weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

პრეზიდენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებს ვეტო დაადო

18:13 ორშაბათი, 15 იანვარი 2018

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს, რომელიც პარლამენტმა მესამე მოსმენით დეკემბერში მიიღო, ვეტო დაადო და მოტივირებული შენიშვნებით საკანონმდებლო ორგანოს დაუბრუნა.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, არსებობს ორი საკითხი, რომელიც კანონპროექტში ადეკვატურად არ არის გაწერილი. პირველი ეხება მედიის სარეკლამო ბაზრის საკითხს, მეორე კი ინტელექტუალური საკუთრების შესყიდვას.

„ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ჩვენი გადასახადებით ფინანსდება საზოგადოებრივი მაუწყებელი და ეს ნამდვილად არის ის სიკეთე, რომელსაც ბიუჯეტის საშუალებით ვაფინანსებთ. მიხარია, რომ ასეთი დაფინანსების ფორმით არსებობს საზოგადოებრივი მაუწყებელი. საქართველოში ბაზარი, რომელიც ასაზრდოებს კერძო ტელევიზიებს, მილევადი და კლებადია. ამ ბაზარზე კონკურენციაში შესულია არაერთი დამოუკიდებელი კომერციული არხი. გადაწყვეტილება, რომ უკვე ჩვენი გადასახადებით ბიუჯეტიდან დაფინანსებული საზოგადოებრივი მაუწყებელი შევიდეს, როგორც ერთ-ერთი მოთამაშე ამ კონკურენტულ ბაზარზე, ჩემი აზრით, პრობლემურია. პირველ რიგში პრობლემურია იმიტომ, რომ მედიამრავალფეროვნება არის ის სიკეთე, რაც მნიშვნელოვანია საქართველოს მოქალაქეებისთვის და საქართველოსთვის, როგორც დემოკრატიული სახელმწიფოსთვის, რადგან მედია რეალურად ჩვენს ქვეყანაში მეოთხე ხელისუფლების როლს ასრულებს. იგი ვერ შეასრულებს ამ როლს თუ არ ექნება საარსებო რესურსი და თუ მედიამრავალფეროვნება არ იქნება უზრუნველყოფილი. შესაბამისად, საზოგადოებრივი მაუწყებელი, როგორც სიკეთე, არ უნდა იყოს დაპირისპირებული მეორე ძალიან მნიშვნელოვან სიკეთესთან - მედია მრავალფეროვნებასთან. ხოლო როცა ასეთი პრივილეგირებული მოთამაშე, რომელიც უკვე დაფინანსებულია ბიუჯეტის ფულით, თან ეს დაფინანსება იმდენად დიდია, რომ მთელი სარეკლამო ბაზრის თითქმის ნახევარს წარმოადგენს, შედის კონკურენტულ ბაზარზე, ბუნებრივია კონკურენცია ზარალდება და ჩვენ შეიძლება მივიღოთ მედიადივერსიფიკაციის დაზარალება, რაც ჩემთვის მიუღებელია.

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც კანონში ადეკვატურად არ არის გაწერილი, არის შესყიდვების საკითხი. სრულიად ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ არსებული კანონი შესყიდვების შესახებ უქმნის პრობლემას როგორც საზოგადოებრივ მაუწყებელს, ასევე სხვა უწყებებს, რომლებიც ინტელექტუალურ საკუთრებას ყიდულობენ. ეს კანონი აუცილებლად შესაცვლელია და ჩვენ უნდა მოვიდეთ თანხმობაში იმ კანონთან, რომელიც ევროკავშირის რეგულაციებით, ჩვენი სამოქმედო კანონი უნდა გახდეს 2019 წლიდან. თუმცა, ის რასაც გვთავაზობს არსებული კანონპროექტი არის არა ხისტი ჩანაცვლება არსებული კანონისა უკეთესი ევროპული სტანდარტით, არამედ ფაქტიურად გაუქმება იმ რეგულაციების, რომლებიც შექმნილია იმისთვის, რომ ჩვენი, მოქალაქეების გადასახადებიდან დაფინანსებული ფული იხარჯებოდეს გამჭვირვალედ. აქედან გამომდინარე რა თქმა უნდა, მივესალმებოდი, რომ იყოს ნაბიჯი წინ ევროპული სტანდარტებისკენ, მაგრამ ეს არ არის აღწერილი კანონში. შესაბამისად, დღეს ჩვენ ვუბრუნებთ პარლამენტს საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ კანონს, ამ ორი ძირითადი მოტივირებული შენიშვნით. იმედი მაქვს, რომ პარლამენტი კარგად გაიაზრებს ჩვენ მიერ წარმოდგენილ ვეტოს და გადაწყვეტილებას მიიღებს, როგორც მედია პლურალიზმის შესანარჩუნებლად და ჯანმრთელი კონკურენციის შენარჩუნების თვალსაზრისით, ასევე, სახელმწიფო სახსრების ყაირათიანი და გამჭვირვალე ხარჯვის მიმართულებით“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებით, საზოგადოებრივ მაუწყებელს უფლებამოსილება უფართოვდება და შეეძლება კანონმდებლობით განსაზღვრული შემოსავლები, მათ შორის სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული ასიგნებები სტარტეპების წახალისების, ინოვაციური განვითარების, მაუწყებლობის სფეროში გარემოს განვითარების ხელშეწყობაზე მიმართოს. ამასთან, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში დასაშვები ხდება კომერციული რეკლამის განთავსება სამუშაო დღეებში.

გარდა ამისა, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონი არ გავრცელდება დამოუკიდებელი კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ მომზადებულ პროგრამაზე, რომლებსაც საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერის არანაკლებ 25% დაეთმობა. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონით დადგენილი შეზღუდვები ასევე არ გავრცელდება საზოგადოებრივ მაუწყებლის ეთერით გადასაცემი გადაცემების, ფილმების, სერიალების დამზადების მომსახურების შესყიდვაზე.

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებები „ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ არის ინიცირებული. პარლამენტმა მესამე, საბოლოო მოსმენით კანონში დაგეგმილი ცვლილებები 22 დეკემბერს მიიღო. კანონპროექტს 66 ხმით 3-ის წინააღმდეგ დაუჭირეს მხარი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]