weather cur horoscope tv
დეკემბერი 30, 2024

რა ცვლილებები შედის საქართველოს კონსტიტუციაში

17:09 პარასკევი, 12 მაისი 2017

საქართველოს კონსტიტუცია 1995 წლის 24 აგვისტოს არის მიღებული, რის შემდეგაც მასში ცვლილებები 33-ჯერ არის შეტანილი. კონსტიტუციის მოქმედი რედაქცია შეიცავს არაერთ ხარვეზს და ნაკლოვანებას, რაც პრაქტიკაშიც ბევრჯერ დადასტურდა.

კონსტიტუციის ფუნდამენტური გადასინჯვის მიზნით, საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 15 დეკემბრის დადგენილებით, შეიქმნა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია, რომელმაც 4 თვის ვადაში მოამზადა კონსტიტუციის ფაქტობრივად ახალი ვერსია.

განახლებული კონსტიტუცია მოცულობით გაცილებით მცირეა - იგი პრეამბულისა და 78 მუხლისგან შედგება (მოქმედ რედაქციაში 124 მუხლია). პროექტის მიხედვით, კონსტიტუციის პრეამბულა უცვლელი რჩება, ხოლო ძირითადი ნორმების უმეტესობა იცვლება.

 

კონსტიტუციის I თავი

კონსტიტუციას ემატება ჩანაწერი, რომლითაც შემოთავაზებულია სახელმწიფო ენის დაცვის სტანდარტის ამაღლება. მისი სტატუსი განისაზღვრება ორგანული კანონით.

სახელმწიფო სიმბოლიკის - დროშის, გერბისა და ჰიმნის დამდგენი ნორმები გადაისინჯება კონსტიტუციის გადასინჯვისთვის განსაზღვრული წესით.

ჩნდება ახალი ჩანაწერი, რომლის მიხედვით არჩევნებსა და რეფერენდუმში მონაწილეობა საქართველოს თითოეული მოქალაქის ვალია. ეს ნორმა ადგენს არა იურიდიულ ვალდებულებას, რომელიც ინდივიდის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველი შეიძლება გახდეს, არამედ ხაზს უსვამს ზოგად მოქალაქეობრივ მოვალეობას.

კონსტიტუციას ემატება ახალი მუხლი, რომელიც ადგენს სახელმწიფოს ზრუნვის ვალდებულებას ისეთ სფეროებში, როგორიცაა მოქალაქეთა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვა, საარსებო მინიმუმითა და ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფა.

 

კონსტიტუციის II თავი ჩამოყალიბებულია ახალი სტრუქტურით

იგი ადგენს ადამიანის ღირსების ძირითად უფლებას; განამტკიცებს ფიზიკური ხელშეუხებლობის ძირითად უფლებას, ამკაცრებს პირადი სივრცისა და კომუნიკაციის ხელშეუხებლობის შეზღუდვის პირობებს, ადგენს ინტერნეტის ხელმისაწვდომობის ძირითად უფლებას, საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობის გარანტიებს, ადგენს ძირითად უფლებას კარგ მმართველობაზე, ზრდის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის სტანდარტს, ადგენს აკადემიური თავისუფლების ძირითად უფლებას, განამტკიცებს მეწარმეობის თავისუფლებას, ამაღლებს ჯანმრთელობის დაცვის სტანდარტს, გარემოსდაცვითი უფლებების დაცვის სტანდარტს და სხვა მნიშვნელოვან სიახლეებს.

კონსტიტუციას ემატება ნორმა გენდერული თანასწორობის შესახებ, რომელიც ადგენს სახელმწიფოს ვალდებულებას, იზრუნოს არსებითი თანასწორობის უზრუნველყოფასა და გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრაზე.

კონსტიტუციას ემატება ნორმა, რომლითაც სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება, შექმნას განსაკუთრებული პირობები შშმ პირთა უფლებებისა და ინტერესების რეალიზებისთვის.

