weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

გორის საოლქო საარჩევნო კომისიამ გამგებლის მოადგილე დააჯარიმა

17:18 ხუთშაბათი, 12 ოქტომბერი 2017

გორის საოლქო საარჩევნო კომისიამ გორის გამგებლის პირველ მოადგილეს გელა კაპანაძეს სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა და მის დაჯარიმებას ითხოვს 2000 ლარის ოდენობით, საარჩევნო კოდექსით დადგენილი აკრძალვის დარღვევის გამო.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, გორის საოლქო კომისიას, გელა კაპანაძის წინააღმდეგ საჩივრით „სამართლიანი არჩევნების“ და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენლებმა მიმართეს.

საქმე ეხება ადგილობრივი ტელეკომპანია „თრიალეთის“ ეთერში გასულ სიუჟეტს, საიდანაც დასტურდება, რომ გელა კაპანაძე სამუშაო დროს „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბში იმყოფება. სიუჟეტში დასმულ კითხვაზე, თუ რატომ იმყოფებოდა კაპანაძე სამუშაო დროს საარჩევნო შტაბში, ის პასუხობს, რომ როგორც პოლიტიკური თანამდებობის პირი, არ არღვევს კანონს საარჩევნო შტაბში ყოფნით.

გამგებლის მოადგილე პოლიტიკური თანამდებობის პირია „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მიხედვით, თუმცა ასეთი სტატუსი მას არ გააჩნია „საარჩევნო კოდექსის“ მიზნებისთვის.

„21 სექტემბერს დამირეკა „თრიალეთის“ ჟურნალისტმა, რომელი ტელეკომპანიაც გახლავთ პოლიტიკური მოძრაობა „შენების მოძრაობის“ ბადრი ნანეტაშვილის ინტერესების გამტარებელი. მთხოვა ინტერვიუ პოლიტიკურ საკითხებზე. ავუხსენი, რომ ვიმყოფებოდი ერთ-ერთ სოფელში და ერთი საათის შემდეგ დაერეკა. ერთი საათის შემდეგ, კვლავ დამირეკა ჟურნალისტმა და მითხრა, რომ ინტერვიუ „ქართული ოცნების“ შტაბის წინ ჩაგვეწერა. როდესაც მივედი შტაბთან და დავიწყეთ ინტერვიუს ჩაწერა, ჟურნალისტმა მთხოვა, რომ  „კონტრაჟორის“ გამო ოთახში შევსულიყავით. შევედით ოთახში და ამის შემდეგ დამისვა კითხვას იმის შესახებ, თუ რატომ ვიმყოფებოდი საარჩევნო შტაბში. ეს იყო სუფთა პროვოკაციული ქმედება“ - ამბობს გელა კაპანაძე.

Qartli.ge-ს ცნობით, საოლქო–საარჩევნო კომისიაში გამართულ სხდომას ტელეკომპანია „თრიალეთის“ წარმომადგენელი არ დასწრებია.

გადაწყვეტილება კაპანაძის დაჯარიმების შესახებ სასამართლომ უნდა მიიღოს.

გელა კაპანაძე ამჟამად სამსახურიდან გათავისუფლებულია. ის გამგებელმა დავით ონიაშვილმა გაათავისუფლა, რომელიც გორის მერობის კანდიდატია „შენების მოძრაობიდან“. გამგებლის ბრძანება სასამართლოშია გასაჩივრებული.

Qartli.ge

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს ახალ ამბებს შიდა ქართლის რეგიონიდან. გამოცემას მართავს ასოციაცია „ქართლის ხმა“. 

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]