weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

თბილისში საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვა ჩაიშალა

14:31 ორშაბათი, 15 მაისი 2017

თბილისში, დიდ საკონცერტო დარბაზში საქართველოს კონსტიტუციის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა ჩაიშალა. ღონისძიებისთვის შეკრებილ პოლიტიკოსებს სტუდენტები, პროფკავშირების და სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები შეძახილებით დახვდნენ: „4 მეშახტე!“, „კონსტიტუცია ხალხს!“

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ კონსტიტუციის პროექტის წარდგენა ვერ შეძლო. „აუდიტორია 115“–ის წევრ სტუდენტებს, რომლებიც დარბაზში აქტიურობდნენ, მან კომუნისტები უწოდა. სტუდენტებს, ასევე სხვა ჯგუფებს, რომელთა შორის დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ყოფილი მოადგილე სანდრო ბრეგაძე აქტიურობდა მიკროფონით გამოსვლის შესაძლებლობა მისცეს. ბრეგაძე მოითხოვდა, კონსტიტუციაში ჩაიწეროს რომ ქართული მიწა უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე არ გასხვისდება.

რაც შეეხება სტუდენტებს, ისინი განსაკუთრებით დასაქმებულთა შრომითი უფლებების დაცვას ითხოვდნენ.

„რამდენიმე დღის წინ, ქალაქ ტყიბულში ოთხი მეშახტე დაიღუპა. მთელი ქალაქი გლოვობს და სახელმწიფო მხოლოდ და მხოლოდ ფასადურ სოლიდარობას ამჟღავნებს. კერძო მესაკუთრემ მოკლა ადამიანები, მაგრამ სახელმწიფო ისევ დუმს. სახელმწიფო, რომელიც ბიზნესის მარიონეტადაა ქცეული. ეს არ არის ახალი, თუმცა არის ძველის გაგრძელება. ჩვენ სცენაზე ვხედავთ ადამიანებს, რომლებიც გველაპარაკებიან ფასადური სოლიდარობის ენით, მაგრამ ერთი წლის წინ, მახსოვს, ტყიბულში ვინმე გახარია მეშახტეებს პირდებოდა სხვადასხვა სიკეთეს, მაგრამ ზუსტად შრომის პირობების უზრუნველყოფის მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო, დღეს ჩვენ ვხედავთ ოთხ ადამიანს სამარეში. წინა წელს, წინა წლებში და წელს მშრომელები იღუპებიან დასაქმების ადგილას. გარემოვაჭრეებს, რომლებსაც უმძიმესი სოციალური მდგომარეობა აქვთ, თქვენ ქუჩებიდან ყრით. თქვენ არ ებრძვით პრობლემების მიზეზს. ვხედავთ, როგორ უპირისპირდება სპეცრაზმი მთებში ადამიანებს. როგორ ყრით მათი წინაპრების საფლავებს. დღეს ჩვენ ვაწყდებით მხოლოდ ბიზნეს და პოლიტიკურ ელიტებზე მორგებულ კონსტიტუციას. ეს კონსტიტუცია არ არის სახალხო“, - განაცხადა „აუდიტორია 115“-ის წევრმა გიორგი სოფრომაძემ.

„ეს ფსევდო სოლიდარობა არაფერს მოგიტანთ. სამწუხაროა, რომ რამდენიმე ათეული ახალგაზრდა კომუნისტი 2500 კაცს საშუალებას არ აძლევს განიხილონ კონსტიტუცია. ქვეყანაში ახალგაზრდა კომუნისტების ადგილი არასოდეს არ იქნება. კომუნიზმი დამთავრდა. ვიაროთ ილია ჭავჭავაძის გზით. ეს არის ცოდნის გზა“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

შეხვედრის დაწყებიდან დაახლოებით 50 წუთის შემდეგ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ კონსტიტუციის პროექტის განხილვა ამ ფორმით ვერ გაგრძელდებოდა და შეხვედრა ჩაშლილად გამოაცხადა.

საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვების პირველი ეტაპი, რომელიც რეგიონებიდან დაიწყო, დღეს თბილისში უნდა დასრულებულიყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]