weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სად მუშაობდნენ „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატები

18:02 კვირა, 01 ოქტომბერი 2017

„ქართული ოცნების“ მიერ 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე წარდგენილი მერობის კანდიდატებიდან 18 მოქმედი მერი და გამგებელია, 15 - ბიზნესმენი, 8 - საკრებულოს მოქმედი წევრი, 1 პროკურორი, 5 კი საბანკო სექტორშია დასაქმებული.

პარტია „ქართულმა ოცნებამ“ მერობის კანდიდატები ქვეყნის ყველა - 64 მუნიციპალიტეტში წარადგინა, მათ შორის, 62 კაცი და 2 ქალი. კერძოდ, თიანეთში მერობის კანდიდატია ლელა ქიტესაშვილი, ნინოწმინდაში კი ანივარდ მოსოიანი.

მერობის 18 კანდიდატი იმავე მუნიციპალიტეტებში მოქმედი მერი ან გამგებელია: ნიკოლოზ ჯანიაშვილი (დედოფლისწყარო), კაპიტონ ჟორჟოლიანი (მესტია), ალექსანდრე გრიგალავა (მარტვილი), გოჩა ქაჯაია (ხობი), ლაშა გოგია (ზუგდიდი), დავით გოგუა (ჩხოროწყუ), ზაზა გულიაშვილი (ქარელი), გიორგი გურასპაშვილი (ხაშური), დავით შერაზადიშვილი (ბოლნისი), ზაზა მელიქიძე (ახალციხე), ზაქარია ენდელაძე (ადიგენი), არჩილ გოგსაძე (ბაღდათი), ნიკო თოფურიძე (ხარაგაული), ილია საბაძე (წალკა), ლელა ქიტესაშვილი (თიანეთი), ბეგლარ სიორიძე (ოზურგეთი), ირაკლი კუჭავა (ჩოხატაური) და ვალერიან ფოცხვერია (სამტრედია).

4 მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატად გამგებლის (მერის) მოქმედი მოადგილე ან სამსახურის უფროსი იქნა წარდგენილი: გიორგი ქორიძე (თეთრიწყარო), ზვიად მხეიძე (ამბროლაური), ბენიამენ ფალავანდიშვილი (საჩხერე), ხოლო ტყიბულში თემურ ჩუბინიძე, რომელიც ქ. თბილისის ისნის რაიონის გამგებლის მოადგილეა.

8 შემთხვევაში მერობის კანდიდატები საკრებულოს მოქმედი თანამდებობის პირები ანდა რიგითი წევრები არიან: მანუჩარ მერებაშვილი (კასპი) და კონსტანტინე თავზარაშვილი (გორი) - საკრებულოს თავმჯდომარეები; ჯუმბერ ვარდმანიძე (ხელვაჩაური) - საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე; ალექსანდრე სარიშვილი (ლანჩხუთი) და ანივარდ მოსოიანი (ნინოწმინდა) - კომისიის თავმჯდომარეები; გოგი გოგილაშვილი (სიღნაღი) - ფრაქციის თავმჯდომარე; შოთა ნარეკლიშვილი (თელავი) და ბესიკ ფარცვანია (წალენჯიხა) - საკრებულოს წევრები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნები არიან მერობის კანდიდატები 2 მუნიციპალიტეტში: ონში - ემზარ საბანაძე, რომელიც 2002-2003 წლებში საგზაო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის პირველი მოადგილე იყო, ხოლო შუახევში - ფრიდონ ფუტკარაძე, - ხელვაჩაურის შს სამმართველოს უფროსი.

ახალქალაქის მერობის კანდიდატად წარდგენილია ამჟამად ნინოწმინდა-ახალქალაქის რაიონული პროკურორი იურიკ უნანიანი.

2 კანდიდატია წარდგენილი სამხარეო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციიდან. ქუთაისში მერობისთვის იმერეთის ყოფილი გუბერნატორი გიორგი ჭიღვარია იბრძოლებს, ჭიათურაში კი გუბერნატორის პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე.

მერობის 7 კანდიდატი ცენტრალური და რეგიონული სამინისტროების ყოფილი ან მოქმედი წარმომადგენლები არიან: კახა კალაძე (თბილისი) - ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი 2012 წლიდან; ბონდო სოფრომაძე (თერჯოლა) - თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის პოლიციის სამმართველოს უფროსი; ირაკლი ტაბაღუა (რუსთავი) - ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; ლაშა კომახიძე (ბათუმი) - აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი; მირიან ქათამაძე (ქობულეთი) - აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე; გოჩა მელაძე (ხულო) - აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შპს „Goderdzi Resorts“-ის დირექტორის მოადგილე; ზურაბ სეხნიაშვილი (დუშეთი) - სოფლის მეურნეობის სამინისტროს დუშეთის საინფორმაციო ცენტრის უფროსი.

2 მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატებად საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლები არიან წარდგენილი. გარდაბნის მერობის კანდიდატი რამაზ ბუდაღაშვილი 2008 წლიდან №21 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე იყო, ასპინძაში წარდგენილი როსტომ მაგრაქველიძე კი №39 საოლქო საარჩევნო კომისიას 2006 წლიდან ხელმძღვანელობდა.

