საკანონმდებლო ცვლილებები კენჭისყრამდე თითქმის ოთხი საათის განმავლობაში განიხილებოდა. პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები დეპუტატებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა ნაცვლიშვილმა გააცნო. ნაცვლიშვილის განცხადებით, კანონპროექტის განხილვის პროცესში ერთიანი სურათი, თუ რა გამოწვევებია საზოგადოებრივი მაუწყებლის წინაშე, დანახული, გაანალიზებული და შეფასებული არ ყოფილა.
„ამ კანონპროექტს ემიჯნება საზოგადოებრივი მაუწყებლის მმართველი რგოლის ნაწილი - საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ხელმძღვანელობა. ისინი ამბობენ, რომ სულ სხვა პრობლემები აქვთ. ერთ-ერთი პრობლემა შენობის პრობლემაა. მიუხედავად ამ პრობლემებისა და მიუხედავად იმისა, რომ მათ გაცილებით ნაკლები თანხა აქვთ, ვიდრე საზოგადოებრივ მაუწყებელს, მიაღწიეს მნიშვნელოვან პროგრესს. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რომ ფული საზოგადოებრივ მაუწყებელს ვერ მოუტანს ვერც გაუმჯობესებულ ხარისხს და სამწუხაროდ, ვერც გაზრდილ ნდობას“, - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.
პარლამენტის უმრავლესობის მიერ მხარდაჭერილი საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, საზოგადოებრივ მაუწყებელს უფლებამოსილება უფართოვდება და შეეძლება კანონმდებლობით განსაზღვრული შემოსავლები, მათ შორის სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული დაფინანსება, სტარტაპების წახალისების, (ტელე, რადიო და ონლაინ პროდუქციის) ინოვაციური განვითარების, მაუწყებლობის სფეროში გარემოს განვითარების ხელშეწყობაზე მიმართოს.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში დასაშვები ხდება კომერციული რეკლამის განთავსება. იზრდება კომერციული რეკლამის ხანგრძლივობა. საზოგადოებრივი მაუწყებლის, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს არხებზე დასაშვები ხდება სპონსორობა მხოლოდ სპორტიული რეპორტაჟის, საერთაშორისო ფესტივალის/კონკურსის და გასართობის გადაცემის, სერიალების დროს.
„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებით, იმიჯნება უფლებამოსილებები საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტსა და სამეურვე საბჭოს შორის. აქამდე საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტს სამეურვეო საბჭო ამტკიცებდა და მას შეჰქონდა ბიუჯეტში ცვლილებები. ახალი კანონმდებლობით, საბჭო უფლებამოსილი იქნება მხოლოდ გენერალური დირექტორის წარდგინებით შეიტანოს ბიუჯეტში ცვლილებები. საზოგადოებრივი მაუწყებლის დებულებაში ცვლილების შეტანაც მხოლოდ დირექტორის წარდგენებით იქნება შესაძლებელი.
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონი არ გავრცელდება დამოუკიდებელი კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ მომზადებულ პროგრამაზე, რომლებსაც საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერის არანაკლებ 25% დაეთმობა. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” კანონით დადგენილი შეზღუდვები ასევე არ გავრცელდება საზოგადოებრივ მაუწყებლის ეთერით გადასაცემი გადაცემების, ფილმების, სერიალების დამზადების მომსახურების შესყიდვაზე.
„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს, რომელიც პარლამენტმა მესამე მოსმენით დეკემბერში მიიღო, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 15 იანვარს ვეტო დაადო და მოტივირებული შენიშვნებით საკანონმდებლო ორგანოს დაუბრუნა. პრეზიდენტის შენიშვნები კომერციული რეკლამის განთავსებას და სახელმწიფო შესყიდვებს უკავშირდებოდა. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ სარეკლამო ბაზარზე საზოგადოებრივი მაუწყებლის შესვლა კერძო მაუწყებლებს დააზარალებს და უარყოფითად იმოქმედებს მედიამრავალფეროვნებაზე.
პარლამენტის მიერ მხარდაჭერილ კანონპროექტს ეწინააღმდეგებიან კერძო ტელეკომპანიები და არასამთავრობო ორგანიზაციები.