„ველოდი სხვა გადაწყვეტილებას. მიმაჩნდა უფრო სამართლიანად, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ ეტაპზეც ვერ ვიპოვე სამართალი. დაკარგული ექვსი ბიულეტენი არის გავლენის მომხდენი შედეგზე და დიდი იმედი მქონდა, რომ საქალაქო სასამართლო მაინც სწორად წაიკითხავდა კანონს“, - განაცხადა ლელა ქიტესაშვილმა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას ის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
„ქართული ოცნებიდან“ თიანეთის მერობის კანდიდატმა თავდაპირველად ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართა. თუმცა, მისი საჩივარი ცესკომ არ დააკმაყოფილა, როგორც ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ, განაცხადა თიანეთის საოლქო-საარჩევნო კომისიის მიერ შემაჯამებელი ოქმი კანონიერად არის შედგენილი და მეორე ტურის დანიშვნის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
ლელა ქიტესაშვილი არ ეთანხმება შემაჯამებელ ოქმს, რომლის მიხედვითაც, თიანეთის მერის არჩევნებში 1 ხმით თამაზ მეჭიაურმა გაიმარჯვა. მისი განმარტებით, საოლქო კომისიამ ამომრჩეველთა ხმების რაოდენობა არასწორად დაითვალა და 3077 ხმა, რომელიც თამაზ მეჭიაურმა მიიღო, 50%-იანი ბარიერის გადასალახად საკმარისი არ არის.
თიანეთის საოლქო კომისიამ 1-ლი ნოემბრის განკარგულებით, მერის არჩევნებში გამარჯვებულად თამაზ მეჭიაური გამოაცხადა. შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, მეჭიაურს 3077 ხმა აქვს, ლელა ქიტესაშვილს კი 3076. ლელა ქიტესაშვილს 50%-იანი ბარიერის გადალახვასთან დაკავშირებით საკითხი სადავოდ არ გაუხდია მაშინ, როცა საოლქო-საარჩევნო კომისიის მიერ შეცვლილი გადაწყვეტილებით არჩევნებს თავად იგებდა 4 ხმით, ვიდრე კომისიის ეს გადაწყვეტილება მცხეთის რაიონულმა სასამართლომ არ გააუქმა. ქიტესაშვილმა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, მაგრამ გადაწყვეტილება უცვლელი დარჩა.
ლელა ქიტესაშვილს მხარს თიანეთის, დუშეთისა და ყაზბეგის მაჟორიტარი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი უჭერს. ქუცნაშვილი და მეჭიაური დაპირისპირებულები არიან და ერთმანეთს კორუფციაში ადანაშაულებენ.
მეჭიაურის განცხადებით, მერის მოვალეობის შესრულების დაწყებისთანავე ის თიანეთის გამგეობაში აუდიტს მიიწვევს და საბიუჯეტო ხარჯების მიზნობრიობის შემოწმებას ჩაატარებს. მეჭიაური ვარაუდობს, რომ ქუცნაშვილის დავალებით, შესაძლოა, საკრებულომ მას იმპიჩმენტი მოუწყოს.