weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე - ხელფასების გაზრდას ხელს არ მოვაწერ

11:44 ხუთშაბათი, 01 მარტი 2018

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, ზაზა ჩაჩანიძის განცხადებით, 28 თებერვალს, გვიან საღამოს, საკრებულოს 17 წევრის მიერ ჩატარებული რიგგარეშე სხდომა და მიღებული გადაწყვეტილება მერიის თანამდებობის პირებისთვის ხელფასების გაზრდის თაობაზე, ლეგიტიმური არ არის. ჩაჩანიძის განცხადებით, სხდომის ოქმს ხელს არ მოაწერს, რიგგარეშე სხდომა კი სავარაუდოდ ერთ კვირაში გაიმართება.

„საკრებულოს წესდების მიხედვით ერთ დღეს ჩატარებული მეორე სხდომა ლეგიტიმური არ არის. ერთ კვირაში გაიმართება საკრებულოს სხდომა და საკითხს იქ დაუჭირონ მხარი. ოპოზიციის წარმომადგენელი ოთხი დეპუტატიდან, რომლებიც რიგგარეშე სხდომაზე მივიდნენ, მხოლოდ ერთია „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი. „ქართული ოცნების“ წევრები უფლებამოსილი არ არიან საკრებულოს თავმჯდომარე გადააყენონ. მე გეტყვით რას აპირებენ და დაფიქრდით ვინ აწყობს საბოტაჟს.

„აპირებენ გააჩერონ დასუფთავების მანქანები და საბავშვო ბაღები. საკრებულოს უმრავლესობა მერის, მისი მოადგილეებისა და სამსახურების უფროსების ხელფასების გაზრდის წინააღმდეგია. მათი მოთხოვნაა, რომ სამსახურის უფროსებს ხელფასი 450 ლარით გაეზარდოთ. ვთავაზობთ, რომ სამსახურის უფროსებმა ხელფასი 150 ლარით მოიმატონ, მერმა 200 ლარით ნაცვლად 900 ლარისა“.

მერიის თანამშრომლები ხელფასების არგაცემას ჩვენ გვაბრალებენ. ეს საკრებულოს ბრალი არ არის. ეს არის მერის ბრალი, რომელიც მოლაპარაკებაზე არ მოდის“, - განაცხადა ზაზა ჩაჩანიძემ.

ბორჯომის საკრებულოში გუშინ ორი სხდომა გაიმართა. პირველ სხდომაზე საკრებულოს უმრავლესობამ კვლავ უარი თქვა მერიის მიერ წარდგენილი საშტატო ნუსხისა და ხელფასების გაზრდილი ოდენობის საკითხის დამტკიცებაზე. საჯარო მოხელეებისთვის ხელფასების გაზრდას მხარი მხოლოდ „ქართული ოცნების“ წევრებმა დაუჭირეს, რომლებიც საკრებულოში უმცირესობაში არიან. საკრებულოს უარყოფითი გადაწყვეტილების შემდეგ საკრებულოს თავმჯდომარის სამუშაო ოთახთან მერიის თანამშრომლები შეიკრიბნენ და ზაზა ჩაჩანიძის გადადგომის მოთხოვნით აქცია გამართეს. ისინი ამბობდნენ, რომ იქამდე არ გაათავისუფლებდნენ შესასვლელს, ვიდრე საკრებულო ხელფასების საკითხს არ დააკმაყოფილებდა.

საკრებულოს წევრებს შორის ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა, რის შემდეგაც საკრებულოში პოლიცია გამოიძახეს. ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა, როცა ბორჯომის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია და „ევროპული საქართველოდან“ პარლამენტის წევრი სერგო რატიანი მივიდნენ. არცერთ მათგანს საკრებულოს სხდომათა დარბაზში არ უშვებდნენ, თუმცა მელიამ დარბაზში შესვლა მაინც მოახერხა.

სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ავთანდილ გალდავას განცხადებით, 28 თებერვალს, ბორჯომის საკრებულოში გამართული სხდომის დროს მომხდარ ინციდენტებზე პოლიციამ მყისიერი რეაგირება მოახდინა და გამოძიება 2 ფაქტზე დაიწყო:„მთელი დღის განმავლობაში ბორჯომის საკრებულოს შენობას და მასში შეკრებილი მოქალაქეების უსაფრთხოებას შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის და სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები იცავდნენ. სამართალდამცველებმა დროულად შეძლეს დაპირისპირებული მხარეების იზოლირება, რის შედეგადაც ინციდენტი მასობრივ დაპირისპირებაში არ გადაზრდილა. სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტში ბორჯომის საკრებულოში მომხდარ ძალადობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. საკრებულოს შენობაში, ასევე, მის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაპირისპირებული მხარეების უსაფრთხოებისა და ინციდენტის გამეორების პრევენციის მიზნით, პოლიცია მუშაობას გაძლიერებულ რეჟიმში აგრძელებს“.

გუშინვე, გვიან საღამოს საკრებულოს 17 წევრი შეიკრიბა. სხდომას ზაზა ჩაჩანიძის ნაცვლად მისი მოადგილე გიორგი გოგიჩიშვილი თავმჯდომარეობდა. მერიის საშტატო ნუსხას და ხელფასების გაზრდილ ოდენობას მხარი, დამსწრეთა უმრავლესობამ, 13-მა დეპუტატმა დაუჭირა.

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 26-ე მუხლის თანახმად, მუნიციპალიტეტის საკრებულო რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ, მოთხოვნის წარდგენიდან ერთი კვირის ვადაში მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იწვევს რიგგარეშე სხდომას. თუ მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ერთი კვირის ვადაში არ მოიწვევს რიგგარეშე სხდომას, მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია შეიკრიბოს.

ბორჯომის საკრებულო ერთადერთი საკრებულოა საქართველოს მასშტაბით, სადაც უმრავლესობა ოპოზიციას აქვს. საკრებულოს 28 დეპუტატიდან 13 „ქართულ ოცნებას“, 15 კი ოპოზიციას წარმოადგენს. მათ შორის, 11 „პატრიოტთა ალიანსის“ წევრია, 2 - „ნაციონალური მოძრაობის“, თითო-თითო კი „ევროპული საქართველოს“ და „ლეიბორისტული პარტიის“ წევრები არიან.„პატრიოტთა ალიანსის“ წევრია საკრებულოს თავმჯდომარეც.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]