„ეს გაყალბება არ არის, ეს არის თავხედობა. თავხედობა ჩადენილი ქუცნაშვილის მიერ, რომელსაც ზურგს უმაგრებს რომელიმე მაღალი თანამდებობის პირი. ეს იქიდანაც ჩანს, რომ ის მხოლოდ თავისი ინიციატივით ვერ მოახერხებდა საკმაოდ წარმომადგენლობითი სპეცრაზმის ჩამოყვანას. ძირითადად მაინც იყო ორიენტირებული მე-20 უბანზე, რომლის გაყალბებასაც ცდილობდნენ. რამდენჯერმე გადათვალეს და როცა ხედავდნენ, რომ მთლიანად წაგებული ჰქონდათ, არ ამთავრებდნენ, საბაბს ეძებდნენ გაყალბების“, - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ თიანეთის N19 საარჩევნო ოლქის ოცივე უბნის შედეგები გამოაქვეყნა. ცესკოს მონაცემებით, თამაზ მეჭიაურს ხმების 50.01 % (3 077 ხმა) აქვს, მის კონკურენტს „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოდან“ ლელა ქიტესაშვილს კი 49.94 % (3 076 ხმა).
ვიდრე ცესკო–ს ვებგვერდზე თიანეთის ოცივე უბნის შედეგები გამოქვეყნდებოდა, თიანეთის საოლქო–საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გიორგი ცალუღელაშვილმა „რეგინფოს“ უთხრა, რომ ლელა ქიტესაშვილმა თამაზ მეჭიაურს არჩევნები 4 ხმით მოუგო.