weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მხოლოდ ახალგაზრდებთან საუბრით შეიძლება გამოვიტანოთ დასკვნები - კვირიკაშვილი

12:23 ხუთშაბათი, 07 დეკემბერი 2017

„სახელმწიფომ პირველ რიგში, მაგრამ, მთლიანად საზოგადოებამ უნდა ისაუბროს ახალგაზრდებთან. ჩვენ უნდა გავიგოთ მათი დამოკიდებულება, მათი აზრი, როგორ უყურებენ ისინი ამ პრობლემას, რას ფიქრობენ არა მხოლოდ იმაზე, რომ ასეთი ძალადობა არ მოხდეს, არამედ მთლიანად იმ პრობლემებზე, რომლებიც ჩვენი საზოგადოების, ჩვენი ოჯახების წინაშე დგას. მხოლოდ და მხოლოდ ახალგაზრდებთან საუბრით შეიძლება ჩვენ გამოვიტანოთ დასკვნები და დავსახოთ სამომავლო სტრატეგიები“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე თბილისსა და წყალტუბოში მოსწავლეთა მკვლელობის ფაქტებთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ კომპლექსურად უნდა გაანალიზოს ეს საკითხი და დროის მინიმალურ პერიოდში მოხერხდეს იმ ზომების გატარება, რომლებიც პირველ რიგში თავიდან აგვაცილებს ასეთ რამეს, პრევენციას მოახდენს.

პრემიერმა განათლების მინისტრს დაავალა, მაქსიმალურად მოკლე პერიოდში გააქტიურდეს საუბარი ახალგაზრდებთან, სწორი დასკვნების გამოსატანად.

„რათქმაუნდა, სახელმწიფომ უნდა მიიღოს ყველა ზომა, მათ შორის სამართალდამცავების კუთხით, რათა ასეთი ტრაგედია არ განმეორდეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეფექტურად იმუშავა პროკურატურასთან ერთად და ვფიქრობ, ყველას გაუქრა ეჭვი იმის თაობაზე, რომ შეიძლებოდა, ვინმე ამ ტრაგედიის შემდეგ დაუსჯელი დარჩენილიყო. მაგრამ, კიდევ ერთხელ ვამბობ, მთავარი მაინც არის ის, რომ მომავლისთვის შევიმუშაოთ სწორი გზები, რათა ასეთი ტრაგედია თავიდან ავიცილოთ.

ჩვენ არ გვჭირდება ტომებად დაწერილი სტრატეგიები, რომლებიც შეიძლება არასოდეს განხორციელდეს. ჩვენ გვინდა ახლავე გარკვეული ზომების მიღება იმისათვის, რომ სკოლა, მისი ტერიტორია და მათ შორის მისი შემოგარენიც იყოს დაცული და მშობლებს არ ეშინოდეთ სკოლაში ბავშვების გაშვება.

კიდევ ერთხელ ვამბობ - იმისათვის, რომ ეს პრობლემა გადავჭრათ, ჩვენ გვჭირდება საუბარი ჩვენს შვილებთან, ჩვენს ახალგაზრდებთან. მეტად უნდა მოვუსმინოთ მათ; მათ აქვთ იდეებიც, თავიანთი დამოკიდებულება, რომელიც შეიძლება, ამა თუ იმ საკითხის მიმართ ჩვენი დამოკიდებულებისგან განსხვავებული იყოს და ეს დამოკიდებულება ძალიან ხშირ შემთხვევაში გასათვალისწინებელია ხოლმე“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, ამასთან ერთად, საჭიროა მუშაობა კანონმდებლობის კუთხითაც. „ჩვენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით არასრულწლოვანთა დანაშაულისადმი სახელმწიფოს დამოკიდებულების კუთხით, მაგრამ ვფიქრობ, შედეგები, რომლებიც დღეს გვაქვს, მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ რაღაც გამოგვრჩა. ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო იუსტიციის მინისტრს, მაქსიმალურად მოკლე მონაკვეთში, პირველ რიგში პრევენციული ზომები მივიღოთ ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებაში, მაგრამ უფრო საშუალო და გრძელვადიან პერიოდში ვიფიქროთ, რა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ეს ფონი მოიხსნას. ჩვენ, მოზრდილებს გვმართებს პირველ რიგში ალბათ იმ აგრესიული ფონის მოხსნა, რომელიც ჩვენს საზოგადოებაშია“, - აღნიშნა კვირიკაშვილმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]