„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი იმ ოჯახების საჭიროებებს გაეცნო, რომლებიც წლების განმავლობაში საკუთრების დამტკიცებას ვერ ახერხებენ, შესაბამისად ოჯახებში ვერ შეჰყავთ ელექტროენერგია და სხვა სახის კომუნიკაციები.
კახა კალაძის განცხადებით, ოჯახები, რომლებიც 10-20 წლის განმავლობაში ვერ იკანონებენ საკუთრებას, გაიმიჯნებიან მათგან, რომლებიც, რამდენიმე წლის წინ, მიზანმიმართულად შეიჭრნენ სახელმწიფო საკუთრებაში.
„ამ ადამიანებს ბიუროკრატიის წინაშე ხელცარიელს არ დავტოვებ. შესაბამისად, დაკანონების პრობლემა, რომელიც დღეს ძალიან ბევრ ადამიანს აწუხებს, იქნება მოგვარებული. ეს არის საცხოვრებელი სახლები, ეს არის მიწის ნაკვეთებზე აშენებული სახლები, სადაც 10-20 წელია ცხოვრობენ. მე მესმის, რომ არსებობს პრობლემები, რადგან 2012-ში, როდესაც ჩვენ მოვდიოდით ხელისუფლებაში, სპეციალური ჯგუფები იქმნებოდა და სახელმწიფოს საკუთრებაში მიზანმიმართულად იჭრებოდნენ. ამის გამიჯვნა შესაძლებელია“, - აღნიშნა თბილისის მერობის კანდიდატმა.