weather cur horoscope tv
დეკემბერი 21, 2024

რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობა იცვლება – სერგეი შამბა

18:24 სამშაბათი, 06 სექტემბერი 2022

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივანმა, სერგეი შამბამ ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის მოწინააღმდეგეებს მიმართა, გაითვალისწინონ, რომ „რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობა იცვლება“.

ამ კონტექსტში შამბამ ახსენა ქვეშეთი-კობის მშენებარე გზა, რომლის დასრულება 2024 წლისთვის იგეგმება და საქართველო-რუსეთის დამაკავშირებელი საერთაშორისო მნიშვნელობის გზის ნაწილი გახდება.

„ვითარებას საერთო კონტექსტში უნდა შევხედოთ, იმასთან კავშირში, რაც დღეს მსოფლიოში ხდება. თქვენ ხედავთ, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობა იცვლება.

როკის გვირაბის ქვემოთ აპირებენ გვირაბის აშენებას, რუსეთის საქართველოსთან დაკავშირებას. აფართოებენ ზემო ლარსის გამტარუნარიანობას. ეს არგუმენტები ძალიან მნიშვნელოვანია, თუ გსურთ, სურათი მთლიანობაში დაინახოთ.

ამიტომ, მოდით, ჩვენი ქვეყნის ინტერესიბიდან ამოვიდეთ. მინდა გითხრათ, რომ საზოგადოების ასეთი უთანხმოების პირობებში, ჩვენს რესპუბლიკას პერსპექტივა არ ექნება, ყველაფერს დავკარგავთ“, – განაცხადა შამბამ.

მისივე თქმით, რუსეთთან უარყოფითი ურთიერთობები აფხაზეთის ინეტრესებსი არ შედის.

„ის, რაც დღეს უკრაინაში ხდება, ერთმნიშვნელოვანად აჩვენებს, რომ მსოფლიო შეიცვლება. როგორი იქნება ჩვენი როლი ამ რეგიონში - ამ ყველაფერზე ახლა უნდა ვიფიქროთ. როდესაც მსოფლიოში ასეთი რყევები იყო, ჩვენ ყოველთვის ვზარალდებოდით, პატარები ყოველთვის ზარალდებიან ასეთ სიტუაციებში“, – განაცხადა ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა.

გუშინ, 5 სექტემბერს, საზოგადოებასთან გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია უძღვებოდა, სერგეი შამბამ აღნიშნა, რომ ბიჭვინთის შესახებ რუსეთთან 2022 წლის 19 იანვარს ხელმოწერილი შეთანმხების თავდაპირველ ვერსიაში „გაცილებით უფრო მიუღებელი“ პირობები იყო.

„გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან, ამ ტერიტორიაზე რეჟიმი მოქმედებს. ომის შემდეგ [1995 წელს] ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომელიც დღემდე მოქმედებს. ამ შეთანხმების მიხედვით, ეს ტერიტორია უსასყიდლო სარგებლობაშია და მისი ვადები განსაზღვრული არ არის. ესე იგი, ის უვადო სარგებლობაშიცაა. გარდა ამისა, მოქმედი შეთანხმების მიხედვით, შესაძლებელია ამ ტერიტორიის მესამე პირებზე გადაცემა - იჯარით, ფინანსური მოგების მიღების მიზნით. ახალი შეთანხმებით განსაზღვრულია, თუ რა ვადით ხდება მიწის იჯარით გადაცემა, 49 წლით. შემდეგ ჩვენი შვილები, შთამომავლები გადაწყვეტენ. როგორი იქნება რუსეთთან ურთიერთობა 49 წლის შემდეგ, ჩვენ არ ვიცით. შესაძლებელი იქნება, რომ მისი [შეთანხმების] გადახედვა მოხდეს. გარდა ამისა,

ახლანდელ შეთანხმებაში მკაფიოდ არის ჩაწერილი, რომ არავინ, გარდა რუსეთის ფედერაციის უმაღლესი თანამდებობის პირებისა, იქ ვერ დაისვენებს“, – განაცხადა შამბამ.

დე ფაქტო აფხაზეთის რესპუბლიკის ხელისუფლება რუსეთის ფედერაციისთვის ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის კომპლექსის გადაცემის საკითხს განიხილავს. 2022 წლის 19 იანვარს ხელმოწერილი ე.წ. შეთანხმება ითვალისწინებს 186 ჰექტარ ტერიტორიაზე მდებარე ბიჭვნითის სახელმწიფო აგარაკის ყველა შენობის, ასევე აკვატორიის 115 ჰექტარის რუსეთის ფედერაციისთვის საკუთრებაში გადაცემას. დე ფაქტო ხელისუფლება ამ გადაწყვეტილებას 1995 წლის შეთანხმებით ასაბუთებს, რომლის საფუძველზეც, აფხაზეთს რუსეთისთვის უსასყიდლო სარგებლობაში აქვს გადაცემული სამი სახელმწიფო აგარაკი ნომრებით 8, 9 და 10. ე.წ. ახალი შეთანხმების ძალაში შესვლისთვის დე ფაქტო პარლამენტის მხრიდან მისი რატიფიცირებაა საჭირო, რასაც პარლამენტი არ თანხმდება. შეთანხმების გაუქმებას ითხოვს საზოგადოების ნაწილიც.

დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, რუსეთი ბიჭვინთის აგარაკის გადაცემას უკვე 12 წელია ითხოვს. როგორც ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ განაცხადა, ობიექტს გადასცემენ არა ბიზნეს-სტრუქტურებს, არა შემთხვევით ადამიანებს, არამედ ხელმძღვანელს, რომელმაც, მისი აზრით, აფხაზეთისთვის ძალიან ბევრი რამ გააკეთა.

„სწორედ მისი მოსვლის შემდეგ შეიცვალა რუსეთის დამოკიდებულება აფხაზეთისადმი“, – განცხადა ბჟანიამ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შესახებ.

ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შემთხვევაში იქ პუტინის რეზიდენციის მოწყობა განიხილება.

 

ამ თემაზე:

აფხაზი ქალები რუსეთის ელჩს: აფხაზეთის მიწა არ იყიდება, არ სხვისდება

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]