კონსტიტუციას ემატება ჩანაწერი, რომელიც ადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ინდივიდთან დაკავშირებული საქმის გონივრულ ვადაში სამართლიანად განხილვის უფლებას. შესაბამისად, უფლება „კარგ მმართველობასა“ და სამართლიან ადმინისტრაციულ წარმოებაზე ძირითადი უფლების რანგში იქნება განმტკიცებული.

ახალი რედაქცია უზრუნველყოფს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლების დაცვის სტანდარტის ამაღლებას. ეს უფლება გავრცელდება ნებისმიერ ადამიანზე და არა მხოლოდ მოქალაქეზე. საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი აღარ იქნება პროფესიული საიდუმლოება.

კონსტიტუციას ემატება ნორმა, რომელიც მიწას ანიჭებს განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსის სტატუსს და ადგენს მასზე საკუთრების უფლების მოწესრიგებას ორგანული

კანონით. ეს ცვლილება არ იქნება მიწაზე უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა საკუთრების უფლების აბსოლუტური შეზღუდვის საფუძველი, თუმცა შესაძლებელს გახდის ამ საკითხის განსაკუთრებული წესით მოწესრიგებას.

კონსტიტუციაში ჩნდება ნორმა, რომლითაც პარტიის აკრძალვა შესაძლებელია მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით.

ფართოვდება საარჩევნო უფლების მქონე პირთა წრე. კერძოდ, აქტიური საარჩევნო უფლება შეეზღუდებათ მხოლოდ იმ მოქალაქეებს, რომლებმაც ჩაიდინეს განსაკუთრებით მძიმე დანაშაული.

ახალი რედაქცია აკონკრეტებს, რომ მოქალაქეს აქვს უფლება ისარგებლოს ჯანმრთელობის სახელმწიფო დაზღვევით.

სპეციალური მუხლი ეთმობა გარემოს დაცვის უფლებას. ახალი რედაქცია დამატებით განამტკიცებს ინდივიდის უფლებას საჯარო სივრცით სარგებლობაზე.

კონსტიტუცია აკონკრეტებს ქორწინების დეფინიციას. ქორწინება განისაზღვრება როგორც ქალისა და მამაკაცის მონოგამიური კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით.

კონსტიტუციას ემატება ჩანაწერი, რომელიც აკონკრეტებს სასამართლოში საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლებას, ასევე დაკონკრეტებულია დაცვის უფლება - როგორც პირადად, ისე ადვოკატისა თუ წარმომადგენლის მეშვეობით.

სხვა ქვეყნის მოქალაქეობის შეძენა აღარ იქნება საქართველოს მოქალაქეობის ავტომატურად შეწყვეტის საფუძველი. უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების, ასევე საქართველოს მოქალაქის მიერ სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობის შეთავსების პირობები განისაზღვრება ორგანული კანონით.

კონსტიტუციას ემატება ნორმა, რომელიც სახელმწიფოს ავალებს იზრუნოს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნებასა და განვითარებაზე.

 

კონსტიტუციის III თავი

კონსტიტუციიდან ამოღებულია ნორმა, რომელიც ადგენს პარლამენტის ადგილსამყოფელს. იგი განისაზღვრება პარლამენტის რეგლამენტით.

შემოღებულ იქნება პარლამენტის არჩევის ახალ წესი - მოქმედი პროპორციულ-მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა იცვლება პროპორციული საარჩევნო სისტემით. ახალი სისტემის შემოღება მოხდება სამი ძირითადი დათქმით: ა) უქმდება საარჩევნო ბლოკები; ბ) ნარჩუნდება 5-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერი; გ) გაუნაწილებელ მანდატებს (ე.წ „ბონუსი“) მთლიანად იღებს არჩევნებში გამარჯვებული პარტია.

ცვლილებები აკონკრეტებს პარლამენტის არჩევნების თარიღს - იგი ყოველთვის ჩატარდება ოქტომბრის ბოლო შაბათ დღეს.

