weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

შემაშფოთებელია, რომ ალავიძე ფაროსანასთან ბრძოლის კომისიის სხდომას არ ესწრება - დანელია

16:16 ოთხშაბათი, 21 თებერვალი 2018

საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ოთარ დანელიას განცხადებით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სამთავრობო კომისიის სხდომებს არ ესწრება და არც იმ რეგიონებში ჩადის, სადაც მავნებელი მწერია გავრცელებული.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოთარ დანელიამ აღნიშნა, რომ აზიური ფაროსანა ქვეყნის წინაშე მდგარი დიდი გამოწვევაა, თუმცა პრობლემა სათანადოდ არ არის აღქმული.

„მთავრობის ინიციატივით შეიქმნა კომისია, რომელიც ფაროსანის წინააღმდეგ ბრძოლის მთელ რიგ ღონისძიებებს გეგმავს. ლევან დავითაშვილს, რომელიც კომისიას ხელმძღვანელობს, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო, გაწეული სამუშაოსა და კარგად მომზადებული გეგმისთვის. თუმცა აქ არის ერთი მნიშვნელოვანი გარემოება, მაქვს განცდა, რომ არასათანადოდ არის აღქმული პრობლემა, რომელიც ჩვენ გვექმნება მიმდინარე წელს. შეგახსენებთ გასულ წელს ფაროსანამ სამეგრელოს, იმერეთის სოფლებს, გურიას აჭარას, პრაქტიკურლად გადაუარა, ძალიან დიდი ზიანი მიაყენა. განსაკუთრებით შემაშფოთებელია, როდესაც ინფრასტრუქტურის მინისტრი არც კი ესწრება ბოლომდე ამ სხდომას, ტოვებს მას დაწყებიდან რამდენიმე წუთში და ის ერთხელაც არ მინახავს რეგიონში ჩასული“, - აღნიშნა ოთარ დანელიამ.

მან პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს მოუწოდა, თავად უხელმძღვანელოს კომისიას, რადგან აზიურ ფაროსანაზე დიდი საფრთხე ქვეყნის წინაშე არ არსებობს.

„აზიური ფაროსანა არაფრით არ ჩამოუვარდება იმ პრობლემას, რომელიც ხანძრის დროს იყო ბორჯომში და იგივე დოზით კონსოლიდაცია მთავრობის მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.

ზურაბ ალავიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მისთვის ოთარ დანელიას განცხადება გაუგებარია.

„სხდომაზე ვიჯექი ჩვეულებრივად. დაახლოებით, ერთი საათი. მისი ეს განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება. ფაროსანასთან ბრძოლაში თავიდან ბოლომდე მობილიზებულები ვართ, მთელი ქვეყნის მასშტაბით. მაქსიმალურს გავაკეთებთ, რომ ეს ჭირი დავამარცხოთ. ერთ წელში ამის მოგვარება ალბათ ძალიან რთული იქნება“, - განაცხადა ალავიძემ.

ფაროსანასთან ბრძოლის სამთავრობო კომისია 30 იანვარს შეიქმნა და 2018 წლის გეგმა დაამტკიცა. გეგმის მიხედვით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ადგილობრივ თვითმმართველობებზე გაცემული დავალებების კოორდინაციას განახორციელებს და ქვეყნის მასშტაბით შესაბამისი ტექნიკისა და ადამიანური რესურსის მობილიზებას მოახდენს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]