weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სპორტის მინისტრის კომპანია 2 წელზე მეტია სატენდერო ვალდებულებას არ ასრულებს – procurement.gov.ge

12:43 კვირა, 14 მაისი 2017

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ოფიციალური ვებ-გვერდის მონაცემებით, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრის ტარიელ ხეჩიკაშვილის კუთვნილი კომპანია - შპს „კავკასუს მოტორსი“, ერთ-ერთ სახელმწიფო ტენდერში გამარჯვების მიუხედავად, 2 წელიწადზე მეტია კანონით გათვალისწინებულ ვალდებულებას არ ასრულებს. მიუხედავად ამისა, კომპანიის მიმართ რაიმე სახის ადმინისტრაციული სანქციები გამოყენებული არ ყოფილა.

2015 წლის 31 მარტს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, „მსოფლიო ბანკის დაფინანსებით კახეთის რეგიონული გზების გაუმჯობესების პროექტის“ ფარგლებში, გამოაცხადა ტენდერი 4 ერთეული „პიკაპის“ ტიპის ავტომობილის შესასყიდად. ტენდერში მონაწილეობა მიიღო ორმა პრეტენდენტმა: შპს „ჯეო ავტო 1“ (შეთავაზება - 233 152 ლარი) და შპს „კავკასუს მოტორსმა“ (შეთავაზება - 186 800 ლარი).

გამარჯვებულად გამოცხადდა „კავკასუს მოტორსი“ (ს/კ - 436031768), რომელიც საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრს ტარიელ ხეჩიკაშვილს ეკუთვნის. 2015 წლის 6 მაისს კომპანიის დირექტორს გიორგი კალანდაძეს შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ გაეგზავნა შეტყობინება (წერილი №2-10/3529), რათა მომდევნო დღეს მიევლინებინა უფლებამოსილი პირი ხელშეკრულების გასაფორმებლად, თუმცა ხელშეკრულება დღემდე არ დადებულა და უკვე 2 წელზე მეტია მინიშნებულია სტატუსი - „მიმდინარეობს ხელშეკრულების მომზადება“.

მიუხედავად ამისა, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ოფიციალური ვებ-გვერდის მონაცემებით, „კავკასუს მოტორსი“ ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმის გამო დისკვალიფიცირებული არ ყოფილა და არც შავ სიაში დაურეგისტრირებიათ.

„კავკასუს მოტორსის“ განმარტებით, შპს „კავკასუს მოტორსი“- სა და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს შორის ხელშეკრულება 2015 წლის 31 მარტს გამოცხადებული ელექტრონული ტენდერის საფუძველზე,  4 ერთეული პიკაპის შესყიდვის თაობაზე, დაიდო 2015 წლის 8 მაისს, ხოლო მიღება ჩაბარების აქტი გაფორმდა 2015 წლის 14 მაისს.

„მოგახსენებთ, რომ დოკუმენტაციის ატვირთვა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზე არის „შემსყიდველის“, ამ შემთხვევაში საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მოვალეობა“, – განაცხადა „კავკასუს მოტორსის“ წარმომადგენელმა ნინო ქვლივიძემ.

ტარიელ ხეჩიკაშვილი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრად 2015 წლის 1 მაისს დაინიშნა. ბოლო ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, იგი 19 საწარმოში ფლობს წილებს და აქციებს. ესენია:

შპს „ავტო სერვის კავკასია“ (32 %), შპს „ავტოსტილი“ (25 %), შპს „კავკასუს მოტორსი“ (33 %), შპს „იბერია ავტო“ (70 %), შპს „იბერია ავტო ცენტრი“ (100 %), შპს „იბერია ავტო ჰაუსი“ (25 %), შპს „იბერია ავტო ლენდი“ (21 %), შპს „იბერია სერვისი“ (20 %), შპს „სენა ავტო“ (21 %), შპს „კია მოტორს ჯორჯია“ (25 %), შპს „ იბერია ბიზნეს ჯგუფი“ (33 %), შპს „სითი სპორტი“ (70 %), შპს „იბერია კაპიტალი“ (40 %), შპს „ფეხბურთის საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფი“ (33 %), შპს „იბერია ინვესტი“ (25 %), შპს „იტა სერვისი“ (25 %), შპს „სპორტული კლუბი ოლიმპი“ (82 %), შპს „კავკასიის ავტო ცენტრი“ (56 %) და სააქციო საზოგადოება „ვივი“ (23340 აქცია, - 1 აქციის ნომინალური ღირებულება - 15,35 ლარი).
აქედან სახელმწიფო ტენდერებში შედარებით აქტიურად 4 კომპანია მონაწილეობს: შპს „იბერია ავტოჰაუსი“, შპს „იბერია ავტო“, შპს „კავკასუს მოტორსი“ და შპს „კია მოტორს ჯორჯია“.

უნდა აღინიშნოს, რომ ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მინისტრის თანამდებობაზე ტარიელ ხეჩიკაშვილის ანაზღაურება წელიწადში 75 000 ლარია, ხოლო ბიზნესიდან შემოსავალი 8 350 000 ლარს აღწევს.

 

შენიშვნა: „კავკასუს მოტორსის“ განმარტება დამატებულია სტატიის გამოქვეყნების შემდეგ.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]