პარლამენტის წევრის ასაკობრივი ცენზი იზრდება 21-დან 25 წლამდე. არჩევნებში მონაწილეობის მსურველ პარტიას ევალება 25 000 ამომრჩევლის ხელმოწერის შეგროვება.

პარლამენტში ფრაქციის წევრთა მინიმალურ რაოდენობა 6 დეპუტატის ნაცვლად იქნება 7. ამასთან, ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრებს უფლება ექნებათ გაერთიანდნენ მხოლოდ ერთ ფრაქციაში.

ამოღებულია ნორმა, რომელიც ითვალისწინებს მინისტრის ინდივიდუალური პასუხისმგებლობის საკითხის დასმას პარლამენტის მიერ. პარლამენტისა და მთავრობის ურთიერთობის კონსტიტუციური სისტემა დაეფუძნება მთავრობის კაბინეტური პასუხისმგებლობის პრინციპს.

 

კონსტიტუციის IV თავი

კონსტიტუციის ახალი რედაქცია ითვალისწინებს პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესის შემოღებას. პრეზიდენტი აირჩევა 5 წლის ვადით სპეციალური საარჩევნო კოლეგიის მიერ, რომელშიც შედის 300 ხმოსანი. მათ შორის: პარლამენტის 150 წევრი, ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოების ყველა წევრი და პარტიების მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის ბოლო არჩევნების შედეგების შესაბამისად დასახელებული ხმოსნები. საარჩევნო კოლეგიის შემადგენლობას დაამტკიცებს ცესკო.   

პრეზიდენტის არჩევნები იმართება პარლამენტის შენობაში. პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის უფლება აქვს არანაკლებ 30 ხმოსანს. ერთ ხმოსანს უფლება აქვს მხარი დაუჭიროს მხოლოდ ერთი კანდიდატის წარდგენას და ხმა მისცეს მხოლოდ ერთ კანდიდატს.

პრეზიდენტის არჩევა ხდება დებატების გარეშე, ფარული კენჭისყრით. არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მიიღებს ყველაზე მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ ხმოსანთა სრული შემადგენლობის უმრავლესობისა (150 + 1 ხმა). თუ პირველ ტურში პრეზიდენტი ვერ აირჩა, მეორე ტურში კენჭი ეყრება პირველ ტურში საუკეთესო შედეგის მქონე 2 კანდიდატს. მეორე ტურში არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც უფრო მეტ ხმას მიიღებს.

იზრდება ასაკობრივ ცენზ პრეზიდენტობის კანდიდატისთვის. საქართველოს პრეზიდენტად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 40 წლის ასაკიდან (ნაცვლად 35 წლისა), რომელსაც საქართველოში უცხოვრია 15 წელს მაინც.

პრეზიდენტი ხდება ზეპარტიული ფიგურა - მას ეკრძალება არა მხოლოდ პარტიული თანამდებობის დაკავება, არამედ პოლიტიკური პარტიის წევრობაც.  

უცვლელი რჩება პრეზიდენტის ფიცის ტექსტი. პრეზიდენტი კვლავ ინარჩუნებს აბსოლუტურ იმუნიტეტს.

პრეზიდენტს კვლავ ექნება მოქმედი კონსტიტუციით განსაზღვრული ცერემონიული უფლებამოსილებები. არსებითად, ძალაში რჩება მისი სტატუსის სამივე ძირითადი ნიშანი - პრეზიდენტი არის სახელმწიფოს მეთაური (ქვეყნის ერთიანობისა და ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტი),  უმაღლესი მთავარსარდალი და წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში.

ცვლილება შეეხება პრეზიდენტის ზოგიერთ კომპეტენცის - უქმდება ეროვნული უშიშროების საბჭო და პრეზიდენტი აღარ წარადგენს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს. პრეზიდენტს აღარ ექნება მთავრობის სხდომის მოწვევის მოთხოვნისა და ამ სხდომებში მონაწილეობის უფლება.

