weather cur horoscope tv
დეკემბერი 21, 2024

კელი დეგნანთან პოლემიკის განვრცობა ჩვენი ქვეყნის იტერესებში არ შედის – ღარიბაშვილი

12:12 პარასკევი, 02 სექტემბერი 2022

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის ელჩის მიმართ „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატების განცხადებებს გამოეხმაურა. ღარიბაშვილის თქმით, საქართველოში გამოხატვის თავისუფლებაა და მისი ყოფილი თანაგუნდელები „კრიტიკულ შეკითხვებს“ სვამენ, თუმცა „ამ პოლემიკის შემდგომი განვრცობა, გაღრმავება და გადაჭარბება“ ქვეყნის იტერესებში არ შედის.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, მისი, როგორც პრემიერ-მინისტრის, როლი არის ის, რომ მაქსიმალურად გააძლიეროს ურთიერთობები ამერიკასთან და ევროკავშირთან.

„ჩვენი ყოფილი თანაგუნდელების კრიტიკაც მოვისმინე, პოლემიკაც მოვისმინე. ზოგადად, მიმაჩნია, რომ ამ პოლემიკის შემდგომი განვრცობა, გაღრმავება და მისი გადაჭარბება, ასე ვთქვათ, არ შედის ჩვენი ქვეყნის იტერესებში. მხლოდ კრიტიკა და ასე ვთქვათ, ამ კრიტიკული კითხვების დასმა, ვფიქრობ, არ არის საკმარისი, არ არის საჭირო.

მინდა ყველას შევახენო, რომ ამერიკას, მას შემდეგ, რაც დამოუკიდებლობა აღვიდგინეთ, ძალიან ბევრი პოზიტიკური პროექტი აქვს განხორციელებული, ძალიან ბევრი დახმარება აქვს გაწეული ჩვენი ქვეყნისთვის არაერთი მიმართულებით.

ასევე მინდა ვთქვა, რომ ყველა სახელმწიფოს და პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ამერიკას, რომელიც ნომერ პირველი და ყველაზე ძლიერი სახელმწიფოა მსოფლიოში, თავისი ინტერესები აქვს ყველა მიმართულებით. ამერიკას ჰყავს თავისი წარმომადგენლები, ელჩი. ჩვენ რა თქმა უნდა, პატივს ვცემთ ამერიკას, მის ყველა წარმომადგენელს და ელჩს, გვაქვს მჭიდრო პარტნიორობა და თანამშრომლობა. აქვე მინდა ვთქვა, რომ ქალბატონი დეგნანი ძალიან აქტიური ელჩია და იგი ჩართულია ყველა იმ პროგრამის განხორციელებაში, რომელსაც ამერიკა ახორციელებს ჩვენს ქვეყანაში.

მინდა ვთქვა, რომ ასეთი პოლემიკით, არ გავაძლიერებთ ჩვენს ურთიერთობებს ამერიკასთან, არამედ დავასუსტებთ. ამიტომ, ჩემი, როგორც პრემიერ-მინისტრის ამოცანა და სურვილია, რომ უფრო მეტად გავაძლიეროთ და გავუფრთხილდეთ ამ ურთიერთობებს.

ზოგადად არ ვარ წინააღმდეგი. რა თქმა უნდა, ყველა კითხვაც უნდა დაისვას, კრიტიკაც მისაღებია ნებისმიერი ადამიანის მხრიდან, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ასეთი პოლემიკის გავრცობა და გადაჭარბება, რა თქმა უნდა, არ იქნება საინტერესო ჩვენი ქვეყნისთვის.

დღეს ჩვენი ქვეყნის წინაშე ძალიან ბევრი გამოწვევაა. ჩვენი ქვეყანა ჯერ კიდევ ოკუპირებულია. ჩვენი ძირძველი ტერიტორიების 20% ოკუპირებულია. რა თქმა უნდა, ამას სჭირდება ძალიან ბევრი მუშაობა, ჩვენ გვჭირდება მშვიდობა, სტაბილურობა, კეთილდღეობა, განვითარება და გაძლიერება ურთიერთიბების. ეს არის ჩემი მთავარი გზავნილი. მინდა კიდევ ერთხელ შევახსენო ჩვენს ყველა თანამოქალაქეს, რომ ჩვენი მთავარი ინტერესი უნდა იყოს ურთიერთობების გაძლიერება და უნდა გავუფრთხილდეთ, მათ შორის, ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობებს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილის ამ განცხადებას წინ უძღოდა პრეზიდენ სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი, სადაც მან თქვა, რომ პრემიერ-მინისტრი, მთავრობა და საპარლამენტო უმრავლესობა უნდა გაემიჯნონ „იმ რაღაც სამეულებს, ოთხეულებს თუ ვიღაცებს, რომლებიც წარმოუდგენელი ტექსტებითა და რიტორიკით გამოდიან“. პრეზიდენტის ეს განცხადება ეხება სოზარ სუბარს, მიხეილ ყაველაშვილს, დიმიტრი ხუნდაძესა და გურამ მაჭარაშვილს, რომლებმაც „ქართული ოცნებიდან“ წასვლის შემდეგ არაერთი ანტიდასავლური განცხადება გააკეთეს. ბოლოს, 26 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში ისინი წერდნენ, რომ ამერიკის საელჩო საქართველოს სუვერენულ ხელისუფლებას ვერ ეგუება და მის გადასატრიალებლად ყველაფერს იკადრებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]