აშშ აცხადებს, რომ მათი პოზიცია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართ უცვლელია და სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
„ამერიკის შეერთებული შტატები მიიჩნევს, რომ ამ შეთანხმების რატიფიცირება წინააღმდეგობაში მოდის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიასთან, რომლის მონაწილე რუსეთიცაა. აშშ მოუწოდებს რუსეთს, დააბრუნოს მისი ძალები 2008 წლის ომამდე არსებულ პოზიციებზე, რაც ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული და უკან წაიღოს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებები“, - ნათქვამია განცხადებაში.
24 იანვარს რუსეთის დუმმამ მოახდინა ე.წ. შეთანხმების რატიფიცირება, რომელიც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის შეიარაღებული ძალების რუსეთის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში გაერთიანებას გულისხმობს.
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. ინფორმაციის სახელმწიფო კომიტეტის ხელმძღვანელმა მარია კოტაევამ 26 იანვარს განაცხადა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში შესვლა ჯარის რეფორმაა და არა მისი ლიკვიდაცია. „რესპუბლიკის სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც რუსეთის ჯარის შემადგენლობაში გადავლენ, რიგ უპირატესობებს მიიღებენ: მაღალ ანაზღაურებას, სრულ სოციალურ პაკეტს და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, გააგრძელებენ სამშობლოსთვის სამსახურს მე-4 რუსულ სამხედრო ბაზაზე“, - განაცხადა მარია კოტაევამ.
ე.წ. შეთანხმების რატიფიცირება დაგმო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რომელმაც ეს ქმედება რუსეთის მხრიდან საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ფაქტობრივი ანექსიისაკენ მიმართულ მორიგ უკანონო ქმედებად შეაფასა.