weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

თეა წულუკიანმა ნარკოპოლიტიკის უწყებათაშორისი საბჭოს სხდომა გააუქმა

10:35 შაბათი, 14 ოქტომბერი 2017

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ნარკოპოლიტიკის უწყებათაშორისი საბჭოს სხდომა გააუქმა, რომელიც 16 ოქტომბერს უნდა ჩატარებულიყო. წულუკიანის განცხადებით, სხდომა აღარ ჩატარდება მანამ, სანამ ყველა არ გაიაზრებს, რომ ნარკოპოლიტიკის დეკრიმინალიზაციამდე გზა გადის ლიბერალიზაციაზე და პარლამენტში ამ საკითხზე კონსენსუსი უნდა იყოს.

წულუკიანმა განაცხადა, რომ 2013 წლიდან ის მხარს უჭერს ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას და „საბოლოოდ, როდესაც ამისი შესაძლებლობა იქნება, ნარკოპოლიტიკის დეკრიმინალიზაციას“.

„თანდათანობის გარეშე მე არ მგონია, რომ დღეს ჩვენ დეკრიმინალიზაციის მოთხოვნა მიგვიყვანს დეკრიმინალიზაციამდე. ვფიქრობ, როგორც ამ საბჭოს თავმჯდომარე, ლიბერალიზაციის ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი, რომ სწორედ ნაბიჯ-ნაბიჯ, ლიბერალური ნაბიჯებით უნდა მივიდეთ დეკრიმინალიზაციამდე. გული მწყდება იმასთან დაკავშირებით, რომ ზოგიერთ დაინტერესებულ მხარეს აქვს ძალიან არასწორი წარმოდგენა მიმდინარე რთული პროცესის შესახებ და აკეთებს განცხადებებს აბსოლუტურად გაუაზრებლად“, - განაცხადა წულუკიანმა.

როგორც მან აღნიშნა, 2013 წლიდან მთავრობამ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მხრივ რევოლუციური ნაბიჯები გადადგა.

„მაგალითად, ჩვენ შევძელით, რომ ციხეებში ის უნიკალური პროცესი დანერგილიყო, რაც ნარკოპოლიტიკის ერთ-ერთი ადამიანის უფლებებზე მორგებული კომპონენტი აღმოჩნდა ყველა ობიექტური შემფასებლის შეფასების თანახმად. ასევე, ჩვენ, საბჭო ვიყავით იმისი მონაწილე, რომ სერგეენკომ გადადგა შესანიშნავი ნაბიჯი და გაუქმდა მინისტრის ბრძანება, რომლის თანახმადაც, ზედოზირების შემთხვევაში ექიმი მანამდე ვალდებული იყო, პაციენტთან მისვლამდე პოლიცია ჩაერია საქმეში. იუსტიციის სამინისტრო გახლდათ ინიციატორი, ემუშავა პროკურატურასთან, შევძელით და გადავდგით უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი, როდესაც გავმიჯნეთ სისხლის სამართლის კოდექსში მოხმარებისა და გასაღების მუხლები. იყო ეს საკმარისი სისტემის გაადამიანურებისთვის? რა თქმა უნდა, არა, მაგრამ ამ ნაბიჯის გარეშე არ იქნებოდა და არ იქნება სხვა არაფერი.

შესაბამისად, მე ყველა დაინტერესებულ მხარეს მინდა, მოვუწოდო, რომ შეცვალოს მიდგომა, რომელიც გულისხმობს: ვინ ჰკითხავს პოლიციელს, ვინ ჰკითხავს პროკურორს, ვინ ჰკითხავს მოსამართლეს, ვინ ჰკითხავს ზოგიერთ დეპუტატს, რომელიც არ არის დეკრიმინალიზაციის მომხრე, რადგან მათ ყველას ეკითხება აზრი, ყველა მინისტრსა და პრემიერს ეკითხება აზრი და ეს არის სწორედ უწყებათაშორისი საბჭოს ფუნქცია.

იმ აჟიოტაჟიდან გამომდინარე, რომლის მომსწრეც გავხდი, მინდა, საზოგადოებას ვუთხრა, რომ ორშაბათს „თეთრი ხმაურის“ ნარკოპლატფორმის და სხვების, მათი წარმომადგენლების თხოვნით მოწვეული მყავდა უწყებათაშორისი კომისიის სხდომა, რომელსაც ახლა ვაუქმებ. ეს სხდომა აღარ ჩატარდება მანამ, სანამ სიტუაცია არ დაუბრუნდება მშვიდ მდგომარეობას და ყველა არ გავიაზრებთ იმას, რომ დეკრიმინალიზაციამდე გზა გადის ლიბერალიზაციაზე; რომ ყველა დაინტერესებული ძალოვანი სტრუქტურა უნდა იყოს ამაში ჩართული და პარლამენტში უნდა იყოს კონსენსუსი. მე ვიყავი მზად და მომავალშიც ვიქნები მზად, რომ შევასრულო დიალოგის გამაადვილებლის ფუნქცია“, - განაცხადა წულუკიანმა.

„თეთრი ხმაურის მოძრაობამ“ იუსტიციის მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა. „შევახსენებთ ხელისუფლებას, რომ საზოგადოება წლების განმავლობაში ითმენს ნარკოპოლიტიკის სახელით უდანაშაულო ხალხის ჩაგვრას და საკმარისზე დიდხანს იყო მშვიდად. მღელვარება აღარ ჩაცხრება. არ ვაპირებთ ვიყოთ ინერტულები, რადგან რეფორმის მოლოდინშია სახელმწიფოს მიერ გატარებული პოლიტიკით შეურაცხყოფილი ასიათასობით ადამიანი, როგორც საპატიმროებში, ისე მის გარეთ“, - აცხადებს თეთრი ხმაურის მოძრაობა.

12 ოქტომბერს გავრცელდა თეა წულუკიანის განცხადება პარლამენტში ინიცირებულ ნარკოპოლიტიკის საკანონმდებლო რეფორმასთან დაკავშირებით, სადაც ის ამბობს, რომ „არამც და არამც არ უნდა მოხდეს ნარკოტიკების დეკრიმინალიზაცია“. თეთრი ხმაურის მოძრაობის განცხადებით, მათთვის გაუგებარია, რამ განაპირობა მინისტრის პოზიციის ცვლილება, რადგან 2013 წელს თეა წულუკიანი ნარკოპოლიტიკის რეფორმია ერთ-ერთი პირველი ინიციატორი იყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]