კონსტიტუციური კანონის პროექტის მიხედვით პრეზიდენტს საარჩევნო კოლეგია ირჩევს, მაჟორიტარული სისტემა უქმდება, ოჯახის დეფინიცია განისაზღვრება, გენერალურ პროკურორს პარლამენტი ამტკიცებს, მოსამართლეების წარდგენა-დანიშვნაში პრეზიდენტის უფლებები იზღუდება, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია ჩაიწერება, პარლამენტის ადგილსამყოფელი განსაზღვრული არ არის.
პროექტის საჯარო განხილვა 5 მაისს დაიწყო. ცვლილებები სულ 11 ქალაქში უნდა წარადგინონ. თელავის შემდეგ, 13 მაისს განხილვა გაიმართება მცხეთაში – სპორტულ დარბაზში, 14 მაისს რუსთავში – გ. ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის თეატრში და 15 მაისს თბილისში – უნივერსიტეტის პირველ კორპუსში. შეხვედრები უკვე გაიმართა ქუთაისში, ამბროლაურში, ჩოხატაურში, ბათუმში, ზუგდიდში, ახალციხესა და გორში.
საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტის მომზადების მიზნით, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია 2016 წლის 15 დეკემბერს შეიქმნა. კომისიას პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს.