყვანას ითხოვენ.

ახლა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნას ამზადებენ ცენტრი „ემპათია“ და უცხოელი ექსპერტები – ამერიკელი ექიმი ფსიქიატრი და გაეროში აკრედიტებული შვეიცარიელი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი.

საქართველოს კანონმდებლობით, სასამართლო განაჩენის აღსრულების გადავადების საკითხს განიხილავს მსჯავრდებულის, მისი ადვოკატის, კანონიერი წარმომადგენლის ან სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის შუამდგომლობით. მოსამართლის განჩინებით განაჩენის აღსრულება შეიძლება გადავადდეს თუ მსჯავრდებული დაავადებულია მძიმე ავადმყოფობით, რაც ხელს უშლის სასჯელის მოხდას – მის გამოჯანმრთელებამდე ან ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებითად გაუმჯობესებამდე.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, სამშობლოში 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის პირველ ოქტომბერს თბილისში დააკავეს. უზენაესი სასამართლოს მიერ მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ არის ცნობილი ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე და სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე გასამართლებულ პირთა წინასწარი შეთანხმებით შეწყალების ეპიზოდში და სასჯელის ზომად 6 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი. გარდა ამისა, იგი ბრალდებულია სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთისთვის, 7 ნოემბრის აქციის დარბევის საქმეზე და ასევე, ე.წ. პიჯაკების საქმეზე. ამ სამეებზე სასამართლო პროცესები ჯერ არ დასრულებულა.

დაკავების დღიდან მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა, რადგან თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემდეგ, მისი მოთხოვნა რუსთავის N12 პენიტენციური დაწესებულებიდან სამოქალაქო ტიპის მულტიფუნქციურ საავადმყოფოში გადაყვანა იყო, თუმცა 8 ნოემბერს, რუსთავის ციხიდან მოტყუებით გლდანის N18 მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში 19 ნოემბერს, შიმშილობის 50-ე დღეს მოათავსეს. მას შემდეგ ექსპრეზიდენტმა შიმშილობა შეწყვიტა. დეკემბრის ბოლოს ის კვლავ რუსთავის ციხეში დააბრუნეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]