weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

საქართველოს ელჩი საბერძნეთში – კრიმინალური შემთხვევები უმთავრეს პრობლემად რჩება

11:22 კვირა, 05 ნოემბერი 2017

საბერძნეთისა და სერბეთის რესპუბლიკებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იოსებ ნანობაშვილი ბოლო პერიოდში საბერძნეთის სამართალდამცავების მიერ საქართველოს მოქალაქეების დაკავების ფაქტებს ეხმაურება. ელჩის განცხადებით, მიმდინარე ეტაპზე საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებული კრიმინალური შემთხვევების არსებობა საქართველოსა და საბერძნეთს შორის ურთიერთობებში უმთავრეს პრობლემად რჩება.

„ვფიქრობ, ზედმეტია იმის განმარტება, რომ ეს პრობლემა უაღრესად დიდ ზიანს აყენებს, როგორც ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ერის იმიჯს, ასევე საელჩოს საქმიანობას. მსგავსი ფაქტები მნიშვნელოვნად აფერხებენ საბერძნეთის ხელისუფლებასთან ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მოლაპარაკებას, ასევე საქართველოს მოქალაქეების მიმართ ბერძნულ საზოგადოებაში ქმნიან ძალზე ნეგატიურ ფონს“, აცხადადებს იოსებ ნანობაშვილი.

მისივე ინფორმაციით, საელჩო საბერძნეთის მთავრობის შესაბამისი სტრუქტურების უმაღლეს პირებთან, როგორც ოფიციალური, ასევე არაოფიციალური არხებით, მუდმივ დიალოგს აწარმოებს ორ საკითხზე, რომ განუხრელად იყოს დაცული საქართველოს მოქალაქეების უფლებები, მიუხედავად იმ დანაშაულის სიმძიმისა, რომელშიც მათ ედებათ ბრალი და არ იქნას დაშვებული მცდარი, ორაზროვანი ან გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება დანაშაულში ბრალდებული საქართველოს მოქალაეების შესახებ.

„დავუბრუნდები უკანასკნელ პერიოდში საქართველოს მოქალაქეების დაკავების შემთხვევებს და გაცნობებთ, რომ აღნიშნულ დაკავებებთან დაკავშირებით საელჩოს აქვს წინასწარი ინფორმაცია, როგორც ფაქტების დამახინჯების, ასევე ინფორმაციის გავრცელების კუთხით შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო სამსახურის მიერ დაშვებული გადაცდომების თაობაზე. მომავალი კვირის ბოლომდე ჩვენ გვექნება კომპეტენტური დასკვნა, რის საფუძველზეც, გარწმუნებთ, ჩვენი რეაგირება, ამ შემთხვევაშიც, იქნება დროული და ქმედითუნარიანი. მიმდინარე ეტაპზე, საელჩოს ხელთ უკვე არსებობს ყველა შესაბამისი ბერკეტი, რომ მსგავს ფაქტებზე მივიპყროთ როგორც საბერძნეთის მთავრობის, ასევე ბერძნული მასმედიისა და სამოქალაქო საზოგადოების ყურადღება. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ მოქმედებისას, თქვენთვის გასაგებ მიზეზთა გამო, საელჩო უპირატესობას ანიჭებს ყველა შესაბამისი ზომის გატარებას, შედარებით უხმაუროდ, პრობლემებისათვის ქართული მხარის დამაზიანებელი რეზონანსის მიცემის გარეშე.

მოგმართავთ ტრადიციული თხოვნით, დაელოდოთ ხსენებული მიმართულებით ჩვენი მუშაობის შედეგებს, აქტიურად ითანამშრომლოთ საქართველოს საელჩოს შესაბამის სამსახურებთან, მოერიდოთ გადაუმოწმებელი ინფორმაციების გავრცელებას, როგორც საელჩოს საქმიანობის შესახებ, ასევე ჩვენს დიასპორისათვის აქტუალურ თემებთან დაკავშირებით“, ნათქვამია საქართველოს ელჩის მიმართვაში.

31 ოქტომბერს საბერძნეთის პოლიცაიმ გამოაქვეყნა საქართველოს მოქალაქეების ფოტოები, რომლებიც თაღლითობის ბრალდებით არიან დაკავებულები. ბერძნული მედიის ცნობით, დაკავებულები ძირითადად ხანში შესულ ადამიანებს მოტყუებით ძარცვავდნენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]