weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

როგორ იზრდებოდა პარლამენტარ ვანო ზარდიაშვილის ოჯახის ქონება

16:07 ორშაბათი, 23 ოქტომბერი 2017

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ვანო ზარდიაშვილმა და მისმა მეუღლემ თინათინ აბრალავამ 2013 წლის შემდეგ თბილისში მდებარე 7 საცხოვრებელი ბინა და 1 კომერციული ფართი, ასევე ქალაქ ბათუმში 1 მშენებარე საცხოვრებელი ბინა შეიძინეს.

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტის წევრი 2016 წლის არჩევნების შედეგად „ქართული ოცნების“ პარტიული სიით გახდა. მანამდე, სამი წლის განმავლობაში, იგი სახელმწიფო აუდიტის სამსახურში მუშაობდა, იყო გენერალური აუდიტორის პირველი მოადგილე.

„ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში, 2004-2012 წლებში, ვანო ზარდიაშვილი სხვადასხვა დროს მუშაობდა იუსტიციის სამინისტროს აპარატში, იყო უშიშროების მინისტრის თანაშემწე, გენერალური პროკურორის მრჩეველი, განყოფილების უფროსი თბილისის მერიაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს აპარატის უფროსი და ა.შ.

2012 წლის მდგომარეობით, ვანო ზარდიაშვილის საკუთრებაში მხოლოდ ერთი უძრავი ნივთი ირიცხებოდა - ქ. თბილისში, ბახტრიონის ქუჩაზე მდებარე 117.0 კვ.მ ბინა, რომელიც მან 2011 წელს 90 000 აშშ დოლარად შეიძინა. 

ქონებრივი დეკლარაციების მიხედვით, 2013 წლის შემდეგ ვანო ზარდიაშვილმა და მისმა მეუღლემ თბილისში მდებარე 5 საცხოვრებელი ბინა და 1 კომერციული ფართი იყიდეს:

  • 2013 წელს - ვანო ზარდიაშვილმა იყიდა კეკელიძის ქუჩის №1-ში მდებარე 160.0 კვ.მ ბინა, ღირებული 105 000 აშშ დოლარად;
  • 2014 წელს - დოდაშვილის ქუჩის №1ა-ში მდებარე 4 მშენებარე საცხოვრებელი ბინა, რომელთა საერთო ფართობი 196 კვ.მ-ია, ღირებულება - 100 000 აშშ დოლარი;
  • 2017 წელს - პარლამენტის წევრის მეუღლემ თინათინ აბრალავამ 30 000 აშშ დოლარად იყიდა ჩოლოყაშვილის ქუჩაზე მდებარე 60.0 კვ.მ კომერციული ფართი. 

გარდა ამისა, საჯარო რეესტრის მონაცემებით, 2017 წლის აგვისტოში, თინათინ აბრალავამ კიდევ 3 საცხოვრებელი ბინა შეიძინა:

  • მან თავისი მამის ანზორ აბრალავასგან ჩუქების ფორმით მიიღო ქალაქ თბილისში, მიხეილ ჭიაურელის ქუჩის №9-ში, მე-6 სართულზე მდებარე 2 საცხოვრებელი ბინა, რომელთა ფართობი ჯამში 110 კვ.მ-ს აღემატება.
  • ქალაქ ბათუმში იყიდა ანგისას ქუჩაზე მდებარე მშენებარე კორპუსში, მე-9 სართულზე არსებული 51.6 კვ.მ ბინა.

ვანო ზარდიაშვილის ქონებრივი დეკლარაციების თანახმად, 2014 წლის 17 ივნისს მან აიღო იპოთეკური სესხი 131 000 აშშ დოლარის ოდენობით. სესხის ხელშეკრულების ვადა 12 წელი იყო, თუმცა მსესხებელმა 1 წლის განმავლობაში თანხა სრულად გადაიხადა. მანვე 2016 წლის ნოემბერში „თი ბი სი ბანკიდან“ 10 წლით აიღო 110 000 აშშ დოლარი, თუმცა დავალიანება იმავე წლის ბოლომდე მთლიანად დაფარა. 

ქონებრივ დეკლარაციებში ვანო ზარდიაშვილი აღნიშნავს, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში მისი და მეუღლის წლიური შემოსავალი საშუალოდ 122 196 ლარი იყო, წინა წლებში კი მნიშვნელოვნად ნაკლები. 

„რეგინფო“ წერდა, რომ თინათინ აბრალავა ყოფილი პარლამენტარის, „აღორძინების კავშირის“ წევრის ანზორ აბრალავას შვილია. იგი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 2010 წლის 1 ივნისიდან სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა. 2015 წლის 30 იანვრიდან უკავია მოსამართლეთა საქმიანობის შეფასების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა.

თინათინ აბრალავა შპს „პენტჰაუზში“ კაპიტალის 5 % წილის მფლობელია. „პენტჰაუზის“ საკუთრებაში ირიცხება ქ. თბილისში, ჟიული შარტავას ქუჩის №43-ში, „ოლიმპიური ვარსკვლავის“ მშენებარე კომპლექსში არსებული 4 საოფისე ფართი, რომელთა საერთო ფართობი 550,6 კვ.მ.-ია, ასევე 2 ავტოპარკინგი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]