„კაცი, რომელსაც ბეგი სიორიძე ჰქვია, არ უნდა ოზურგეთს და ძალით გვახვევს თავს ვიღაც ჯგუფი. რატომ არის ასეთი მოსყიდვები, ძალადობა და დაშანტაჟებები? კონკრეტული მოთხოვნა გვაქვს, რომ სიორიძე აქედან მოაშორონ, როგორც მოიყვანეს ისე“, - განაცხადა კონსტანტინე შარაშენიძემ.
აქციის მონაწილეებმა საქართველოს პრეზიდენტისთვის, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარისთვის გასაგზავნ მიმართვაზე მოაწერეს ხელი.
როგორც მიმართვაშია აღნიშნული, ხელისუფლების სრული გულგრილობის ფონზე, დანაშაულებრივი მეთოდებით ადგილობრივ ხელისუფლებაში დარჩენას კრიმინალური მენტალობის კორუმპირებული დაჯგუფება ცდილობს.
აქციაზე განაცხადეს, მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის შტაბის წევრი - გიორგი როყვა მეორე დღეა გაუჩინარებულია, რასაც მასზე განხორციელებულ ზეწოლას უკავშირებენ.
იმ შემთხვევაში თუ თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური მშვიდობიან გარემოში არ ჩატარდება, შარაშენიძის მხარდამჭერები კენჭისყრის დღესვე სრულ დაუმორჩილებლობას გამოაცხადებენ.
შეგახსენებთ, რომ ოზურგეთში მერის არჩევნების მეორე ტური 12 ნოემბერს გაიმართება. 21 ოქტომბრის კენჭისყრაზე მერის თანამდებობის დასაკავებლად საჭირო მხარდაჭერა ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მოიპოვა. ცესკოს მონაცემებით, ოზურგეთის N60 საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა ბეგლარ სიორიძემ 43.25% (14 801 ხმა) მიიღო, ხოლო დამოუკიდებელმა კანდიდატმა კონსტანტინე შარაშენიძემ – 41.86% (14 294 ხმა).