weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

„ქართული ოცნების“ ყოფილმა წევრებმა ბორჯომის საკრებულოს სასამართლოში უჩივლეს

16:50 ხუთშაბათი, 22 თებერვალი 2018
„ქართული ოცნების“ ყოფილმა წევრებმა ბორჯომის საკრებულოს სასამართლოში უჩივლეს ფოტო © „სამხრეთის კარიბჭე“

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებმა და ქართული ოცნების ყოფილმა წევრებმა საკრებულოს წინააღმდეგ სასამართლოში იჩივლეს. ისინი საკრებულოს იმ გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვენ, რომლითაც ორი ფრაქციის -„ქართული ოცნება – კონსერვატორების“ და „ქართული ოცნება – მრეწველების“ შექმნაზე უარი ეთქვათ.

„სამხრეთის კარიბჭის“ ინფორმაციით, სასამართლოში „ქართული ოცნების“ ის ყოფილი წევრები დავობენ, რომლებმაც ახალი ფრაქციების შექმნის მიზნით პარტია დატოვეს. ანდრო გედიაშვილი „კოსერვატორებში“ გადავიდა, ხოლო ივანე შალუტაშვილი და ოთარ არბოლიშვილი კი „მრეწველებში“.

საკრებულოს დეპუტატებმა დამატებით ორი ფრაქციის შექმნას მხარი არ დაუჭირეს. 18 იანვარს ჩატარებულ სხდომაზე საკრებულოს წევრმა „ლეიბორისტული პარტიიდან“ გიორგი გიუაშვილმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნება – კონსერვატორების“ და „ქართული ოცნება – მრეწველების“ შექმნა კანონს ეწინააღმდეგება და მათი შექმნის მიზანი დაფინანსების ხელში ჩაგდებაა.

„დაახლოებით 300 000 ლარი დაუჯდებოდა ამ ფრაქციების შენახვა ოთხი წლის განმავლობაში ბიუჯეტს და ამიტომ საკრებულოდან უარი მიიღეს“, – ციტირებს გიორგი გიუაშვილის კომენტარს „სამხრეთის კარიბჭე“.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის გიორგი გოგიჩაიშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დეპუტატებმა პარტია შეიცვალეს, ისინი არჩევნებში „ქართული ოცნებიდან“ მონაწილეობდნენ და საკრებულოს კანონი არ ავალდებულებს, ამ გზით შექმნილი ფრაქციები დაარეგისტრიროს.

„პარტია კი დავტოვეთ და მე მაგალითად „მრეწველებში“ ვარ, მაგრამ ჩვენ ყველა მაინც „ოცნების“ ერთიანი გუნდის წევრები ვართ. ეს საკითხი თავიდანვე ასე იყო დაგეგმილი და შეთახმებული, ამაში ახალი არაფერია“, – ამბობს ივანე შალუტაშვილი.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება – მრეწველები“ და „ქართული ოცნება – კონსერვატორები“ 64-ვე მუნიციპალიტეტშია რეგისტრირებული. „პრობლემა მხოლოდ ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარემ ზაზა ჩაჩანიძემ შექმნა. ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო. ფრაქციების შექმნაზე უარი კანონის გვერდის ავლით გვითხრეს, ამიტომ საკრებულოდან ყველა ოქმი გამოვითხოვეთ და სასამართლოში ვდაობთ“.

ბორჯომის საკრებულო ერთადერთი საკრებულოა საქართველოს მასშტაბით, სადაც უმრავლესობა ოპოზიციას აქვს. საკრებულოს 28 დეპუტატიდან 13 „ქართულ ოცნებას“, 15 კი ოპოზიციას წარმოადგენს. მათ შორის, 11 „პატრიოტთა ალიანსის“ წევრია, 2 – „ნაციონალური მოძრაობის“, 1–1 კი „ევროპული საქართველოს“ და „ლეიბორისტული პარტიის“ წევრები არიან.

ამ დროისთვის ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სამი ფრაქციაა რეგისტრირებული – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, „ბორჯომის პატრიოტები“ და „უკეთესი ბორჯომისთვის“.

SKnews.ge

სამცხე–ჯავახეთის ახალი ამბების პორტალი (www.sknews.ge), რომელსაც ააიპ „სამხრეთის კარიბჭე“ მართავს. „სამხრეთის კარიბჭე“ გამოსცემს ყოველკვირეულ ქართულ და სომხურენოვან გაზეთს და ამუშავებს რეგიონულ რადიოს, რომელიც მაუწყებლობს სიხშირეზე FM 97.5

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]