weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

თიანეთის მერს ყოფილი თანამშრომლები პოლიტიკური ნიშნით დევნაში ადანაშაულებენ

13:26 ორშაბათი, 05 მარტი 2018

თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის ყოფილი წარმომადგენლები ზარიძეების, ტუშურების და სიონის ადმინისტრაციულ ერთეულებში, აცხადებენ, რომ მერმა, თამაზ მეჭიაურმა ისინი სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლა.

„მერის წარმომადგენლების პოზიციაზე კონკურსის შედეგად ვიყავით დანიშნული. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებული მერი თამაზ მეჭიაური, ჩვენ და ჩვენს სპეციალისტებს არ გვაღიარებდა თანამშრომლებად და სრულ იგნორირებას გვიკეთებდა. თითქმის ოთხი თვის განმავლობაში, რაც მერი მოვალეობის შესრულებას შეუდგა, არ ჩატარებულა არცერთი სამუშაო თათბირი. მხოლოდ ერთხელ გამოგვიძახეს ადმინისტრაციაში და იურისტის მეშვეობით გაგვაფრთხილეს მოსალოდნელი რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების შესახებ. ხოლო მეორედ 2018 წლის იანვრის ბოლოს, ჩვენს მიმართ დაწყებული დისციპლინური წარმოების შესახებ.

მთელი ზამთარი გაუსაძლის სამუშაო პირობებში გავატარეთ, რადგან მერიამ შეშით შეგნებულად არ მოგვამარაგა, არადა ბიუჯეტში ამისთვის 4900 ლარი იყო გათვალისწინებული. დილის 9:00-დან საღამოს 17:00 საათამდე ყინვაში გვიწევდა სამუშაო ადგილებზე ყოფნა, რადგან აუდიტის სამსახურის მეშვეობით, ხდებოდა სამსახურებში ყოფნის გაკონტროლება. სამსახურში არყოფნის შემთხვევაში, კი ამ ფაქტს სამსახურიდან გაშვების საბაბად გამოიყენებდნენ. ჩვენდამი ასეთი დისკრიმინაციული დამოკიდებულების მიზეზად, მერმა მასობრივი ინფორმაციის საშუალებით, დაასახელა ის ფაქტი, რომ ჩვენ პარტია „ქართული ოცნების“ აქტივისტები ვართ.

მერი ახდენდა ჩვენს სრულ იგნორირებას მაშინაც კი, როდესაც სახელმწიფო რესურსებით შეძენილი საახალწლო საჩუქრები მოსახლეობას გადასცა არა ჩვენი დახმარებით, არამედ საკუთარი პარტიის აქტივისტების მეშვეობით, რომელთაც არავითარი შეხება არა აქვთ საჯარო სამსახურთან.

ჩვენ გვიქმნიდნენ გაუსაძლის პირობებს, რათა ჩვენი ნებით დაგვეწერა განცხადებები და დაგვეტოვებინა სამსახური, რადგან სხვა მიზეზი, ჩვენი გათავისუფლებისა არ გააჩნდათ.

თამაზ მეჭიაურმა „კაპოტზე ქეიფი“ მისაბაძ საქციელად აქცია. მერი და მისი გუნდის წევრები მართლაც ლოთობენ და ამის მაგალითს სხვებსაც აძლევენ. სოფელ ზარიძეებში ე.წ. „ბირჟაზე“ მდგარი სასმლის მოყვარული საზოგადოება, ხშირად იღებენ მისგან (თბილისიდან სამსახურში მომავალისგან) სასმელს და საჭმელს (დასაყოლებელს) და სკოლისა და საბავშვო ბაღის წინ ხდება ეს ყოველივე, რითაც ახალგაზრდობას ძალიან ცუდ მაგალითს აძლევენ. ამ საქციელის დაგმობა კი ჩვენ სამსახურის დატოვების ფასად დაგვიჯდა.

განაწყენებულმა მერმა წარმომადგენლების მიმართ წამოიწყო დისციპლინური წარმოება, რომელიც პირველი დღიდან ბოლო დღემდე მიმდინარეობდა დარღვევებით. წარმოების დამთავრებამდე არც კი გაგვაცნეს საქმის მასალები. მიუხედავად თავისივე დანიშნული დისციპლინური კომისიის დადებითი დასკვნისა, (ხმათა უმრავლესობით 4/3 ზე), და იმ ფაქტისა, რომ წარდგენილი გადაცდომების არცერთი ფაქტი არ დადასტურდა, მერმა გამოიტანა არათანაზომიერი გადაწყვეტილება და გამთენიისას 04:00 საათზე გაგვათავისუფლა სამსახურიდან. ამის შესახებ კი სოციალური ქსელის პირდაპირი ეთერით გვამცნო. ჩვენს ადგილებზე კი იმავე დღეს დანიშნა საკუთარი პარტიული სიის წარმომადგენლები“, - ნათქვამია ნატო სუარიშვილის, გრიგოლ კახოშვილის და კახაბერ კუჭავას მიერ ერთობლივად გავრცელებულ განცხადებაში, რომლითაც მათ პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს და მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორს მიმართეს.

მათივე თქმით, თიანეთის მერმა მოადგილედ დანიშნა „ნაციონალური მოძრაობის“ თიანეთის ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი, 2009-2012 წლებში გამგებლის მოადგილე- თამაზ იარაჯული, რომელმაც თავის მხრივ იმ პერიოდის მაღალჩინოსნები დააბრუნა თანამდებობებზე.

თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის თამაზ მეჭიაურის განმარტებით, დისციპლინური წარმოების შედეგად კომისიამ დადებითი დასკვნა მერიის 7 თანამშრომელზე გასცა, თუმცა მერმა მხოლოდ სამი მათგანი გაათავისუფლა სამსახურიდან, ორს საყვედური მისცა, ორს კი გაფრთხილება. მეჭიაურის თქმით, ვაკანტურ ადგილებზე მან ახალგაზრდები დანიშნა, გათავისუფლებულ თანამშრომლებს კი შეუძლიათ სასამართლოს მიმართონ.

„რეგინფომ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიიდან საქმის მასალები გამოითხოვა და ვრცელ მასალას უახლოეს დღეებში შემოგთავაზებთ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]