weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

გიორგი კვირიკაშვილმა სამცხე-ჯავახეთის მერობის კანდიდატები წარადგინა

09:58 პარასკევი, 29 სექტემბერი 2017

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მერობის კანდიდატები წარადგინა. ბორჯომის მერობის კანდიდატია - ლევან ლიპარტია, ახალციხის - ზაზა მელიქიძე, ადიგენის - ზაქარია ენდელაძე, ასპინძის - როსტომ მაგრაქველიძე, ახალქალაქის - იურიკ უნანიანი, ნინოწმინდის - ანივარდ მოსოიანი.

„ჩვენ, თქვენი მხარდაჭერით, ჩავიბარეთ ქვეყნის მართვის სადავეები და 21 ოქტომბერს, კიდევ ერთი არჩევნები გვაქვს, რომელზეც თქვენ ადგილობრივ ხელისუფლებას აირჩევთ. მე მჯერა, რომ თქვენ აირჩევთ საუკეთესო კანდიდატებს და ასეთები ნამდვილად არიან „ქართული ოცნების“ კანდიდატები“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა მერობის კანდიდატების წარდგენისას.

პრემიერმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, უახლოეს მომავალში დაიწყება სამცხე-ჯავახეთისა და მთიან აჭარის დამაკავშირებელი ხულო-ზარზმის 45-კილომეტრიანი თანამედროვე სტანდარტის გზის მშენებლობა. მისი განცხადებით, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია სტრატეგიული პროექტი - ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობა, რომელიც ხელს შეუწყობს ახალი ტვირთნაკადების მოზიდვას და სამცხე-ჯავახეთის რეგიონის საექსპორტო და სატრანზიტო პოტენციალის ზრდას.

„ამჟამად, სამცხე-ჯავახეთში, კიდევ ერთი ჰიდროელექტროსადგურის, „მტკვარჰესის“ მშენებლობა მიმდინარეობს, რომლის საინვესტიციო ღირებულება 120 მილიონი დოლარია. ჰესი 2019 წელს ამუშავდება. სამშენებლო სამუშაოებში 300 ადგილობრივი მოსახლეა ჩართული. ასევე, შენდება ელექტროგადამცემი ხაზი, რომლის ღირებულება 36 მილიონი ლარია.

მესხური ტერასების ტერიტორიაზე დაწყებულია უძველესი მესხური ვაზის ჯიშების გაშენების პროექტი. საუკუნეების განმავლობაში ეს კულტურული ძეგლი განადგურებული იყო. აღდგენილ ტერასებზე მესხური ვაზის უიშვიათესი ჯიშები დაირგვება და ეს დასაბამს მისცემს რეგიონში მევენახეობა-მეღვინეობის აღორძინებას. ამ პროექტს უდიდესი კულტურული და ეკონომიკური მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან იგი ხელს შეუწყობს სამცხე-ჯავახეთის ტურისტული პოტენციალის გაზრდას.

ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ რამდენიმე დღის წინ, მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველო დარეგისტრირდა 2023 წლის მსოფლიო სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის ჩემპიონატის ჩატარების კანდიდატ ქვეყანად. პირველ რიგში ეს, რა თქმა უნდა, საქართველოს უფრო ცნობადს გახდის საერთაშორისო მასშტაბით, მაგრამ ეს ნიშნავს იმას, რომ ახალი ინფრასტრუქტურა აშენდება, ახალი სამუშაოები შეიქმნება და თითოეული ახალი ჩამოსული ტურისტი, არის ახალი დასაქმებული ადამიანი საქართველოში“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]