weather cur horoscope tv
დეკემბერი 06, 2024

მთავრობის ადმინისტრაციის ჩინოვნიკები პრემიერის ხელფასზე მეტ დანამატებს იღებენ

13:33 პარასკევი, 10 ნოემბერი 2017

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა მაია ცქიტიშვილმა 2016 წელს პრემია-დანამატის სახით 52 020 ლარი აიღო, მისმა მოადგილემ ნინო კობახიძემ - 59 100 ლარი, ხოლო ერთ-ერთი დეპარტამენტის უფროსმა მაია ბიგვავამ - 62 047 ლარი. პრემიერ-მინისტრის წლიური ხელფასი 51 370 ლარია.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის საშტატო ნუსხით, რომელიც პრემიერ-მინისტრის მიერ არის დამტკიცებული, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობრივი სარგო თვეში 3540 ლარია, მისი მოადგილისა - 2950 ლარი, დეპარტამენტების უფროსებისა კი 2900 ლარი. ამასთან, ადმინისტრაციის მაღალი თანამდებობის პირებს სარგოზე მეტი ოდენობით ყოველთვიური დანამატები აქვთ დანიშნული, სადღესასწაულო დღეებში კი პრემიებსაც იღებენ.

ოფიციალურად დეკლარირებული ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა მაია ცქიტიშვილმა 2016 წელს ჯამში მიიღო 94 500 ლარის ოდენობით ანაზღაურება, საიდანაც თანამდებობრივი სარგო 42 480 ლარია, პრემია-დანამატის თანხა - 52 020 ლარი.

ასევე 94 500 ლარი იყო მაია ცქიტიშვილის ყოფილი მოადგილის ნინო კობახიძის წლიური ანაზღაურება, მათ შორის, თანამდებობრივი სარგო - 35 400 ლარი, ხოლო პრემია და დანამატები - 59 100 ლარი.

ორივე ხელმძღვანელზე მეტი ანაზღაურება აიღო მთავრობის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა მაია ბიგვავამ, რომლის წლიური ხელფასი 96 847 ლარი იყო. აქედან, სარგოს ოდენობა შეადგენდა 34 800 ლარს, პრემია-დანამატებისა კი 62 047 ლარს.

მნიშვნელოვნად ნაკლები იყო ადმინისტრაციის სხვა დეპარტამენტების უფროსების ანაზღაურება. მაგალითად, ადმინისტრაციული მართვის დეპარტამენტის უფროსმა ილია ბეგიაშვილმა 80 300 ლარი მიიღო (პრემია და დანამატი - 45 500 ლარი), იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა სოფიო სიჭინავამ - 71 972 ლარი (პრემია და დანამატი - 37 172 ლარი), საფინანსო დეპარტამენტის უფროსმა ზურაბ წითლაურმა - 62 900 ლარი (პრემია და დანამატი - 28 100 ლარი).

აღსანიშნავია, რომ მთავრობის ადმინიტრაციის უფროსის ანაზღაურება წინა პერიოდში გაცილებით მეტს შეადგენდა. კერძოდ, 2014 წელს მაია ცქიტიშვილმა 105 915 ლარი მიიღო, 2015 წელს კი 98 240 ლარი.

„რეგინფო“ წერდა, რომ 2016 წელს მთავრობის ადმინისტრაციაში დასაქმებულ 222 საჯარო მოხელეზე შრომის ანაზღაურების სახით სულ 8 771 900 ლარი გაიცა. აქედან, თანამდებობრივი სარგო 4 871 600 ლარი იყო, დანამატები - 3 490 200 ლარი, ხოლო პრემია 410 100 ლარი. გარდა ამისა, 1 660 000 ლარი მიიღეს ადმინისტრაციის შტატგარეშე თანამშრომლებმა.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]