weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ყოფილი მთავარი პროკურორის მამამ სოფელ მანავში 28 მიწის ნაკვეთი დაირეგისტრირა

13:25 ოთხშაბათი, 12 აპრილი 2017

საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორისა და ამჟამად ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის გიორგი ბადაშვილის მამა - ნუგზარ ბადაშვილი სხვადასხვა სახელმწიფო საწარმოებშია დასაქმებული, მისი ხელფასი კი ყოველწლიურად ორმაგდება. ნუგზარ ბადაშვილმა 2016 წლის განმავლობაში საგარეჯოს სოფელ მანავში 227 467 მ2 სასოფლო მიწის ნაკვეთი დაირეგისტრირა.

გიორგი ბადაშვილს საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობა 2014-2015 წლებში ეკავა, 2015 წლის 2 დეკემბრიდან კი იგი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსია.

საინფორმაციო ცენტრების ქსელმა გამოარკვია, რომ ყოფილი მთავარი პროკურორის მამამ - ნუგზარ ბადაშვილმა მხოლოდ 2016 წლის განმავლობაში, - საკუთრების უფლებით შეიძინა საგარეჯოში, სოფელ მანავში მდებარე 14 ერთეული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (სახნავი), რომლებიც წინა წლებში შეძენილ კიდევ 14 მიწის ნაკვეთთან გააერთიანა და საჯარო რეესტრში დაარეგისტრირა.

მიწის ნაკვეთების ფართობი საერთო ჯამში 227 467 მ2-ს, ანუ დაახლოებით 23 ჰექტარს შეადგენს, მასზე ვენახი და ხეხილია გაშენებული. დამოუკიდებელი აუდიტორის შეფასებით, სოფელ მანავში ამ სახის მიწის ნაკვეთების საშუალო საბაზრო ღირებულება 1 ჰექტარზე 8 000-დან 10 000 აშშ დოლარამდე მერყეობს.

გიორგი ბადაშვილის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ნუგზარ ბადაშვილმა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის (ყურძენი, ხილი) რეალიზაციით 2013 წელს 39 400 ლარის, 2014 წელს - 57 500 ლარის, ხოლო 2015 წელს - 83 700 ლარის ოდენობით შემოსავალი მიიღო.

საინფორმაციო ცენტრების ქსელი ნუგზარ ბადაშვილის სამსახურებრივი საქმიანობითაც დაინტერესდა. გამოირკვა, რომ 2012 წლიდან იგი სხვადასხვა სახელმწიფო საწარმოებშია დასაქმებული, სადაც მისი საშუალო შრომითი ანაზღაურება ყოველწლიურად ორმაგდებოდა და 4 წლის განმავლობაში თითქმის 7-ჯერ გაიზარდა.

კერძოდ, 2012 წელს ნუგზარ ბადაშვილი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსადმი დაქვემდებარებულ შპს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიაში იურისტად მუშაობდა, სადაც მისი წლიური ანაზღაურება 8 223 ლარი იყო, თუმცა 2013 წელს გასამრჯელოს ოდენობა იმავე სამსახურებრივ პოზიციაზე 2,5-ჯერ გაიზარდა და 20 580 ლარი შეადგინა.

2014 წლიდან ნუგზარ ბადაშვილი სხვა სახელმწიფო საწარმოს - სს „საქართველოს რკინიგზის“ კონტროლისა და აუდიტის განყოფილებაში დანიშნეს, სადაც იმავე წელს შრომის ანაზღაურების სახით 39 196 ლარი მიიღო, ხოლო 2015 წელს - 56 202 ლარი.

 

გელა შაშიაშვილი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის ანალიტიკოსი, საჯარო მმართველობის მონიტორინგისა და ადამიანის უფლებების მიმართულების ხელმძღვანელი. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]