„ახალი ქრისტიან-დემოკრატების“ თავმჯდომარემ გოჩა ჯოჯუამ თბილისის მერობიდან საკუთარი კანდიდატურა ირმა ინაშვილის სასარგებლოდ მოხსნა.
არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვეს იმავე პარტიიდან წარდგენილმა მერობის სხვა კანდიდატებმაც: ქუთაისში – გიორგი გოგელაშვილმა, საჩხერეში – თამაზ დოღაძემ, ჭიათურაში – მალხაზ კაპანაძემ, ხოლო ზესტაფონში კახაბერ კიკნაველიძემ.
„პატრიოტთა ალიანსის“ მერობის კანდიდატის სასარგებლოდ მოხსნა კანდიდატურა ქუთაისის მერობის კანდიდატმა „ტრადიციონალისტებიდან“ აკაკი ლოლომაძემ.
3 მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატები აღარ ეყოლება „პატრიოტთა ალიანსსაც”: ლაგოდეხში – ლაშა მახათაძე, ზესტაფონში – გიგა გაბრიჭიძე, ოზურგეთში – შოთა გოგიბერიძე.
მერობის ყველაზე მეტი კანდიდატი მოიხსნა საარჩევნო ბლოკიდან „გიორგი ვაშაძე – ერთობა ახალი საქართველო“: მარნეულში – ფუად კახრამანოვი, ახალციხეში – არზუმან ზოოროღლიანი, ადიგენში – არკადი საჰაკიანი, ხოლო ასპინძაში გალუსტ მკრტჩიანი. მათ ნაწილს საოლქო საარჩევნო კომისიამ წარდგენილ დოკუმენტაციაში ხარვეზები დაუდგინა, ნაწილმა კი კანდიდატურის მოხსნის გადაწყვეტილება თავად მიიღო.
ცაგერსა და ზუგდიდში მერობის კანდიდატების გარეშე დარჩა საარჩევნო ბლოკი „დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა – დემოკრატიული მოძრაობა – თავისუფალი საქართველო“. ცაგერში ბეჟან ღურჭუმალიძე, ზუგდიდში კი ზურაბ ჯინჯოლავა მერობისთვის აღარ იბრძოლებენ.
თეთრიწყაროში მერობის კანდიდატის გარეშე დარჩა საარჩევნო ბლოკი „ბაქრაძე, უგულავა – ევროპული საქართველო“, რომელსაც ამ მუნიციპალიტეტში რამაზ შავშიშვილი ჰყავდა წარდგენილი.
პარტიების გარდა, კანდიდატურები მოხსნეს დამოუკიდებელმა კანდიდატებმაც, თუმცა, მათი ნაწილი არჩევნებში მონაწილეობას ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის სახელით მიიღებს.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2017 წლის 21 ოქტომბერს გაიმართება.