ცესკო–ს მონაცემებით, ქვემო ქედში ავთანდილ ხარხელაურს – 258 ხმა აქვს (48.04%), გიორგი ხუმარაშვილს კი 252 (46.93%).
დედოფლისწყაროს საოლქო–საარჩევნო კომისიაში გუშინ, საღამოს, „რეგინფოს“ უთხრეს, რომ საჩივრების ავტორები ქვემო ქედის საარჩევნო უბნებზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები მანანა ტოხიშვილი და თამარ ბერიანიძე იყვნენ. საჩივრების მიხედვით, აღნიშნული პირები ხმების დათვლის დროს უბანში იმყოფებოდნენ, ხმებს პარალელურ რეჟიმში ითვლიდნენ და მათ მიერ დათვლილი რაოდენობა შემაჯამებელ ოქმში შეტანილ მონაცემებს არ ემთხვევა.
„რეგინფოს“ მიერ არ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, თამარ ბერიანიძემ წერილობით გვაცნობა, რომ მას არც საუბნო და არც საოლქო კომისიისთვის საჩივრით არ მიუმართავს. „ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ საოლქო კომისიაში საჩივარი შესულია ჩემი სახელით, თითქოს მე დავაფიქსირე დარღვევები ქვემო ქედის N15 საარჩევნო უბანზე, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. საჩივრით არც საუბნო და არც საოლქო კომისიისთვის მე არ მიმიმართავს“, – აღნიშნავს თამარ ბერიანიძე.
დღეს, დილით, დედოფლისწყაროს საოლქო–საარჩევნო კომისიიდან „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა გიორგი ნასრაშვილმა საჩივრები უკან გაითხოვა. საოლქო კომისიაში დავაზუსტეთ, რომ კომისიაში ტოხიშვილის და ბერიანიძის სახელით საჩივრები გუშინ იგივე პირის, გიორგი ნასრაშვილის მიერ იყო წარდგენილი. ნასრაშვილს საოლქო კომისიაში განუმარტავს, რომ მან საჩივრების წარდგენის და შემდეგ უკან გათხოვის შესახებ დავალება „ქართული ოცნების“ დედოფლისწყაროს შტაბიდან მიიღო.
„რეგინფომ“ პარტია „ქართული ოცნების“ დედოფლისწყაროს შტაბიდან საჩივრების გაყალბებასთან დაკავშირებით კომენტარის მოპოვება ვერ მოახერხა.