weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ზაქარია ქუცნაშვილმა თიანეთის გამგეობისგან ყოფილი ფოსტის შენობა 1485 ლარად იყიდა

16:58 შაბათი, 23 სექტემბერი 2017

პარლამენტის მაჟორიტარმა წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა თიანეთის გამგეობის მიერ გამოცხადებულ აუქციონში გაიმარჯვა, რის შედეგადაც სოფელ ზარიძეებში, თიანეთი–ჟინვალის ცენტრალური საავტომობილო გზის პირას მდებარე ყოფილი ფოსტის შენობა 1485 ლარად იყიდა. იგი აუქციონის ერთადერთი მონაწილე იყო.

თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარიძეებში მდებარე ყოფილი ფოსტის შენობის ნაწილი 2014 წლის 25 მარტს გაიყიდა. შენობის 36.70 კვ.მ ფართობი პარლამენტის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა შპს „საქართველოს ფოსტისგან“ შეიძინა, რომლის 100 % წილის მესაკუთრეს სახელმწიფო წარმოადგენს.

როგორც ახალი ამბების სააგენტო „რეგინფომ“ გამოარკვია, შენობის დანარჩენი ნაწილი - 70.80 კვ.მ ფართობი და მიმდებარე 136 კვ.მ არასასოფლო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, 2016 წლის 17 აგვისტოს სახელმწიფო საკუთრებად აღირიცხა, ხოლო 5 დღის შემდეგ, სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოს მიერ გამოცემული №1/1-2798 ბრძანების საფუძველზე, უსასყიდლოდ გადაეცა თიანეთის მუნიციპალიტეტს.

2017 წლის 23 მაისს, თიანეთის გამგეობამ, აღნიშნული შენობისა და მიწის ნაკვეთის პრივატიზების მიზნით, ელექტრონული აუქციონი გამოცხადა. აუქციონის პირობების თანახმად, გასაყიდი ქონების საწყისი ფასი 1350 ლარს შეადგენდა, ბიჯის ოდენობა კი 135 ლარს.

აუქციონის ერთადერთი მონაწილე ზაქარია ქუცნაშვილი იყო, რომელმაც უძრავი ქონება საწყის ფასად - 1485 ლარად შეიძინა. თიანეთის გამგეობის მიერ გაცემული საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე, 2017 წლის 11 ივლისს ქონება ზაქარია ქუცნაშვილის სახელზე დარეგისტრირდა.

თიანეთის გამგებლის წარმომადგენელმა ზარიძეების ადმინისტრაციულ ერთეულში ნატო სუარიშვილმა „რეგინფოს“ განუცხადა, რომ სოფლის ყოფილი ფოსტის ერთსართულიანი შენობა 2-3 თვის წინ გაიყიდა, თუმცა მყიდველის შესახებ ინფორმაცია არ აქვს. შენობა ადგილობრივ მცხოვრებლებს დააშლევინეს და ამჟამად მის ადგილზე რაიმე ნაგებობა აღარ დგას. ზარიძეების მცხოვრებლების ინფორმაციით, ყოფილი ფოსტის შენობის ადგილზე რესტორნის მშენებლობა იგეგმება.

როგორც აღვნიშნეთ, აღნიშნული ტერიტორია თიანეთი–ზარიძეები–ჟინვალის ცენტრალური საავტომობილო გზის პირას მდებარეობს. გზის რეაბილიტაცია ჟინვალიდან თიანეთის ჩათვლით უკვე დასრულებულია, თიანეთი-ახმეტის 30-კილომეტრიანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის კი ბიუჯეტიდან 19 მილიონი ლარია გამოყოფილი. რეაბილიტაცი წელს უნდა დაიწყოს და 20 თვის ვადაში დასრულდეს. ეს გზა მცხეთა–მთიანეთის და კახეთის რეგიონებს აკავშირებს და მასზე ბევრი ტურისტული მარშრუტი გადის.

ზაქარია ქუცნაშვილი საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტში თიანეთის მუნიციპალიტეტიდან არჩეული მაჟორიტარი იყო, მე-9 მოწვევის პარლამენტში კი №38 გაერთიანებული მაჟორიტარული ოლქიდან იქნა არჩეული, რომელიც თიანეთის, დუშეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებს მოიცავს.

 

მსგავს თემაზე:

ზაქარია ქუცნაშვილის ბიზნესკომპანიას მისივე ბიუროს უფროსი ხელმძღვანელობს

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]