შს მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანაში ნარკოსაშუალებების შემოსვლის და რეალიზაციის მიმართულებით მიდგომები ხშირ შემთხვევაში გასამკაცრებელია.
„ვხედავთ, რომ დისკუსია, ნარკოპოლიტიკის თემაზე დროში გახანგრძლივდა და ეს არ ეხმარება მდგომარეობის გაუმჯობესებას. ჩვენ ამას ვამბობთ სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით და განსაკუთრებით იმ ნაწილში, რაც ეხება ქვეყანაში ნარკოსაშუალებების შემოსვლას და მათ რეალიზაციას. აქ ჩვენ რეალურად ვხედავთ სერიოზულ რისკებს. ამ მიმართულებით მკაცრი მიდგომები არა თუ შესანარჩუნებელია, ხშირ შემთხვევაში, გასამკაცრებელია.
მიუხედავად ამისა, ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ ჰუმანური და კომპლექსური ნარკოპოლიტიკა არის ერთადერთი გამოსავალი. ნარკოტიკების მოხმარებასთან ჰუმანური მიდგომა უნდა იყოს აბსოლუტურად დაბალანსებული, რათა ბალანსი ჰუმანურობასა და მოხმარების წახალისებას შორის იყოს ერთმნიშვნელოვნად დაცული. ეს არ უნდა იყოს მოხმარების წახალისების პროვოცირება. ნარკოპოლიტიკის ძირითადი ამოცანა უნდა იყოს, არ გაჩნდნენ ახალი მომხმარებლები და მოხდეს მომხმარებლების რეაბილიტაცია“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
მისივე თქმით, უწყებათაშორისი საბჭოს ფორმატის განახლების მიზანი შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მიერ კომპლექსური ნარკოპოლიტიკის შემუშავებაა.
„სანამ არ გვექნება აბსოლუტურად მკაფიო წარმოდგენა ყველა მიმართულებით - პრევენციის, რეაბილიტაციის და სხვა მიმართულებებით, კონკრეტული გეგმა რას ვაკეთებთ, უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი ჰუმანური მიდგომა არ უნდა გახდეს წახალისების მაპროვიცირებელი. როდესაც ვიღებთ ძალიან მნიშვნელოვან საკანონმდებლო ცვლილებებს, მკაფიო წარმოდგენა უნდა გვქონდეს, სხვა მიმართულებებით რას ვაკეთებთ“, - აღნიშნა შს მინისტრმა.
უწყებათაშორისი საბჭოს სხდომა, რომელსაც იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი თავმჯდომარეობს, გიორგი გახარიას ინიციატივით გაიმართა. შემდეგი სხდომა ორ კვირაშია დაგეგმილი.