მერის თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატებს შორის 15 მოქმედი ბიზნესმენია: გიორგი ერბოწონაშვილი (საგარეჯო) - შპს „კახეთი 3000“-ის დირექტორი; როსტომ სესიაშვილი (ყვარელი) - შპს „სესიაშვილის“ დამფუძნებელი და დირექტორი; იოსებ ქარუმაშვილი (ახმეტა) - მეწარმე, საწარმო საკუთარ სახელზე რეგისტირებული არა აქვს; გოჩა კურდღელია (ფოთი) - შპს „Caucasian Metals Terminal“-ის დირექტორი და მეწილე; ლევან კუპრეიშვილი (სენაკი) – „საქართველოს რკინიგზის“ შვილობილი კომპანიის „ჯიარ ქონების მართვა“-ს გენერალური დირექტორის მოადგილე; ლაშა გოგია (ზუგდიდი) - შპს „მედჰაუსის“ 100 % წილის მფლობელი; ბესიკ ფარცვანია (წალენჯიხა) - შპს „ბრიტანული ცენტრი - ზუგდიდი“-ს დირექტორი; ლევან მაკალათია (აბაშა) - შპს „პროგრესული მშენებლები“-ს დამფუძნებელი და დირექტორი; გიორგი ტატუაშვილი (დმანისი) - შპს „პრივატ სტანდარტი“-ს დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი; გიორგი კაპანაძე (მცხეთა) - შპს „სტარი“-ს დირექტორი, შპს „ექსპედიტორი“-ს, შპს „კალა-უბანი“-ს და სასტუმრო „მცხეთა-პალასის“ მეწილე; არჩილ გოგსაძე (ბაღდათი) - შპს „აგუნა“-ს და შპს „თელავის მუნიციპალიტეტის ღვინის პარკის“ დირექტორი, შპს „გრანდი“-ს და შპს „არქიტექსი“-ს მეწილე; ლადო ჯურხაძე (ხონი) - სს „ტრანსმშენი“-ს და ჰოლდინგური კომპანია „კავკაზუს ოტომოუტუკ რითეილის“ ფინანსური მენეჯერი; ბონდო სოფრომაძე (თერჯოლა) - შპს „ახალი დონის“ 100 % წილის მფლობელი; კახაბერ მახათაძე (ზესტაფონი) - საქართველოს საპატრიარქოს შპს „ხაშმის ღვინის ქარხნის“ დირექტორი; ზაზა მელიქიძე (ახალციხე) - შპს „მელიზას“ და შპს ლეგის“ 100 % წილების მფლობელი.

სახელისუფლებო პარტიის მერობის 5 კანდიდატი საბანკო სექტორში მუშაობს: არჩილ ხანდამაშვილი (გურჯაანი) - 2010 წლიდან „ლიბერთი ბანკის“ გურჯაანის ფილიალის მმართველი; ჯონდო მდივნიშვილი (ლაგოდეხი) - 2013 წლიდან „ლიბერთი ბანკის“ კახეთის რეგიონული ფილიალის მმართველი; გრიგოლ იოსელიანი (წყალტუბო) - 2004 წლიდან „ლიბერთი ბანკის“ წყალტუბოს ფილიალის მმართველი; ლევან ლიპარტია (ბორჯომი) - 2007 წლიდან სხვადასხვა დროს იყო მიკროსაფინანსო ორგანიზაციების „კრედოს“, „ქართული კრედიტის“ და „კრისტალის“ ბორჯომის ფილიალების მმართველი; ალექსანდრე გოგორიშვილი (ვანი) – 1992 წლიდან „ლიბერთი ბანკის“ ვანის ფილიალის მმართველი.

2 შემთხვევაში მერის თანამდებობაზე წარდგენილია მედიცინის სფეროს წარმომადგენელი: ლენტეხში - ბადრი ლიპარტელიანი, რომელიც 2005 წლიდან ლენტეხის სასწრაფო დახმარების ფილიალის მენეჯერია, ქედაში კი ლევან გორგილაძე - ბათუმის ინფექციური ცენტრის დირექტორი.

თელავში მერობის კანდიდატი შოთა ნარეკლიშვილი შპს „საქართველოს ფოსტაში“ კახეთის რეგიონული კოორდინატორია. ცაგერში მერად წარდგენილია „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ყოფილი იურისტი ავთანდილ უგრეხელიძე, ყაზბეგში კი ინჟინერ-არქიტექტორი ალექსანდრე ზაგაშვილი, რომელიც კერძო სექტორში საქმიანობდა.

„ქართული ოცნების“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე არ არის განთავსებული ინფორმაცია მარნეულის მერობის კანდიდატის თემურ აბაზოვის შესახებ, რომელიც, ჩვენი ინფორმაციით,  ბიძინა ივანიშვილის პრემიერ-მინისტრობის პერიოდში მისი პირადი დაცვის ოფიცერი იყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]