weather cur horoscope tv
დეკემბერი 29, 2024

ქვემო ქედში, სადაც ოპოზიციამ 6 ხმით გაიმარჯვა, „ოცნება“ ხმების გადათვლას ითხოვს

21:15 ორშაბათი, 23 ოქტომბერი 2017

დედოფლისწყაროს საოლქო საარჩევნო კომისიას საჩივრებით მიმართეს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა მანანა ტოხიშვილმა და თამარ ბერიანიძემ, რომლებიც სოფელ ქვემო ქედში მაჟორიტარული არჩევნების ბიულეტენების გადათვლას ითხოვენ. ამის შესახებ „რეგინფოს“ საოლქო – საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ნინო მჭედლიშვილმა განუცხადა. ცესკო–ს მონაცემებით, ქვემო ქედში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა ავთანდილ ხარხელაურმა „ქართული ოცნების“ კანდიდატს გიორგი ხუმარაშვილს არჩევნები 6 ხმით მოუგო. ავთანდილ ხარხელაურს – 258 ხმა აქვს (48.04%), გიორგი ხუმარაშვილს კი 252 (46.93%).

ქვემო ქედში N15 საარჩევნო უბანზე რეგისტრირებული 825 ამომრჩევლიდან არჩევნებში მონაწილეობა 325–მა მიიღო. აქედან, 6 ხმა მიიღო „ევროპული საქართველოს“ კანდიდატმა დავით დიდებაშვილმა, 126 ხმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ ავთანდილ ხარხელაურმა, 9 ხმა „პატრიოტთა ალიანსიდან“ თემურ კურეტიშვილმა და 175 ხმა „ქართული ოცნებიდან“ გიორგი ხუმარაშვილმა. 6 ბიულეტენი ბათილად იქნა ცნობილი.

ამავე სოფლის N23 უბანზე რეგისტრირებული 622 ამომრჩევლიდან არჩევნებში მონაწილეობა 225–მა ადამიანმა მიიღო. „ევროპული საქართველოს“ კანდიდატს 3 ხმა აქვს, „ნაციონალური მოძრაობიდან“ ავთანდილ ხარხელაურს 132 ხმა, „პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატს 9 ხმა და „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატს გიორგი ხუმარაშვილს 77. ბათილად არის ცნობილი 3 ბიულეტენი. 

„ნაციონალური მოძრაობის“ დედოფლისწყაროს რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის ლევან ბაღაშვილის განცხადებით, ქვემო ქედი პარლამენტის წევრის, დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი შიოლაშვილის და „ქართული ოცნების“ სიის პირველი ნომრის, საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის ნუგზარ პაპიაშვილის სოფელია. „ამდენად, ცდილობენ ჩვენს კანდიდატს, რომელმაც არჩევნები 6 ხმით მოიგო, ხმები როგორმე წაართვან და გამარჯვებულად თავისი კანდიდატი გაიყვანონ“, – აღნიშნავს ლევან ბაღაშვილი.

დედოფლისწყაროს საოლქო – საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ნინო მჭედლიშვილის განცხადებით, საჩივრის ავტორები აღნიშნავენ, რომ ისინი ხმების დათვლის დროს უბანში იმყოფებოდნენ, ხმებს პარალელურ რეჟიმში ითვლიდნენ და მათ მიერ დათვლილი რაოდენობა შემაჯამებელ ოქმში შეტანილ მონაცემებს არ ემთხვევა.

საოლქო კომისიას საჩივრის განსახილველად 2 დღე აქვს. განხილვის დრო ჯერ ცნობილი არ არის. 

დედოფლისწყაროში ოპოზიციური პარტიების მაჟორიტარობის კანდიდატებმა არჩევნები მხოლოდ 2 სოფელში მოიგეს. სოფელ არხილოსკალოში „პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატმა შალვა ხორნაულმა 222 ხმა მიიღო (51.63%), „ქართული ოცნების“ კანდიდატმა დავით გიგაურმა კი 195 ხმა (45.35%).

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]