weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

როგორ იზრდებოდა სუს-ის უფროსის მოადგილის ოჯახის ქონება და შემოსავლები

12:04 ორშაბათი, 08 მაისი 2017

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის იოსებ გოგაშვილის ოჯახს 2013 წლის მდგომარეობით რაიმე ქონება და შემოსავალი არ გააჩნდა, 2017 წლის დეკლარაციის მიხედვით, ოჯახის საკუთრებაში ოფიციალურად ირიცხება 200 000 აშშ დოლარზე მეტი ღირებულების ნივთები, ხოლო საჯარო სექტორიდან წლიური შემოსავალი თითქმის 215 000 ლარს შეადგენს.

იოსებ გოგაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში ერთ-ერთი სამმართველოს უფროსის მოადგილედ 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ დაინიშნა. ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის ზურაბ ჭიაბერაშვილის ინფორმაციით, მანამდე გოგაშვილის ოჯახი სოციალურად დაუცველთა ბაზაში იყო რეგისტრირებული და საარსებო შემწეობას იღებდა.

„საარსებო შემწეობას იღებდა 2011 წლის დეკემბრიდან 2013 წლის მარტამდე. ასევე მნიშვნელოვანი არის, რომ ამავე პერიოდში მათ შეემატათ ოჯახის წევრი და თუ 2011 წლის დეკემბრიდან 2012 წლის ივლისამდე ოჯახში იყო  4 წევრი და იღებდნენ 102 ლარს, ამის შემდეგ ვიდრე გაუუქმდებოდათ საარსებო შემწეობა, იყო 5 წევრი და იღებდნენ 126 ლარს“, –ამბობს ჭიაბერაშვილი.

გენერალურ ინსპექციაში თანამდებობაზე მუშაობისას, 2012-2014 წლებში, იოსებ გოგაშვილმა შრომის ანაზღაურების სახით საერთო ჯამში 81 276 ლარი აიღო.

2015 წელს, როდესაც იგი ჯერ შს მინისტრის პირველ მოადგილედ, ხოლო შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ მუშაობდა, იოსებ გოგაშვილის წლიური ანაზღაურება 136 273 ლარი იყო. 2016 წელს კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე მისმა წლიურმა შემოსავალმა 142 610 ლარი შეადგინა.

იოსებ გოგაშვილის მეუღლე თეა მარტყოფლიშვილი 2012 წელს არსად არ მუშაობდა. 2013 წლიდან მან საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში დაიწყო მუშაობა მთავარ სპეციალისტად, სადაც მისი წლიური ანაზღაურება 12 000 ლარი იყო.

2014 წელს იგი იმავე სახელმწიფო საწარმოს დაქვემდებარებულ სს „გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში“ გადაიყვანეს მთავარ სპეციალისტად, ხოლო მისი ანაზღაურება 2,6-ჯერ გაიზარდა და 31 318 ლარს მიაღწია.

2015 წლიდან თეა მარტყოფლიშვილი იმავე კომპანიაში ადმინისტრაციის უფროსის მოადგილედ დააწინაურეს, მისი შრომის წლიური ანაზღაურება კი 59 280 ლარი გახდა.

2016 წლის განმავლობაში თეა მარტყოფლიშვილს სამსახურებრივი პოზიცია არ შეუცვლია, თუმცა შრომის ანაზღაურება მნიშვნელოვნად გაეზარდა და წელიწადში 72 158 ლარი, ანუ თვეში საშუალოდ 6 013 ლარი შეადგინა, რაც თითქმის მინისტრების ხელფასს უტოლდება.

რაც შეეხება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსნის ქონებრივ მდგომარეობას, უნდა აღინიშნოს, რომ 2013-2014 წლების დეკლარაციების მიხედვით, იოსებ გოგაშვილის ოჯახს რაიმე სახის ქონება საკუთრებაში არ გააჩნდა.

2015 წლისთვის იოსებ გოგაშვილის საკუთრებაში იყო დედოფლისწყაროში, სოფელ ზემო მაჩხაანში (შირაქი) მდებარე 12 502 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა. გარდა ამისა, მის შვილს ნიკოლოზ გოგაშვილს ასევე სოფელ ზემო მაჩხაანში ერიცხებოდა 3 მიწის ნაკვეთი, რომელთა საერთო ფართობი შეადგენდა 1 715 მ2-ს. აღსანიშნავია, რომ იმავე წლის მონაცემებით, იოსებ გოგაშვილს ნაღდი ფულის სახით ჰქონდა დანაზოგი 85 000 ლარის, ხოლო მის მეუღლეს კი 25 000 ლარის ოდენობით.

2017 წელს დეკლარირებული მონაცემებით, იოსებ გოგაშვილმა 75 000 აშშ დოლარად შეიძინა ქალაქ თბილისში, ავთო ვარაზის ქ. №91-ში მდებარე 161 მ2 ფართობის საცხოვრებელი ბინა მიწის ნაკვეთთან ერთად, რომლის რემონტიც 60 000 აშშ დოლარი დაუჯდა. ამასთან, იოსებ გოგაშვილმა შეიძინა 25 000 აშშ დოლარის ღირებულების ავეჯი და საოჯახო ტექნიკაც, ხოლო მეუღლემ თეა მარტყოფლიშვილმა - 2016 წელს გამოშვებული ავტომანქანა „ტოიოტა პრადო“, რომელშიც 37 400 აშშ დოლარი გადაიხადა. დეკლარაციაში მითითებულია, რომ აღნიშნული ქონების შესაძენად იოსებ გოგაშვილმაც და მისმა მეუღლემაც საბანკო სესხი აიღეს.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ მთავარ პროკურატურას მიმართა სუსის უფროსის მოადგილის სოსო გოგაშვილის შესაძლო კორუფციული საქმიანობის გამოძიების მოთხოვნით.

„სახეზე არის კორუფციული სქემის კლასიკური მაგალითი. ადამიანი, რომელიც 2013 წელს სოციალურ დახმარებას ღებულობს, ძალიან დიდი ქონების პატრონი გახდა მას შემდეგ, რაც თანამდებობაზე დაინიშნა და საჯარო სამსახურში მოხვდა. ასევე, საუბარი შეიძლება იყოს უკანონო გამდიდრებაზე და სხვა კორუფციულ დარღვევებზე, რომელიც კანონმდებლობით არის განსაზღვრული“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

„რუსთავი 2“-ის გადაცემა P.S- ის ინფორმაციით, სოსო გოგაშვილის ცოლის დის, ხათუნა მარტყოფლიშვილის სახელზე 2016 წლის აგვისტოში გადაფორმდა 105 ათასი კვ.მ. მიწა დედოფლისწყაროს რაიონის სოფელი მაჩხაანში; 350 ათასი კვ.მ. მიწა სიღნაღის რაიონის სოფელ ბოდბისხევში; 7 მიწის ნაკვეთი შირაქში, რომლის ჯამური ფართია 1 მლნ. 300 000 კვ.მ. და თბილისში, ცაგარელის ქუჩაზე მდებარე ბინა. „რუსთავი 2“–ის ცნობით, გოგაშვილის ცოლისდა მკერავია და ნაქირავებ სახლში ცხოვრობს.

გელა შაშიაშვილი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის ანალიტიკოსი, საჯარო მმართველობის მონიტორინგისა და ადამიანის უფლებების მიმართულების ხელმძღვანელი. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]