weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

შუახევის საკრებულოს თავმჯდომარედ გიორგი დავითაძე აირჩიეს

16:23 სამშაბათი, 21 ნოემბერი 2017
ფოტოზე გიორგი დავითაძე ფოტოზე გიორგი დავითაძე

შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ „ქართული ოცნების“ წევრი გიორგი დავითაძე აირჩიეს, რომელმაც 20 ნოემბერს ჩატარებულ სხდომაზე თანაგუნდელებისგან ხმების საჭირო რაოდენობა ვერ მიიღო. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, სოსლან ზოიძის განცხადებით, საკრებულოს წევრებზე ზეწოლა განხორციელდა და გაკონტროლების მიზნით, ისინი აიძულეს ბიულეტენებზე არჩევანი სამკუთხედის ან ოთკუთხედის შემოხაზვით დაეფიქსირებინათ.

„აჭარის ტელევიზიის“ ინფორმაციით, საკრებულოში დღეს ჩატარებული კენჭისყრის შედეგად 8 ბიულეტენზე სამკუთხედის შემოხაზვის ფაქტი დაფიქსირდა. კენჭისყრაში მონაწილეობა 20-მა დეპუტატმა მიიღო, საიდანაც 19 „ქართული ოცნების“, ერთი კი „ევროპული საქართველოს“ წევრია. ხმის მიცემაზე უარი თქვა ორმა წევრმა, კიდევ ორი კი დღევანდელ სხდომას არ ესწრებოდა. გიორგი დავითაძემ კენჭისყრაში მონაწილე 20-ვე დეპუტატის მხარდაჭერა მიიღო.

„გუშინ სუს-ი იყო ჩართული და კონკრეტულად იმ საკრებულოს წევრებს მოსთხოვეს სამკუთხედებისა და კვადრატების შემოხაზვა, ვისაც გუშინ კითხვის ნიშნები გაუჩნდათ. ეს განცხადება კენჭისყრამდე გავაკეთე, რადგან ზუსტად ვიცოდი, რომ დაავალეს ასე შემოეხაზათ, რათა ბოლომდე გაშიფრულიყვნენ. მივიღეთ ინფორმაცია, რომ 8 დეპუტატიდან, რომელმაც გუშინ ხმა არ მისცა, სამს უთხრეს, რომ ოთკუთხედებს შემოხაზავდნენ, საკრებულოს ხუთ წევრს კი სამკუთხედების შემოხაზვა დაავალეს“, - განაცხადა სოსლან ზოიძემ.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ოპოზიციონერი დეპუტატის ბრალდებას უარყოფენ და აცხადებენ, რომ დღესაც, ისევე როგორც გუშინ, შუახევის საკრებულოს თავმჯდომარის არჩევის პროცესი დემოკრატიულად წარიმართა. „დეპუტატის უფლებაა, როგორც უნდა ისე შემოხაზოს ბიულეტენი“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა ხვიჩა შარაშიძემ.

გიორგი დავითაძე ახალარჩეული საკრებულოს პირველ სხდომაზე საკრებულოს წევრებმა თავმჯდომარედ არ აირჩიეს. საკრებულოს 24 დეპუტატიდან გუშინდელ სხდომაში 23 მონაწილეობდა. დავითაძეს მხარი მხოლოდ 12-მა წევრმა დაუჭირა. თავმჯდომარის ასარჩევად 13 ხმა იყო საჭირო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]