weather cur horoscope tv
დეკემბერი 21, 2024

პრეზიდენტმა მთავრობას გაეროში ელჩად დავით ბაქრაძის დანიშვნაზე თანხმობა მისცა

18:34 ოთხშაბათი, 31 აგვისტო 2022

პრეზიდენტმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში (UN) საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად დავით ბაქრაძის დანიშვნის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა. სალომე ზურაბიშვილი ბაქრაძის დანიშვნის თაობაზე მთავრობის წარდგინებას არ აკმაყოფილებდა, რადგან აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე მისი საქმიანობით უკმაყოფილო იყო.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია სულავამ განაცხადა, რომ პრეზიდენტმა განკარგულება გუშინ, 30 აგვისტოს გამოსცა.

„საქართველოს პრეზიდენტის მიერ ბატონი დავით ბაქრაძის ამერიკის შეერთებულ შტატებში გაწეული საქმიანობის უარყოფითი შეფასება კვლავ ძალაშია. აქედან გამომდინარ, მისი დანიშვნა გაეროში მუდმივ წარმომადგენლად მაშინ, როდესაც მიმდინარეობს ომი ჩვენს მეზობელ და მეგობარ ქვეყანაში, საქართველოს პრეზიდენტს არ მიაჩნია მიზანშეწონილად.

 ეს პოზიცია პრეზიდენტმა არაერთგზის დააფიქსირა როგორც საჯაროდ, ასევე არაფორმალური კონსულტაციების დროს“, – განაცხადა ნათია სულავამ.

მას შემდეგ, რაც სალომე ზურაბიშვილმა დავით ბაქრაძის დანიშვნაზე უარი თქვა, მთავრობამ საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართა და ელჩების დანიშვნის პროცესში პრეზიდენტის როლის განმარტება მოითხოვა. მთავრობა მიიჩნევს, რომ პრეზიდენტმა დავით ბაქრაძის დანიშვნაზე უარით კონსტიტუცია დაარღვია. საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის წინააღმდეგ მთავრობის სარჩელი განსახილველად ივნისის ბოლოს მიიღო.

„5 წელი ელჩი იყო ამერიკაში, არაფერი გაუკეთებია ჩვენი ურთიერთობებისთვის... ანუ არა მაღალი დონის ორგანიზებული ვიზიტი, არა იქით, არა აქეთ. მე ვერ შევძელი და ელჩს ვთხოვე სანამ ბოლოს არ მითხრა, რომ ეს არ შემიძლიაო... მე ვერ შევძელი მიმელოცა ბაიდენისთვის არჩევნები და ვერც კამალა ჰარისისთვის, ქალი ვიცე-რეზიდენტისთვის. ორივე თხოვნა მქონდა საელჩოს იმით და ვერაფრით მოხერხდა. ელჩი, რომელსაც კონტაქტები არ აქვს, არ დაუწერია არცერთი სტატია, არცერთ ტელევიზიაში არ გამოსულა, ჩემი აზრით და მე ეს არგუმენტები წარვუდგინე, არ უნდა იყოს დანიშნული გაეროში, რომელიც ჩვენთვის ასეთი მნიშვნელოვანია“, – ასე ხსნიდა სალომე ზურაბიშვილი თავის პირვანდელ გადაწყვეტილებას.

დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განმარტეს, რომ სალომე ზურაბიშვილმა, ინაუგურაციის შემდეგ, მთავრობის ყველა ოფიციალური წარდგინება დააკმაყოფილა და 39 ელჩი დანიშნა. ადმინისტრაციის ცნობით, დავით ბაქრაძე 39-ეა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]