weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

„ხალხის ძალის“ წევრები საზოგადოების „ინფორმირებას“ გააგრძელებენ

15:50 პარასკევი, 02 სექტემბერი 2022
მიხეილ ყაველაშვილი მიხეილ ყაველაშვილი

პარტია „ქართული ოცნებიდან“ წასული პარლამენტარები და მოძრაობა „ხალხის ძალის“ დამფუძნებლები, მიხეილ ყაველაშვილი და გურამ მაჭარაშვილი აცხადებენ, რომ საზოგადოების „ინფორმირების პროცესს“ გაგრძელებენ.

მათ ამ განცხადებას წინ უძღოდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გუშინდელი ინტერვიუ, სადაც მან თქვა, რომ „კელი დეგნანთან პოლემიკის განვრცობა ჩვენი ქვეყნის იტერესებში არ შედის“. მმართველი პარტიიდან წასული დეპუტატები სწორედ აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის კრიტიკით და ანტიდასავლური განცხადებებით გამოირჩევიან.

„ჩვენი განსხვავებულობა სწორედ იმაში მდგომარეობს და იმიტომ გავემიჯნეთ „ქართული ოცნების“ გუნდს, რომ არსებულ სიტუაციასთან დამოკიდებულებაში ჩვენი შეხედულებები განსხვავებულია.

ჩვენ ვართ თანმიმდევრულები ჩვენს გზავნილებში და ჩვენი მთავარი გზავნილი საზოგადოების მიმართ იყო იმ ინფორმაციის მიწოდება და იმ სიმართლის გაცნობა, რომელსაც ჩვენ ვფლობდით. რა თქმა უნდა, მაქსიმალურად ყველაფერზე ვერ ვისაუბრებდით, მაგრამ ის დოზა, რომელიც აუცილებელი იყო, რომ ჩვენს საზოგადოებას სცოდნოდა, სხვადასხვა წერილში ფაქტებით გვქონდა მოყვანილი.

იგივე რეჟიმში გავაგრძელებთ საზოგადოების ინფორმირების ამ პროცესს, ვინაიდან ვთვლით, რომ პროცესი არ შეჩერებულა. რა თქმა უნდა, სხვადასხვა ინფორმაცია სხვადასხვა ინსტიტუციაზე, პოლიტიკოსებზე - ქვეყნის გარეთ თუ მის შიგნით, სხვადასხვანაირად მოქმედებს, თუმცა ჩვენ ხაზს, რომელიც ავირჩიეთ, ის საწყისი ეტაპია“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებთან.

გურამ მაჭარაშვილის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერია და არავის უნდა გაუკვირდეს, მისი განცხადება „ხალხის ძალის“ პოზიციისგან განსხვავებულია.

„ჩვენ სწორედ ამიტომ დავტოვეთ „ქართული ოცნება“. როცა მმართველ პარტიაში ხარ, იქ გარკვეული ტიპის შეზღუდვები და ჩარჩოები გაგაჩნია. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩემი და პრემიერ-მინისტრის, ან ჩემი კოლეგებისა და პრემიერ-მინისტრის განცხადება რომ ერთნაირი ვერ იქნება, ეს აბსოლუტურად გასაგები და მისაღებია...

ჩვენ ამას აუცილებლად გავაგრძელებთ, რადგან, როგორც ჩანს, ამან ძალიან კარგად გაამართლა. მუშაობს ის პრინციპი, რომ საზოგადოებამ თუ იცის სწორი და საჭირო ინფორმაცია, ის ყოველთვის მიიღებს სწორ გადაწყვეტილებებს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

მიხეილ ყაველაშვილი, სოზარ სუბარი და დიმიტრი ხუნდაძე პირველები იყვნენ, ვინც ივნისის ბოლოს „ქართული ოცნებიდან“ წასვლისა და საპარლამენტო თანამდებობების დატოვების შესახებ განაცხადეს. მათი თქმით, სახელისუფლებო პარტიასთან მხოლოდ იმაზე ვერ შეთანხმდნენ, თუ რა დოზით უნდა მიეწოდოს საზოგადოებას „სიმართლე“. პარტიიდან წასვლის შემდეგ დეპუტატებმა არაერთი ანტიდასავლური და ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერი განცხადება გააკეთეს. ივლისის ბოლოს მათ გურამ მაჭარაშვილიც შეუერთდა, რის შემდეგაც „ხალხის ძალა“ დააფუძნეს. საზოგადოებრივ მოძრაობაში საკრებულოებში „ქართული ოცნებიდან“ წასული რამდენიმე დეპუტატიც გაერთიანდა.

26 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში, „ხალხის ძალის“ წევრები წერდნენ, რომ ამერიკის საელჩო საქართველოს სუვერენულ ხელისუფლებას ვერ ეგუება და მის გადასატრიალებლად ყველაფერს იკადრებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]