weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ვემიჯნები წულუკიანის უპასუხისმგებლო განცხადებას ომბუდსმენზე - საპარლამენტო უმრავლესობის წევრი

01:03 პარასკევი, 17 ნოემბერი 2017

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შოთა შალელაშვილი უპასუხისმგებლოს უწოდებს იუსტიციის მინისტრის დღევანდელ განცხადებას, რომლითაც თეა წულუკიანმა „პირველი უსამართლო ომბუდსმენი“ უწოდა მოქმედ სახალხო დამცველს უჩა ნანუაშვილს.

„მე კი ვფიქრობ, რომ ასეთი უპასუხისმგებლო განცხადება არ გაუკეთებია „ქართული ოცნების“ არცერთ ლიდერს და პოლიტიკური თანამდებობის პირს. იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის დღევანდელი განცხადება სახალხო დამცველის მიმართ, როგორც პოლიტიკური, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით აბსოლუტურად გაუმართლებელი ნაბიჯია, რომელსაც მთლიანად ვემიჯნები და ვეხმაურები იმ მოტივაციით, რომ მომავალში არცერთი ჩინოვნიკი აღარ მისცემს თავს უფლებას, მსგავსი უპასუხისმგებლო შეფასებები გამოხატოს, ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კონსტიტუციური ინსტიტუციის მისამართით, - აცხადებს შოთა შალელაშვილი.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მოუწოდებს ყველას, პატივი სცენ კონსტიტუციურ ორგანოებს, თანამდებობის პირებს, რომლებიც კონსტიტუციით თუ სხვა სამართლებრივი აქტებით ახორციელებენ თავიანთ უფლებამოსილებას, მიუხედავად იმისა, ვინმეს მოსწონს თუ არა მათი სამართლებრივი შეფასებები.

„2012 წელს, სწორედ ჩვენი ხელისუფლების პირობებში, საქართველოს პარლამენტის მიერ 88 ხმით იქნა მხარდაჭერილი მოქმედი ომბუდსმენის კანდიდატურა. ქართულ პოლიტიკურ სივრცეში პრაქტიკულად ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელმაც 2012 წლის შემდეგ შეძლო ადამიანის უფლებების აღიარება, განმტკიცება და დაცვის უზრუნველყოფა, ეს არის „ქართული ოცნება“ და სწორედ, ამ პოლიტიკური ძალის ღირსების და სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე არ ვაპირებ თვალი დავხუჭო მსგავს უსამართლობაზე.

ყოველთვის, ყურადღებით ვადევნებ თვალს ომბუდსმენის საქმიანობას და ანგარიშს, ასევე მისასალმებელი ფაქტია, რომ არცერთი საერთაშორისო ან/და ადგილობრივი ავტორიტეტული ორგანიზაციიდან არ გაჩენილა პრეტენზიები მისი მისამართით", - აღნიშნავს შალელაშვილი.

შეგახსენებთ, წულუკიანმა უჩა ნანუაშვილს პირველი უსამართლო ომბუდსმენი უწოდა მას შემდეგ, რაც გუშინ, სახალხო დამცველმა ე.წ. „ციანიდის საქმეზე“ მონიტორინგის ანგარიში გამოაქვეყნა და კრიტიკული შეფასებები გააკეთა. სახალხო დამცველის განცხადებით, დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენში არ არის განხილული რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, მტკიცების ტვირთი გადატანილია ბრალდებულზე და მტკიცებულებათა შეფასებისას გონივრულად წარმოშობილი ეჭვი ბრალდებულის საწინააღმდეგოდაა გადაწყვეტილი, რაც ეწინააღმდეგება კონსტიტუციას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]