იოსებ ქარუმაშვილი ამჯერად, სოფელ ახშნისა და ახალშენის მოსახლეობას შეხვდა, არსებული პრობლემების შესახებ ინფორმაცია მოისმინა და მუნიციპალიტეტის განვითარების გეგმებზე ისაუბრა.
საკითხები, რომელიც მოსახლეობას აწუხებს, მოუწესრიგებელ შიდა და სოფლამდე მისასვლელ გზებს, ბუნებრივი აირით მოსახლეობის უზრუნველყოფასა და სასმელი წყლის პრობლემებს უკავშირდება.
მერობის კანდიდატის განცხადებით, მუნიციპალიტეტის და ზოგადად, კახეთის რეგიონის სოფლები ბევრი გამოწვევის წინაშე დგას. ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა კი უმუშევრობაა.
„ჩვენი ხელისუფლების მიზანია რეგიონების ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა იმისთვის, რომ ერთად შევქმნათ ახალი სამუშაო ადგილები, გქონდეთ მუდმივი შემოსავალი და გავზარდოთ რეგიონის, მუნიციპალიტეტის თუ სოფლების კონკურენტუნარიანობა. ვერც ერთი სფერო, ეს იქნება ტურიზმი, სოფლის მეურნეობა თუ სხვა, მოწესრიგებული ინფრასტრუქტურის გარეშე ვერ განვითარდება. ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად, განვლილ ოთხ წელიწადში ბევრი რამ გაკეთდა. მოწესრიგდა გზები, მოხდა სოფლების გაზიფიცირება, გარემონტდა ბაღები და სკოლები. აღნიშნული პროცესი არ შენელდება“, - განაცხადა მერობის კანდიდატმა.
მისივე თქმით, სულ მალე, არცერთი სოფელი ბუნებრივი აირის გარეშე არ დარჩება და საგზაო ინფრასტრუქტურა სრულად მოწესრიგდება.
„ვიზრუნებთ, რომ აღარ გქონდეთ სასმელი და სარწყავი წყლის პრობლემა. გაუმჯობესდება პირობები სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში და რაც მთავარია, ხელს შევუწყობთ ჩვენი მუნიციპალიტეტის თითოეულ ნიჭიერ ახალგაზრდას, რომ რეალიზებული იყვნენ“, - განაცხადა იოსებ ქარუმაშვილმა.
„ქართული ოცნების“ პრესსამსახურის ინფორმაცია [R]