weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მარნეულის გამგებელმა ერთ წელში 5 ბინა, 4 ავტოფარეხი და კომერციული ფართი იყიდა

13:49 ხუთშაბათი, 19 ოქტომბერი 2017

მარნეულის ყოფილმა გამგებელმა მერაბ თოფჩიშვილმა, რომელმაც თანამდებობა 2 თვის წინ დატოვა, ბოლო ერთი წლის განმავლობაში თბილისში მდებარე 5 საცხოვრებელი ბინა, 4 ავტოსადგომი და 1 კომერციული ფართი შეიძინა, რომელთა ღირებულება ჯამში 177 388 აშშ დოლარია.

მერაბ თოფჩიშვილი მარნეულის გამგებლად 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად იქნა არჩეული. ამ თანამდებობიდან იგი 2017 წლის 14 აგვისტოს საკუთარი განცხადების საფუძველზე გადადგა. 

ოფიციალურად დეკლარირებული ინფორმაციით, მერაბ თოფჩიშვილმა ბოლო ერთ წელიწადში შეიძინა ქალაქ თბილისში მდებარე 10 უძრავი ნივთი, რომელთა ჯამური ღირებულება 177 388 აშშ დოლარს შეადგენს. კერძოდ: 

  • 2016 წლის 12 ნოემბერს, - დიღომში, მეფე მირიანის ქუჩაზე მდებარე 144 კვ.მ კომერციული ფართი, ღირებული 50 300 აშშ დოლარად, რომელიც იმავე წელს 8 წლის ვადით გააქირავა.
  • 2017 წლის 7 მარტს, - იმავე ქუჩაზე, №102-ში მდებარე 5 მშენებარე საცხოვრებელი ბინა, რომელთა საერთო ფართობი 378 კვ.მ-ია, ღირებულება კი 124 488 აშშ დოლარი;  
  • 2017 წლის 7 მარტს, - იმავე მისამართზე მდებარე 4 მშენებარე ავტოფარეხი, რომელთა საერთო ღირებულება 3600 აშშ დოლარია.

ამასთან, საჯარო რეესტრის მონაცემებით, 2015 წელს მერაბ თოფჩიშვილმა გაცვლის ფორმით შეიძინა ყაზბეგში, დაბა გუდაურში მდებარე 781 კვ.მ არასასოფლო დანიშნულების ორი მიწის ნაკვეთი, რომელთა ღირებულება 51 100 აშშ დოლარია

2015 წლის აგვისტოში მარნეულის გამგებლის მეუღლემ თამარ ბურდულმა 3-წლიანი განვადებით იყიდა Toiota Prado-ს მოდელის ახალი ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით bu333rd, რომლის ღირებულება 79 506 ლარს შეადგენს. 

ყოფილი გამგებლის ბოლო ქონებრივ დეკლარაციაში მითითებულია, რომ მას ასევე გააჩნია ნაღდი ფული 30 000 აშშ დოლარის ოდენობით. 

მერაბ თოფჩიშვილმა გამგებლის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში ხელფასის სახით 2016 წელს 39 750 ლარი მიიღო (აქედან, პრემია - 7950 ლარი), 2015 წელს კი 50 350 ლარი (მათ შორის, პრემიის სახით - 18 550 ლარი). იმავე პერიოდში თამარ ბურდულის შემოსავალი ბიზნესიდან მხოლოდ 3500 ლარი იყო. 

შეგახსენებთ, რომ მერაბ თოფჩიშვილმა, რომელიც მარნეულში კოალიცია „ქართული ოცნებიდან“ წარდგენილი გამგებლობის კანდიდატი იყო, 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, საკუთარი კანდიდატურა პარტიის მითითებით მოხსნა.  თუმცა, რადგან კანდიდატურის მოხსნის ვადა უკვე ამოწურული იყო, მისი გვარი საარჩევნო ბიულეტენში მაინც დარჩა. ჩატარებული არჩევნების შედეგად მან ხმების 51,08 % მიიღო, რის შემდეგაც გამგებლის თანამდებობა დაიკავა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]