weather cur horoscope tv
ნოემბერი 05, 2024

ბორჯომში საკრებულოს თავმჯდომარის არჩევნებს „ოცნება“ არალეგიტიმურს უწოდებს

22:18 ორშაბათი, 20 ნოემბერი 2017

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა დილიდან ხმაურით მიმდინარეობდა. ოპოზიციამ გააპროტესტა რომ პირველივე სხდომის დღის წესრიგში არ იყო შეტანილი კომისიების შექმნის და თავმჯდომარეების არჩევის საკითხი.

„ხელისუფლებას არ უნდა თბილი სკამების, თანამდებობების დატოვება. კანონში გაწერილია, რომ კომისიების თავმჯდომარეების არჩევის საკითხი პირველივე სხდომის დღის წესრიგში უნდა ყოფილიყო შეტანილი. ვინ შეადგინა დღის წესრიგი და რატომ არ არის ეს საკითხი, არავინ არის პასუხისმგებელი. სინამდვილეში, ეს არის ბორჯომის მაჟორიტარი დეპუტატის გედევან ფოფხაძის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დავალება“, - განაცხადა ლეიბორისტული პარტიიდან ბორჯომის საკრებულოს წევრმა გიორგი გიუაშვილმა.

სამცხე–ჯავახეთის რეგიონში ბორჯომი ერთადერთი მუნიციპალიტეტია, სადაც მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ უმცირესობაშია. საკრებულოში სულ 28 დეპუტატია, აქედან მხოლოდ 13 წარმოადგენს „ქართულ ოცნებას“. დანარჩენი 15 დეპუტატი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელია. მათი ვარაუდით, პირველივე სხდომის დღის წესრიგში კომისიების ხელმძღვანელების არჩევის საკითხი იმიტომ არ შეიტანეს, რომ მომდევნო სხდომამდე ზეწოლის შედეგად ოპოზიციიდან რამდენიმე წევრი გადაიბირონ, ან დააშინონ, რომ სხდომაზე არ გამოცხადდნენ და უმრავლესობით თვითონ მიიღონ გადაწყვეტილება.

ოპოზიციის მოთხოვნის შედეგად სხდომის დღის წესრიგი შეიცვალა და კომისიების დაკომპლექტების და თავმჯდომარეთა არჩევის საკითხები დაემატა, თუმცა დეპუტატები ამჯერად სამანდატო კომისიის დაკომპლექტებაზე ვერ შეთანხმდნენ. პირველი სხდომის დროებითმა თავმჯდომარემ, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა ანდრო თედიაშვილმა დღის განმავლობაში შესვენება რამდენჯერმე გამოაცხადა, მოგვიანებით კი „ქართულმა ოცნებამ“ სხდომათა დარბაზი საერთოდ დატოვა. საკრებულოში პოლიციაც გამოიძახეს იმის გამო, რომ „ქართული ოცნებიდან“ წევრმა ოთარ არბოლიშვილმა ლეიბორისტების წევრს წყლის ბოთლი ესროლა. რამდენიმე დეპუტატი დაკითხვაზე დაიბარეს. დაძაბული ვითარების გამო სხდომის მონაწილეებს სასწრაფო სამედიცინო დახმარებაც დასჭირდათ, ერთ-ერთი დეპუტატი ექიმებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ოპოზიციიდან საკრებულოს წევრებმა მუშაობა გააგრძელეს. 15 ხმით საკრებულოს თავმჯდომარედ „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელი ზაზა ჩაჩანიძე აირჩიეს, მოადგილედ კი გიორგი გოგიჩაიშვილი. საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ვახტანგ ქვათაძეც იყო დასახელებული.

ბორჯომის საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ლევან დევიძემ დღის ბოლოს განაცხადა, რომ ახალარჩეულმა საკრებულომ ვერ ცნო საკუთარი უფლებამოსილება. შესაბამისად, 10 დღის ვადაში საკრებულოს პირველი სხდომა უნდა დაინიშნოს.

ზაზა ჩაჩანიძე ბორჯომში 2014 წლის მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე იყო „ქართული ოცნებიდან“. თანამდებობიდან ის არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე გადადგა და „პატრიოტთა ალიანსს“ შეუერთდა. 21 ოქტომბერს გამართულ თვითმმართველობის არჩევნებში ზაზა ჩაჩანიძე კენჭს იყრიდა ბორჯომის მერად. არჩევნების პირველ ტურში 50%–იანი ბარიერი ვერცერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა. „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ლევან ლიპარტიამ ამომრჩეველთა ხმების 40.3% (5059 ხმა) მიიღო, მეორე ადგილზე კი ჩაჩანიძე გავიდა, რომელმაც ხმების 40.15% (5035 ხმა) მოაგროვა. 12 ნოემბერს გამართულ მეორე ტურში ჩაჩანიძემ ხმების 44,78% მოაგროვა, "ქართული ოცნებიდან" ლევან ლიპარტიამ კი 55,22%.

ტელეკომპანია ბორჯომი

მაუწყებლობს ბორჯომის რაიონსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე. ძირითადად აშუქებს სამცხე–ჯავახეთის რეგიონში განვითარებულ მოვლენებს. ასევე, ამზადებს საზოგადოებრივ–პოლიტიკურ გადაცემებს. ტელეკომპანიის ვებგვერდია http://borjomi.tv  

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]