weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

თინა ხიდაშელი ხელისუფლებას - გვითხარით რა ალაგმეთ, რისგან გადაგვარჩინეთ?

02:34 ხუთშაბათი, 23 ნოემბერი 2017

მოსახლეობა იმსახურებს, უთხრათ, რა ალაგმეთ, სახელმწიფომ რა არ დაუშვა, ტერაქტი ალაგმეთ? შეიარაღებული დაჯგუფება ალაგმეთ?- ამ კითხვებით მიმართა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, არჩილ თალაკვაძეს „რუსთავი 2“-ის ეთერში.

„ძალიან ლეგიტიმური, ფუნდამენტური კითხვები არსებობს, რომელიც მთელი დღის განმავლობაში დაგროვდა. თქვენთვის ძალიან კომფორტულია „ნაცონალურ მოძრაობასთან“ კამათი. ყოველთვის შეგიძლიათ თემა გადაიტანოთ. თქვენ ხართ ხელისუფლებაში დღეს და კითხვები თქვენთან არის - არა ლაფანყურის სპეცოპერაციაზე, არა ადამიანის უფლებებზე, რომლებსაც „ნაციონალური მოძრაობის“ დროს არღვევდნენ, არა იმ სისხლიან 9 წელზე, არამედ თქვენთან, იმიტომ, რომ თქვენ ხართ დღეს ხელისუფლება. ისევე როგორც გუშინ ჩემთან იყო, როცა მეც ვიყავი ამ ხელისუფლების ნაწილი.

ამაზე უფრო მნიშვნელოვანი არაფერი არ არის, რომ ადამიანები სიცოცხლე გადარჩეს და ძალიან სამწუხაროა, რომ ერთი სპეცრაზმელი დავკარგეთ. ძალიან ღირებულია, რომ მოსახლეობის ნაწილში არ გვქონია რაიმე პრობლემა. მაგრამ კითხვა მაინც იგივე რჩება. განსაკუთრებით ვახტანგ გომელაურის ბოლო განცხადებებიდან გამომდინარე. ეს რაიმე პროცესის პირველი სერიაა თუ ამით დამთავრდა ყველაფერი. მთავარი კითხვა, რომელზეც პასუხი გაქვთ გასაცემი, ეს არის. თუ დღეს დამთავრდა ყველაფერი, ჩვენ შეგვიძლია მშვიდად ცხოვრება განვაგრძოთ, თუ ეს არის რაღაცის პირველი სერია, თქვენ მოსახლეობას უნდა მოუყვეთ უსაფრთხოების ზომებზე, ხვალ როგორ უნდა მოიქცნენ, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში როგორ უნდა იყვნენ. მთავარი პრობლემა, რომელიც თქვენ დღეს გააჩინეთ, არის ამ კითხვაზე პასუხის არარსებობა. თქვენ გააჩინეთ უზარმაზარი სივრცე სპეკულაციებისთვის და ისეთმა ადამიანებმა, რომელთაც პოლიტიკური დღის წესრიგი არ აქვთ, დღეს ხმამაღალი განცხადებები გააკეთეს მოსალოდნელი ტერაქტების შესახებ.  განცხადებები იმაზე, რომ გამოძიება მოგიყვებათ ხვალ და ზეგ საქმის კვალიფიკაციის შესახებ, არაკვალიფიციური და არადამაჯერებელია იმიტომ, რომ სპეცოოპერაცია ჩატარდა. როცა სპეცოპერაცია ტარდება და წინასწარ გვეუბნებით, რომ გარკვეული დრო ამაზე დაკვირვება მიმდინარეობდა, ეს იმას ნიშნავს, რომ კვალიფიკაცია არსებობს.

მოსახლეობა იმსახურებს მათ უთხრათ, რა ალაგმეთ. სახელმწიფომ რა არ დაუშვა? სად გადაგვარჩინა? რაში დაგვიცვა? ტერაქტი ალაგმეთ? შეიარაღებული დაჯგუფება ალაგმეთ, რომელიც არ იცით რას აპირებდა, თუ რა ალაგმეთ? ვალდებული ხართ მოსახლეობას უთხრათ რა გაანეიტრალეთ, რაზე უნდა გადაგიხადოთ მადლობა.

არჩილ თალაკვაძის თქმით, უსაფრთხოების რისკები მთელ მსოფლიოში არსებობს და საქართველოც ამ რისკების ველშია. მისივე თქმით, ტერორიზმთან ბრძოლა გრძელი ბრძოლაა.

„როგორც პარლამენტის წევრი გეტყვით, რომ გამოძიებამ ყველა ლეგიტიმურ კითხვას პასუხი უნდა გასცეს და აუცილებლად ისიც უნდა იყოს გამოძიებული და ბოლომდე გარკვეული, ეს ყველაფერი არის გლობალური თუ უფრო მნიშვნელოვანი კონტექსტის ნაწილი. ასევე, მოსახლეობას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია, როგორია საფრთხეების დონე  ჩვენს ქვეყანაში. ჯერჯერობით საფრთხის დონე არის იგივე, რაც იყო. საქართველო არის უსაფრთხო ქვეყანა. ხვალიდან დავუბრუნდებით ცხოვრების ჩვეულ რეჟმს მაგრამ ეს იმის ხარჯზე, რომ პოლიცია და ყველა შესაბამისი სტრუქტურა იქნება კვლავ მოწოდების სიმაღლეზე“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

21-22 ნოემბერს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე კონტრტერორისტული ოპერაცია ჩატარდა. ოფიციალური ცნობით, სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდირებულია დანაშაულებრივი ჯგუფის 3 წევრი, ერთი კი დაკავებულია. დაჭრილია 4 სამართალდამცავი, ერთი სპეცრაზმელი კი დაღუპულია. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში არ აკონკრეტებენ, რა მუხლით მიმდინარეობს გამოძიება მომხდართან დაკავშირებით. უცნობია რომელი ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები და რომელ ორგანიზაციას წარმოადგენდნენ ისინი.

კავკასიის ხალხთა ინტეგრაციის ფონდის ხელმძღვანელის უმარ იდიგოვის განცხადებით, ოჯახი, რომლის წინააღმდეგაც თბილისში სპეცოპერაცია ჩატარდა, საქართველოში ჩეჩნეთიდან იყო ჩამოსული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]