weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

გამგებლის თანამდებობა შესაძლოა გაუქმდეს

13:59 სამშაბათი, 16 მაისი 2017

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო თვითმმართველობების დეცენტრალიზაციის საშუალოვადიან სტრატეგიაზე მუშაობს, რომლის მიხედვითაც გამგებლის თანამდებობა შესაძლოა გაუქმდეს. რეგიონული განვითარების მინისტრი ზურაბ ალავიძე გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში აღნიშნავს, რომ ახალი სტრატეგია 2017 წლის ბოლომდე შემუშავდება.

ზურაბ ალავიძის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტების ტერიტორიული ოპტიმიზაციის შედეგად ჩამოყალიბდება ერთი თვითმმართველი ერთეული, რომელსაც ამჟამად არსებული ორივე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი სრულად დარჩება. ალავიძის თქმით, არ შეიცვლება არჩევითობის წესი და ყველა მუნიციპალიტეტს არჩეული ხელმძღვანელი ეყოლება.

„დღეს მერისა და გამგებლის ფუნქციებში არანაირი სხვაობა არ არის. ამიტომ უმჯობესი იქნება, ყველა მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს არჩეულ ხელმძღვანელს ერთი სახელი ერქვას - მერი, რაც ევროპული და ყველგან მიღებული ტერმინია. მერი გადაწყვეტილებებს ერთპიროვნულად აღარ მიიღებს. ყველა მერიაში­ ჩამოყალიბდება აღმასრულებელი კოლეგიური ორგანო, რომელიც გააერთიანებს მერის მოადგილეებსა და სამსახურების უფროსებს. კოლეგიური ორგანოს მსჯელობა იქნება ღია ყველა დაინტერესებული პირისთვის“, - აღნიშნავს რეგიონული განვითარების მინისტრი.

თვითმმართველობების დეცენტრალიზაციის ახალი სტრატეგიის მიხედვით, მერის მოადგილეები და სამსახურის უფროსები საკრებულოს თანხმობით დაინიშნებიან. ალავიძის განმარტებით, საკრებულოებს დემოკრატიული კონტროლისთვის ბერკეტები მიეცემათ.

გარდა ამისა, ზურაბ ალავიძის ინფორმაციით, ტერიტორიულ ორგანოებში სათათბირო საბჭოების შექმნა იგეგმება.

„ყველა დასახლებაში შეიქმნება ტერიტორიული ორგანოები და ამ სათათბირო საბჭოებს, გამგებლის უფუნქციო წარმომადგენლის ნაცვლად, ეყოლება ხელმძღვანელი, რომელიც უზრუნველყოფს მოსახლეობის მიერ შერჩეული 10-15-წევრიანი სათათბიროს გადაწყვეტილებების მიტანას მერიამდე. მასვე დაეკისრება ამ გადაწყვეტილებების ადგილზე აღსრულების მონიტორინგის ფუნქცია. საბჭო იმსჯელებს გზებზე, წყალმომარაგებაზე, გამწვანებაზე, ქალაქებში კორპუსების კეთილმოწყობაზე და ა.შ. მუნიციპალიტეტებში დარეგულირდება ააიპ-ების მექანიზმიც. ეს გულისხმობს ერთ სფეროში მხოლოდ ერთი ორგანიზაციის შექმნის შესაძლებლობას, რაც გაბერილი შტატების შემცირებას და ხარჯების დაზოგვას ნიშნავს“, - აცხადებს ზურაბ ალავიძე.

ალავიძე მიიჩნევს, რომ 2014 წელს დაწყებული თვითმმართველობის რეფორმა წინ გადადგმული ნაბიჯი იყო, რომელმაც თვითმმართველობის განვითარებისათვის ძლიერი ფუნდამენტი შექმნა, თუმცა სამწლიანმა პრაქტიკამ სისტემის დახვეწის აუცილებლობა გამოკვეთა.

2014 წლის 5 თებერვალს საქართველოს პარლამენტმა „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მიიღო. რეფორმის შემდგომ მოხდა 7 ქალაქისთვის (თელავი, ოზურგეთი, ზუგდიდი, ამბროლაური, გორი, მცხეთა, ახალციხე) თვითმმართველი ქალაქის სტატუსის მინიჭება, ასევე გამგებლებისა და მერების პირდაპირი წესით არჩევა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]