weather cur horoscope tv
ნოემბერი 21, 2024

„ქართულმა ოცნებამ“ სენაკის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში კანდიდატი წარადგინა

19:24 ხუთშაბათი, 01 სექტემბერი 2022

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატი ზაზა ყურაშვილი იქნება. არჩევნები 64.04 მაჟორიტარულ ოლქში, რომელიც სოფლებს - თეკლათსა და ჭალადიდს აერთიანებს, პირველ ოქტომბერს არის დანიშნული.

როგორც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ზაზა ყურაშვილი პარტიის ერთგული, აქტიური წევრია და საკუთარ თემში მაღალი ავტორიტეტით სარგებლობს.

„დარწმუნებული ვართ, რომ ის აუცილებლად მოიგებს არჩევნებს, რის შემდეგაც ღირსეულად წარმოადგენს ორივე სოფლის ინტერესებს სენაკის საკრებულოში.

შუალედური არჩევნების შემდეგ, სენაკის მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნება“ ჩამოაყალიბებს მყარ უმრავლესობას, რითაც დასრულდება თითქმის ერთწლიანი საბოტაჟი, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტი პარტია - „საქართველოსთვის“ ტანდემში მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ინტერესების წინააღმდეგ ახორციელებდნენ“, – განაცხადა კობახიძემ.

სენაკის საკრებულოში შუალედური არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც თეკლათისა და ჭალადიდის არჩეულმა მაჟორიტარმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ვახტანგ წურწუმიამ მაისის ბოლოს საკრებულო დატოვა. ოპოზიციური პარტიის ლიდერების განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ დეპუტატზე ზეწოლა განახორციელა და ე.წ. კანონიერი ქურდი მიუგზავნა. ვახტანგ წურწუმიას წასვლით ოპოზიციამ საკრებულოში უმრავლესობა დაკარგა. ამ დროისთვის მმართველ პარტიას და ოპოზიციას თანაბარი – 16-16 მანდატი აქვს.

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“ (ISFED) მიიჩნევს, რომ შუალედური არჩევნების დანიშვნის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის 12 აგვისტოს განკარგულება უნდა გაუქმდეს და რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს.

საკრებულო ბოლოს, რვა თვის წინ, 2021 წლის 17 დეკემბერს შეიკრიბა. ოპოზიციამ სხდომების ჩატარება 9 და 23 თებერვალს სცადა, თუმცა მიღებული გადაწყვეტილები 18 აგვისტოს სასამართლომ ბათილად ცნო.

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით, თუ საკრებულო ზედიზედ 6 თვის განმავლობაში არ შეიკრიბება, მას უფლებამოსილება ვადამდე უწყდება, რაც პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის შემოღების და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის საფუძველია. პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის შემოღების შესახებ გადაწყვეტილებას მთავრობა იღებს.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც“ (საია) მიიჩნევს, რომ სენაკში რიგგარეშე არჩევნები უნდა დაინიშნოს. უფლებადამცველი ორგანიზაცია აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობამ საკუთარი ინიციატივით არ შეასრულა კანონით გათვალისწინებული ვალდებულება და გამოსცა აქტი სენაკის საკრებულოს უფლებამოსილების შეწყვეტილად ცნობის თაობაზე. საია აპირებს, მთავრობის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართოს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]