„ჩვენი ქვეყნისთვის ამ ორი უმნიშვნელოვანესი სფეროს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის გაერთიანება აპრობირებულია ბევრ განვითარებულ ქვეყანაში. სწორედ ასეთი მოდელი მოქმედებს წარმატებულ ევროპულ ქვეყნებში - ესპანეთში, ავსტრიაში, ჰოლანდიაში. მსგავსი მოდელებია პორტუგალიაში, საფრანგეთში, იტალიასა და ბულგარეთში. ეს მიდგომა უზრუნველყოფს ორივე მიმართულების კიდევ უფრო გაძლიერებას და არავითარ შემთხვევაში, რომელიმე მათგანის შესუსტებას“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.
მთავრობაში დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილებების შედეგად, 18 სამინისტროდან 14 დარჩება. 4 უწყება – ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროები, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი სხვა უწყებებს უერთდება.
საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, მთავრობის თავდაპირველი შემადგენლობის 1/3-ით განახლების შემთხვევაში, მთავრობა და სამთავრობო პროგრამა ნდობის მისაღებად პარლამენტს წარედგინება.