weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ბორჯომში საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომის მოთხოვნით აქცია გაიმართა

20:48 ხუთშაბათი, 01 მარტი 2018

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის და არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირების თანამშრომლებმა, „ქართული ოცნებიდან“ საკრებულოს წევრებმა, საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან ზაზა ჩაჩანიძის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს. აქციაში ბორჯომის მერი ლევან ლიპარტიაც მონაწილეობდა. მისი მოთხოვნაა საკრებულომ რიგგარეშე სხდომა მოიწვიოს, მერიის მიერ წარდგენილი საშტატო ნუსხა დაამტკიცოს, რომ მუნიციპალურმა სამსახურებმა მუშაობის გაგრძელება შეძლონ.

„ამ აქციასთან დაკავშირებით ბორჯომის მერი არაფერ შუაშია. აქ არიან ადამიანები, რომლებიც კუთვნილ ხელფასს ვერ იღებენ. ჩვენი მოთხოვნაა, რომ ჩაინიშნოს საკრებულოს ხელახალი სხდომა, ერთხელ და სამუდამოდ გაირკვეს ყველა ის საკითხი, რაზეც პრობლემები არსებობს. წინა სხდომები ხელოვნურად ვარდებოდა. ჯერჯერობით აქციებს გავაგრძელებთ“, - განაცხადა ლევან ლიპარტიამ.

„ეს ადამიანი [ზაზა ჩაჩანიძე] არის ბორჯომის მტერი. თუ გვინდა, რომ ბორჯომმა იცხოვროს მშვიდად, გაგრძელდეს ყველანაირი პროექტი, რაც არის გაწერილი ბიუჯეტით და შესრულდეს ყველა ის დაპირება, რაც ხალხს მისცა მთავრობამ, ეს ადამიანი უნდა მოშორდეს ბორჯომს. ჩვენ არ ვმუშაობთ. ვართ ბოიკოტის რეჟიმში. აქციები გაგრძელდება, ვიდრე  ჩვენი მოთხოვნა არ შესრულდება - წავიდეს ზაზა ჩაჩანიძე და დამტკიცდეს ჩვენი საშტატო ნუსხა“, - განაცხადა მერიის თანამშრომელმა ლეილა ნოზაძემ.

„ზაზა ჩაჩანიძეა ის ადამიანი, ვინც ბორჯომს აფერხებს. ბორჯომში თუ განვითარება არ დაიწყება, ამას ჰქვია ერთი სახელი და გვარი - ზაზა ჩაჩანიძე. არა ზაზა ჩაჩანიძეს, არა ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარეს“, - მიმართა აქციაზე შეკრებილებს ბორჯომის საკრებულოს წევრმა ივანე შაუტაშვილმა.

ბორჯომის საკრებულო ერთადერთია საქართველოში, სადაც უმრავლესობა ოპოზიციას აქვს. „პატრიოტთა ალიანსის“ წევრია საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძეც. საკრებულოს უმრავლესობას მერიის და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები იმის გამო დაუპირისპირდნენ, რომ უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა მუნიციპალიტეტის მერისთვის ხელფასის 900 ლარით, ხოლო მერიის სამსახურების უფროსებისთვის 450 ლარით გაზრდას.

28 თებერვალს საკრებულოს წევრებს შორის ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა, რის შემდეგაც „ქართული ოცნების“ წევრებმა და მერიის თანამშრომლებმა ზაზა ჩაჩანიძის გადადგომა მოითხოვეს.

დღეს დილიდან ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მერიის შენობასთან შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 100-ზე მეტი თანამშრომელია მობილიზებული, პოლიციელები საკრებულოს თავმჯდომარეს და ოპოზიციონერ წევრებს შენობაში არ უშვებდნენ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს და ოპოზიციონერ წევრებს, საკრებულოს შენობაში დაპირისპირების და საფრთხის თავიდან აცილების მიზნით არ შეუშვეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]