„ჩვენ გვქონდა საკმაოდ ხანგრძლივი შეხვედრა ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსთან. მივიღეთ ძალიან მყარი გარანტიები აშშ-სთან ყველა მიმართულებით პარტნიორობის გაღრმავების კუთხით. ეს იყო ძალიან პოზიტიური შეხვედრა. გვქონდა საუბარი ურთიერთობებზე ყველა მიმართულებით. ეს არის თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულება, კულტურული ურთიერთობები, დემოკრატიული ინსტიტუციების განვითარებაში მომავალი მხარდაჭერა, ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება. მიმაჩნია, ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, რომელიც გაგრძელდა შემდგომ პრეზიდენტთან შეხვედრით. პრეზიდენტის მხრიდან ასევე მივიღეთ ძალიან მკაფიო გზავნილები საქართველოს მიმართ მხარდაჭერის თაობაზე და ჩვენ ვფიქრობთ, რომ მთლიანობაში ეს არის უმნიშვნელოვანესი საქართველოს მომავალი განვითარებისთვის, სტაბილურობისთვის ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი აშშ-ში სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით ვიცე-პრეზიდენტის მაიკლ პენსის მიწვევით იმყოფება.
შეგახსენებთ, 6 მაისს დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აქტს, სადაც საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ ჩანაწერი პირველად გაკეთდა. დოკუმენტის თანახმად, აშშ-ის დაფინანსებით ვერ ისარგებლებს ვერც ერთი ქვეყანა, რომელიც აღიარებს რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობას, ან მათთან დიპლომატიურ ურთიერთობებს დაამყარებს.