 

კონსტიტუციის V თავი

კონსტიტუციიდან ამოღებულია მუხლი, რომლის თანახმად მთავრობის შემადგენლობის 1/3-ით შეცვლა მთავრობის ნდობის საკითხის სავალდებულო წესით ინიცირებას იწვევს.

კონსტიტუციას ემატება ახალი პროცედურა, რომელიც ითვალისწინებს პრემიერ-მინისტრის მიერ პარლამენტის წინაშე მთავრობის ნდობის საკითხის დასმას.

 

კონსტიტუციის VI თავი

დადგენილია შედარებით მაღალი ასაკობრივი ცენზი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებისთვის (30-ის ნაცვლად, 35 წელი). ახალი რედაქცია ზღუდავს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ ერთი და იმავე პირის ხელმეორედ არჩევას.

ახალი რედაქციის თანახმად, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და მოსამართლეები აირჩევიან არა საქართველოს პრეზიდენტის, არამედ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით.

იზღუდება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ერთი და იმავე პირის ხელმეორედ არჩევა.

ახალი რედაქცია ადგენს მოსამართლეთა უვადოდ განწესების წესს. 3-წლიანი გამოსაცდელი ვადის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ მოსამართლის პირველად განწესების შემთხვევაში.

კონსტიტუციის ახალი რედაქციის თანახმად, პროკურატურა გადის აღმასრულებელი ხელისუფლების სისტემიდან და ყალიბდება დამოუკიდებელ კონსტიტუციურ ორგანოდ. შემოღებულ იქნება გენერალური პროკურორის თანამდებობა, რომელსაც 6 წლის ვადით აირჩევს პარლამენტი.

 

კონსტიტუციის სხვა დებულებები

ახალი რედაქცია აღარ მოითხოვს ქვეყანაში სავალდებულო სამხედრო სამსახურის უპირობო არსებობას.

ახალი ნორმის თანახმად, სამხედრო ძალები მოქმედებენ თავდაცვის მინისტრის ბრძანებით კანონით დადგენილი წესით, ხოლო საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს - პრემიერ-მინისტრის ბრძანებით.

პრემიერ-მინისტრს ენიჭება საომარი მდგომარეობის, ბუნებრივი და ტექნოგენური კატასტროფისა და ეპიდემიის დროს სამხედრო ძალების დამოუკიდებლად გამოყენების უფლება.

ახალი კონსტიტუცია ითვალისწინებს ეროვნული უშიშროების საბჭოს ნაცვლად ეროვნული თავდაცვის საბჭოს შექმნას. იგი იქმნება საომარი მდგომარეობის დროს კონსტიტუციური ორგანოების საერთო კოორდინაციის უზრუნველსაყოფად. საბჭოს თავმჯდომარეობს პრეზიდენტი და მისი მუდმივი წევრები არიან პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე და სამხედრო ძალების მეთაური.

კონსტიტუციის გადასინჯვა დასაშვები იქნება ე.წ. „პლურალური ვოტუმით“. კერძოდ, კონსტიტუციური კანონის მიღება შესაძლებელია 2/3-ის უმრავლესობით ორი მოწვევის პარლამენტის მიერ (ასეთი წესით მიღებულ კონსტიტუციურ კანონზე დაუშვებელია პრეზიდენტის ვეტო). ერთი მოწვევის პარლამენტის მიერ კონსტიტუციის გადასინჯვა შესაძლებელია მხოლოდ 3/4-ის უმრავლესობით.

კონსტიტუციის გარდამავალი დებულება ადგენს ქვეყნის კონსტიტუციური ორგანოების ვალდებულებას, მიიღონ ყველა ზომა ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს ინტეგრაციისთვის.

გელა შაშიაშვილი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის ანალიტიკოსი, საჯარო მმართველობის მონიტორინგისა და ადამიანის უფლებების მიმართულების ხელმძღვანელი. E-mail: akhmeta.gela@gmail.com

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

reginfo.ge@gmail.com