weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

„მეკუთვნის და ავიღე“ – ნახევარ მილიონამდე ლარი სააღდგომო პრემიებში

13:31 პარასკევი, 14 აპრილი 2017

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით კახეთის გამგეობებსა და საკრებულოებში 440 582 ლარი პრემიებში დაიხარჯა. მუნიციპალიტეტებს შორის ყველაზე მეტი თანხა, 88 ათასი ლარი გურჯაანში გაიცა. „მეკუთვნის და ავიღე“, – აცხადებს გურჯაანის გამგებელი გივი გერგიძე. რა დამსახურებისთვის წაიხალისა თავი გურჯაანის გამგებელმა, ამ კითხვაზე მისგან პასუხი ვერ მივიღეთ. როგორც გამოვარკვიეთ, გივი გერგიძეს კორპორატიულ ნომერზე 599 75 04 14 კახეთის საინფორმაციო ცენტრის და მისი რეპორტიორების ტელეფონებიდან შემავალი ზარები დაბლოკილი აქვს. სხვა ნომრიდან დარეკვის შემდეგ კი განაცხადა, რომ „არ უნდა შევაწუხოთ“.

წინასააღდგომოდ, თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობაში პრემიის სახით 58 000 ლარი გაიცა.

„ოდესმე თუ დაინტერესებულხართ, რა ოდენობის ხელფასს იღებს ყოველთვიურად თვითმმართველობის ნებისმიერი თანამშრომელი? პრემიას ამიტომ გავცემთ“,- აღნიშნა თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა მიხეილ შაშიაშვილმა.

კახეთის რეგიონში მუნიციპალიტეტის გამგებლის ყოველთვიური ხელფასი 2650 ლარია, მოადგილის 1300 ლარი, სამსახურის უფროსის 1000 ლარი, განყოფილების უფროსის 800, მთავარი სპეციალისტის 560, წამყვანი სპეციალისტის 500 ლარი.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში პრემიებზე 60 ათასი ლარი დაიხარჯა, ყვარელში 58 ათასი, 48 ათასი დედოფლისწყაროში, 47 ათასი სიღნაღში, 40 ათასი ლარი ქალაქ თელავში. ყველაზე ცოტა, 25 ათასი ლარი ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობამ გასცა.

სააღდგომოდ პრემია არ გაიცემა საგარეჯოს გამგეობასა და საკრებულოში, ასევე ახმეტის საკრებულოში.

მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, პრემია საჯარო მოსამსახურის ფულად წახალისებას გულისხმობს და მხოლოდ „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით ზუსტად განსაზღვრული საფუძვლით შეიძლება გაიცეს: სამსახურებრივ მოვალეობათა სანიმუშო შესრულება, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახური, განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულება.

თვითმმართველობის ორგანოები ვერ უთითებენ ვერცერთ სამართლებრივ საფუძველს, თუ რის გამო განხორციელდა პრემიების გაცემა.

მაგალითად, ახმეტის გამგებელმა ბექა ბაიდაურმა თავის მოადგილეს დავით ფოცხვერიშვილს, რომელიც მანამდე პარლამენტის მაჟორიტარის ზურაბ ზვიადაურის ბიუროს უფროსი იყო, საბანკო სესხები პრემია–დანამატებით დაუფარა.

დავით ფოცხვერიშვილს ხელფასთან ერთად დამატებით 10-ჯერ (!) დაერიცხა პრემია და დანამატი, ჯამში 13 ათასი ლარის ოდენობით, რაც მისი საბანკო სესხების დასაფარად საკმარისი აღმოჩნდა. უნდა აღინიშნოს, რომ იმავე პერიოდში გამგეობის სხვა თანამდებობის პირებიდან უმეტესობას მხოლოდ 3-4 პრემია და დანამატი აქვს მიღებული.

დღესასწაულებისთვის პრემიების გაცემას ხელი შეუწყო საქართველოს მთავრობის დადგენილებამ, რომლის თანახმადაც საჯარო მოსამსახურეთა პრემირება წელიწადში არაუმეტეს 3–ჯერ დასაშვებია უქმე დღეებთან დაკავშირებით.

2015 – 2016 წლებში კახეთის გამგეობებში პრემია – დანამატების სახით 3 მილიონამდე ლარი გაიცა. კახეთის საინფორმაციო ცენტრის მოკვლევის შედეგად გამოირკვა, რომ ყველაზე მეტ პრემია-დანამატებს თანამდებობის პირები ქალაქ თელავის მერიასა და ახმეტის გამგეობაში იღებენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]