weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ივლიანე წულაია - მევახშე პარლამენტარი, რომელსაც 10 მილიონამდე დოლარი აქვს გასესხებული

12:35 ოთხშაბათი, 15 თებერვალი 2017

საქართველოს პარლამენტის წევრი და დიდუბის მაჟორიტარი ივლიანე (ილია) წულაია სამევახშეო საქმიანობას ახორციელებს. 2007 წლიდან მას სხვადასხვა კომპანიებსა და კერძო პირებზე სესხის სახით გაცემული აქვს 9 600 000 აშშ დოლარი, საიდანაც მხოლოდ 2016 წლის განმავლობაში სარგებლის სახით 581 690 ლარი მიიღო.

ივლიანე წულაია საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წარდგენით, ქალაქ თბილისში დიდუბის №16 მაჟორიტარული ოლქიდან გახდა. პარლამენტში იგი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრია. გაერთიანებულია ფრაქციაში „ქართული ოცნება“.

ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია ივლიანე წულაიამ 2016 წლის 30 დეკემბერს შეავსო. როგორც დეკლარაციიდან ირკვევა, დიდუბის მაჟორიტარის ერთ-ერთი ძირითადი საქმიანობა მევახშეობაა - იგი უცხოურ ვალუტაში ახდენს სოლიდური ოდენობით თანხების გასესხებას სხვადასხვა სამეწარმეო კომპანიებსა და კერძო პირებზე, შედეგად კი სარგებელს იღებს.

კერძოდ, დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ, 2007 წლიდან დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე, ივლიანე წულაიამ სულ 13 კონტრაჰენტზე, მათ შორის, იმ კომპანიებზეც, სადაც იგი პარტნიორი და დირექტორი იყო, სესხად გასცა 9 600 000 აშშ დოლარი. ესენია:

შპს „დეპო“300 000 აშშ დოლარი (2013 წლის 15 სექტემბერს, - განუსაზღვრელი ვადით);

შპს „იაფი“1 000 000 აშშ დოლარი (2013 წლის 1 იანვარს, - განუსაზღვრელი ვადით);

შპს „დიღომი პალასი“300 000 აშშ დოლარი (2015 წლის 9 თებერვალს, - განუსაზღვრელი ვადით);

შპს „გოლდენ პალასი“2 000 000 აშშ დოლარი (2008 წლის 23 მაისს, - განუსაზღვრელი ვადით);

შპს „კვარიათი სანსეტ“1 500 000 აშშ დოლარი (2009 წლის 11 სექტემბერს, - განუსაზღვრელი ვადით);

შპს „ვიაკონ“800 000 აშშ დოლარი (2007 წლის 8 ნოემებრს, - განუსაზღვრელი ვადით);

შპს „კერა დეველოპმენტ“1 200 000 აშშ დოლარი (2013 წლის 23 ივლისს, - განუსაზღვრელი ვადით);

შპს „პრაიმ არქი“400 000 აშშ დოლარი (2015 წლის 14 მაისს, - განუსაზღვრელი ვადით);

შპს „არქი ბაგები“600 000 აშშ დოლარი (2013 წლის 3 თებერვალს, - განუსაზღვრელი ვადით);

შპს „ნოვო ტექ“200 000 აშშ დოლარი (2014 წლის 15 ივლისს, - განუსაზღვრელი ვადით);

შპს „იტონგ კავკასუს“150 000 აშშ დოლარი (2014 წლის 31 ივლისს, - განუსაზღვრელი ვადით);

შპს „სილვერ 39“ – 350 000 აშშ დოლარი (2013 წლის 30 აგვისტოს, - განუსაზღვრელი ვადით);

ინდივიდუალურ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა (იბა) „წინამძღვრიშვილი 2008“800 000 აშშ დოლარი (2012 წლის 30 ოქტომბერს, - განუსაზღვრელი ვადით).

აღნიშნული სესხებიდან ივლიანე წულაიამ მხოლოდ 2016 წლის განმავლობაში სარგებლის სახით 581 690 ლარი მიიღო: შპს „იაფი“-სგან - 286 285 ლარი, ინდივიდუალურ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „წინამძღვრიშვილი 2008“-სგან კი 295 405 ლარი.

დეკლარაციაში ასევე აღნიშნულია, რომ ივლიანე წულაია ბიზნესის სფეროში საქმიანობდა და 31 კომპანიაში ფლობს წილებს, თუმცა სადეკლარაციო პერიოდში შემოსავალი მხოლოდ შპს „არქის“ დირექტორის პოზიციაზე მიიღო - 225 017 ლარის ოდენობით. ამასთან, „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, დღეისათვის მან ყველა საწარმოში დატოვა ხელმღვანელის (დირექტორის) პოზიცია, საკუთარი წილი კი მინდობილობის საფუძველზე სამართავად სხვა პირს გადასცა.

გარდა ამისა, ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ივლიანე წულაიას ოჯახის საკუთრებაშია 1 საცხოვრებელი ბინა და 1 საოფისე ფართი ქალაქ თბილისში, ასევე 2 მიწის ნაკვეთი (ქ. თბილისში და სოფელ წავკისში).

პარლამენტარს პირად საკუთრებაში აქვს 2 ძვირადღირებული მაჯის საათი, რომელთა საერთო ღირებულება 20 000 ლარს აღემატება.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი იუწყებოდა, რომ 2016 წლის აგვისტოში ივლიანე წულაიამ „ქართული ოცნების“ ანგარიშზე 50 000 ლარის ოდენობით შემოწირულობა გადარიცხა, თუმცა ეს ინფორმაცია მის ქონებრივ დეკლარაციაში შეტანილი არ არის.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 1 იანვრიდან ძალაში შევიდა ცვლილებები კანონში „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“, რომლის თანახმადაც საჯარო სამსახურის ბიურომ პროაქტიულად უნდა შეამოწმოს თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების სისწორე და სისრულე, ხოლო დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, თანამდებობის პირს შესაძლოა დაეკისროს ადმინისტრაციული ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით.

 

გელა შაშიაშვილი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის ანალიტიკოსი, საჯარო მმართველობის მონიტორინგისა და ადამიანის უფლებების მიმართულების ხელმძღვანელი. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]