weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ვინ არის ყველაზე მდიდარი გამგებელი საქართველოში

13:05 სამშაბათი, 04 აპრილი 2017

მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს შორის ყველაზე მეტ შემოსავალს გარდაბნის გამგებელი გოჩა ჯამარაული იღებს. 2016 წელს მის მიერ გამგებლის თანამდებობაზე მიღებული შრომის ანაზღაურება მხოლოდ 33 062 ლარი იყო, თუმცა ბიზნესიდან შემოსავალმა 900 000 ლარი შეადგინა. გოჩა ჯამარაული დღემდე ხეჩინაშვილის საუნივერსიტეტო კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და კაპიტალის 60 %-ის მფლობელია.

გოჩა ჯამარაულმა გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობა 2016 წლის 16 თებერვლიდან რიგგარეშე არჩევნების შედეგად დაიკავა. მანამდე იგი ცნობილი ფეხბურთელი იყო, - სხვადასხვა დროს თამაშობდა თბილისის „დინამოში“, შვეიცარიის, რუსეთისა და უკრაინის საფეხბურთო კლუბებში.

საჯარო სამსახურის ბიუროში 2017 წელს წარდგენილი ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, გოჩა ჯამარაული, გამგებლის თანამდებობის პარალელურად, სამეწარმეო საქმიანობასაც ეწევა. კერძოდ, 2010 წლის 1 აგვისტოდან იგი შპს „სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის“ (ს/კ - 404866123) ერთ-ერთი პარტნიორია და კაპიტალში 60 % წილს ფლობს. საჯარო რეესტრის მონაცემებით, იგი არის არა მხოლოდ ამ საწარმოს პარტნიორი, არამედ მისი მმართველობის ორგანოს - სამეთვალყურეო საბჭოს წევრიც.

ქონებრივი დეკლარაციის შესაბამისად, 2016 წლის განმავლობაში გოჩა ჯამარაულმა აღნიშნული საწარმოდან მიიღო 900 000 ლარის ოდენობით შემოსავალი. საინფორმაციო ცენტრების ქსელის მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგად გამოირკვა, რომ აღნიშნული თანხა საქართველოში არსებული მუნიციპალიტეტების თანამდებობის პირთა დეკლარირებულ შემოსავლებს შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

გარდაბნის გამგებლის ოჯახის საკუთრებაშია ასევე „ვი თი ბი ბანკში“ არსებული ანაბარი 350 000 ლარის ოდენობით, 15 უძრავი ნივთი და 2 უცხოური წარმოების ავტომანქანა, რომელთა ღირებულებას გოჩა ჯამარაული ქონებრივ დეკლარაციაში არ უთითებს.

გარდა ამისა, გოჩა ჯამარაული არის კიდევ ერთი სამეწარმეო სუბიექტის - შპს „ჭავჭავაძე რეზიდენს“-ის (ს/კ - 405022835) პარტნიორიც, სადაც იგი ფლობს კაპიტალის 36 %-ს, თუმცა არც ეს მონაცემი და არც ამ საწარმოდან მიღებული შემოსავლების შესახებ ინფორმაცია ქონებრივ დეკლარაციაში არ არის ასახული, რაც „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონის მოთხოვნის დარღვევაა და შესაძლოა ამავე კანონით დადგენილი ადმინისტრაციული ან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობაც გამოიწვიოს.  

ამასთანავე, გოჩა ჯამარაული საჯარო თანამდებობის დაკავებიდან დღემდე უშუალოდ მართავს თავის სამეწარმეო წილებს, რითაც ირღვევა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მოთხოვნა. კერძოდ, ამ კანონის მე-11 მუხლის 1.2 პუნქტისა და 66-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მუნიციპალიტეტის გამგებელს აკისრია ვალდებულება - საჯარო სამსახურში ყოფნის პერიოდში მინდობის ხელშეკრულების საფუძველზე სხვა პირს გადასცეს სამართავად თავის საკუთრებაში არსებული სამეწარმეო სუბიექტის კაპიტალის წილი.

გელა შაშიაშვილი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის ანალიტიკოსი, საჯარო მმართველობის მონიტორინგისა და ადამიანის უფლებების მიმართულების ხელმძღვანელი. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]