weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

იუსტიციის მინისტრმა მოქალაქეობის საკითხთა კომისია ოფისში არ შეუშვა - აბაშიშვილი

23:20 ორშაბათი, 15 იანვარი 2018

„იუსტიციის მინისტრმა მოქალაქეობის საკითხთა კომისიის განახლებული შემადგენლობა დღეს სამუშაო ადგილზე არ დაუშვა და სამინისტროს შენობიდან გამოასახლა. მინდა, ყველას შევახსენო, რომ შენობა, საიდანაც ქალბატონმა მინისტრმა კომისიის წევრები გამოასახლა, ეკუთვნის სახელმწიფოს და არა რომელიმე ერთ, კონკრეტულ მინისტრს“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა, მოქალაქეობის საკითხთა კომისიის განახლებულ შემადგენლობასთან შეხვედრის შემდეგ.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი აცხადებს, რომ კომისია გაძლიერდა, მოხდა საზოგადოების წევრების ჩართვა და მისი გამჭვირვალობის უზრუნველყოფა.

მისივე თქმით, 4 თვის განმავლობაში, აღნიშნული მიმართულებით იუსტიციის სამინისტროსთან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან მუშაობა კონკრეტული შედეგით დასრულდა: კომისიის თავმჯდომარედ შეირჩა თამარ ლალიაშვილის კანდიდატურა, რომელიც არ წარმოადგენს არცერთ სახელმწიფო უწყებას და არის მაღალი კვალიფიკაციის იურისტი აკადემიური წრიდან, ხოლო უსაფრთხოების საკითხების გაძლიერების მიზნით, კომისიას დაემატა ერთი წევრი - დამატებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან, ხოლო ერთი წევრი- ეროვნულის უშიშროების საბჭოდან.

გიორგი აბაშიშვილის თქმით, სამწუხაროდ, კომისიის გაძლიერებამ და გამჭვირვალობის ზრდამ იუსტიციის მინისტრის გაუგებარი გაღიზიანება გამოიწვია.

„შესაბამისად, სრულიად მოულოდნელად განაწყენებულმა მინისტრმა კომისიის წევრები გამოასახლა იუსტიციის სამინისტროდან, იმ შენობიდან, სადაც წლების განმავლობაში, ფუნქციონირებდა ეს კომისია. შესაბამისად, დღეს კომისიის წევრები მოკლებულები არიან შესაძლებლობას განახორციელონ საკუთარი საქმიანობა. ამავდროულად, იუსტიციის სამინისტრო განაგრძობს განაცხადების მიღებას, რაშიც მოქალაქეები ფულს იხდიან. ხოლო, თუ კომისიას არ მიეცემა საშუალება იმუშაოს, ეს ადამიანები ამ ფულს უბრალოდ დაკარგავენ.

ჩვენთვის სრულიად გაუგებარია ქალბატონი მინისტრის ასეთი პიროვნული ანგარიშწორება კომისიის მიმართ, მაგრამ ყველაზე მეტად გვაღელვებს იმ ასეულობით ადამიანის მდგომარეობა, რომლებიც მოკლებული არიან შესაძლებლობას მიიღონ საქართველოს მოქალაქეობა, შესაბამისად, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ყველა სახელმწიფო ინსტიტუტთან, რათა ეს უსამართლობა დროულად აღმოიფხვრას“, - აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.

რამდენიმე დღის წინ, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ 2017 წელს სერვისების განვითარების სააგენტოს დადებითი დასკვნის მიუხედავად, საქართველოს პრეზიდენტმა 565 პირს უარი უთხრა საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზე. მისივე თქმით, 565 პირიდან 89% საქართველოს ყოფილი მოქალაქე, საქართველოში დაბადებული ან მათი ოჯახის წევრი იყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]